რესპუბლიკური საავადმყოფო ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდა

საავადმყოფო

აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც ორი წლის განმავლობაში კოვიდკლინიკად ფუნქციონირებდა, დღეიდან, 10 მაისიდან, მოქალაქეებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს.

რესპუბლიკური საავადმყოფო პანდემიის დაწყებისთანავე კოვიდკლინიკად გადაკეთდა. ამ ხნის განმავლობაში, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქვეყნის მასშტაბით უმსხვილესი კოვიდმიმღები ცენტრი 340 საწოლით; ამ პერიოდში, საავადმყოფომ 10 000-ზე მეტ ინფიცირებულს გაუწია სამედიცინო მომსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 10 მაისიდან, რესპუბლიკური საავადმყოფო მიიღებს როგორც კოვიდპაციენტებს, ისე უზრუნველყოფს გადაუდებელი სამედიცინო, სტაციონარული თუ ამბულატორიული სერვისების მიწოდებას, მათ შორისაა გადაუდებელი მდგომარეობების მართვა, ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია, რეანიმაცია, ინსტრუმენტულ - ლაბორატორიული კვლევები, ამბულატორიული მომსახურება.

სამინისტროს ინფორმაციით, პოსტპანდემიურ რეალობას რესპუბლიკური საავადმყოფო რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურით, განახლებული, მაღალი კლასის სამედიცინო ტექნიკით ხვდება. კოვიდკლინიკიდან ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასაწყობად, ჩატარდა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური და ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
უახლოეს მომავალში, კლინიკის გაძლიერების მიზნით, საწოლფონდის 600 ერთეულამდე გაზრდა და სხვა სამედიცინო მიმართულებების დამატებაც იგეგმება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა და კლინიკის მმართველი რგოლი „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ პაციენტებზე ორიენტირებული გარემოს სრულყოფისათვის აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.