ჯუანშერ ბურჭულაძეს განესაზღვრა ხუთი წლის თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სამ წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის - პროკურორი

 ანა ლეკიაშვილი

ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება იმ საქმეზეც გაუფორმდა, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
ბურჭულაძეს, მის ცოლის ძმას ვასილ მხეიძეს და მის ყოფილ მოადგილეს გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდათ.

პროკურორი ანა ლეკიაშვილი აცხადებს, რომ მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.

„დამტკიცდა მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ჯუანშერ ბურჭულაძე, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ცნობილ იქნენ დამნაშავედ ბრალად წარდგენილ ქმედებებში.

ჯუანშერ ბურჭულაძეს განესაზღვრა ხუთი წლის თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სამ წელს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ორი წელი კი ჩაეთვალა პირობით, მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 000 ლარის სახით, ასევე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა ორი წლით, ასევე ჩამოერთვა დანაშაულის საგანი, ეს ეხება უშუალოდ ესპანეთში განთავსებულ სახლს და ასევე ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე სახლს და მასთან, მდებარე ავტოსადგომს და საზაფხულო ფართს.

რაც შეეხება ვასილ მხეიძეს და გიორგი ხაინდრავას, მათ განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლის და ორი თვის ვადით, საიდანაც ერთ წელს და ორ თვეს მოიხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში, სამი წელი ჩაეთვალათ პირობით, ორივე მათგანს ჯარიმის სახით განესაზღვრა 100 000 ლარი,"- აცხადებს პროკურორი.