რატომ უნდა ავიცრათ ცოფის შემთხვევაში და რა უნდა გავითვალისწინოთ ვაქცინაციის შემდეგ - სპეციალისტის რჩევა

ცოფი

ვაქცინოლოგი ნინუკა გოგიჩაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ქუჩის ძაღლმა ან ტყეში ცხოველმა უკბინა, ვაქცინაცია აუცილებელია.

ნინუკა გოგიჩაძე:

- ქუჩის ძაღლის ან ტყის ცხოველის კბენის შემთხვევაში, აუცილებელია აცრა. არ არსებობს შემთხვევა, როდესაც უარი უნდა თქვას აცრაზე. ცოფი არის ერთადერთი დაავადება, სადაც ასიდან ასივე შემთხვევა ცუდად მთავრდება და ადამიანები იღუპებიან. გარდა ამისა, გზა სიკვდილამდე არის საშინელი. ამიტომ, როდესაც ადამიანს ქუჩის ძაღლი უკბენს ან გაკაწრავს, აუცილებელია აცრა.

არ არსებობს არანაირი კვლევა და მტკიცებულება, რომ ცოფის ვაქცინით აცრის შემდეგ, ალკოჰოლის მიღება იწვევს გაურკვეველ სიმპტომებს. ჭარბი ალკოჰოლის მიღება, თრობა, ხშირად დალევა არ არის რეკომენდებული. თუ ადამიანს აქვს ალკოჰოლიზმი, ყოველდღე არის მთვრალი ან ნასვამი, ეს ნიშნავს, რომ მისი იმუნური სისტემა კარგად არ მუშაობს. ამიტომ თუ ადამიანს უკბენს ცოფით დაავადებული ძაღლი, მერე ეს ადამიანი აიცრება ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით, რომლის ფონზეც ორგანიზმმა უნდა გამოიმუშაოს ანტისხეულები, ამ შემთხვევაში შეიძლება ორგანიზმმა სათანადო ანტისხეულები ვერ გამოიმუშაოს. ამიტომ რეკომენდებულია, ალკოჰოლიზმით დაავადებულმა ადამიანმა აცრის შემდეგ დალევისგან თავი შეიკავოს.

ასევე აცრის დღეს, შეიძლება ადამიანს ცოტა სისუსტე ჰქონდეს, ამიტომ თუ თავს ასე გრძნობთ, არ არის საჭირო მიიღოთ ალკოჰოლი, რადგან სიმპტომებს ეს კიდევ უფრო გაამძაფრებს.