ბაქო–თბილისი–ბაქოს მიმართულებით მატარებლის ბილეთები იაფდება - დეტალები

მატარებელი

ხვალიდან ბაქო–თბილისი–ბაქოს მიმართულებით მატარებლის ბილეთები გაიაფდება, რეისების რაოდენობა კი გაიზრდება.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის რკინიგზა ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, საერთაშორისო მიმართულებით მგზავრთა მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მგზავრობის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, ბაქო–თბილისი–ბაქოს მარშრუტზე ყოველდღიურად 4 რეისი შესრულდება. შედეგად, მგზავრთა ადგილების რაოდენობა 386-დან 564-მდე გაიზრდება, რაც დაახლოებით 50%-იან ზრდას ნიშნავს.

დამატებითი რეისების დანიშვნით მგზავრებს უფრო ხელმისაწვდომ ფასად გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. კერძოდ, ახალ რეისებზე სტანდარტული კლასის ბილეთების ღირებულება 36 აზერბაიჯანული მანათიდან დაიწყება.

ახალი, დაბალბიუჯეტიანი შეთავაზების ფარგლებში მგზავრები 30%-ით იაფად შეძლებენ გადაადგილებას.

✕