1757450024
რა უნდა ვიცოდეთ ენდომეტრიოზის შესახებ -ჟორდანიას კლინიკა

ენდომეტრიოზი არის დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს შიდა ფენის - ენდომეტრიუმის მსგავსი ქსოვილი იწყებს ზრდას საშვილოსნოს საზღვრებს მიღმა. როგორც წესი, პათოლოგიური პროცესი მოიცავს საკვერცხეებს, ფალოპის მილებს, მცირე მენჯის ღრუს ორგანოებსა და მცირე მენჯის ღრუს ამომფენ ქსოვილს, თუმცა, იშვიათად, ენდომეტრიოზი შეიძლება გავრცელდეს მცირე მენჯის ღრუს მიღმა. ენდომეტრიოზი ჯანსაღ ქსოვილში იწვევს ნაწიბურების გაჩენას, შეხორცებებს და ფორმირდება ფიბროზული ქსოვილი, რაც შემდგომ მცირე მენჯის ღრუს ორგანოების სწორად ფუნქციონირებას უშლის ხელს. უნაყოფობა არის ენდომეტრიოზის ყველაზე ხშირი გართულება.
სიმპტომები
ენდომეტრიოზის ძირითადი სიმპტომია ტკივილი ლოკალიზებული მცირე მენჯის ღრუში, რომელიც განსაკუთრებით მწვავდება მენსტრუალურ ფაზაში. აღსანიშნავია, რომ ტკივილის სიმწვავე არ არის ენდომეტრიოზის სტადიის განმსაზღვრელი ფაქტორი.
● დისმენორეა - მტკივნეული მენსტრუაციები. ზოგჯერ აღინიშნება ტკივილი წელის ქვედა და მუცლის არეში;
● დისპარეუნია - ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს ან სქესობრივი კონტაქტის შემდეგ;
● ტკივილი ნაწლავთა მოქმედებისა და მოშარდვის დროს;
● ჭარბი სისხლდენა როგორც მენსტრუალურ ასევე მენსტრუაციათაშორის პერიოდში;
● უნაყოფობა. ენდომეტრიოზი ხშირად იწვევს ფალოპის მილების გაუვალობას და საკვერცხის ჯანსაღი ქსოვილის დაზიანებას, რომელიც ვეღარ აპროდუცირებს კვერცხუჯრედს. ასევე უნაყოფობის გამომწვევი შეიძლება იყოს რეპროდუქციული ორგანოების დისპოზიცია, რომელიც განპირობებულია ენდომეტრიოზით გამოწვეული შეხორცებებით მცირე მენჯის ღრუში.
● სხვა სიმპტომები მოიცავს: დიარეა, შეკრულობა, შებერილობა, გულისრევა, დაღლილობა, რომელიც განსაკუთრებით მწვავდება მენსტრუალურ პერიოდში.
გამომწვევი მიზეზები
ენდომეტრიოზის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს რამოდენიმე შესაძლო მექანიზმი, ასოცირებული ენდომეტრიოზის განვითარებასთან. ესენია:
● რეტროგრადული მენსტრუაცია, რაც გულისხმობს ენდომეტრიუმის ქსოვილის გავრცელებას ფალოპის მილების საშუალებით მცირე მენჯის ღრუში;
● პერიტონეალური უჯრედების ტრანსფორმაცია. მოიაზრება, რომ ჰორმონები და იმუნური ფაქტორები პერიტონეალურ უჯრედებს „გარდაქმნიან“ ენდომეტრიუმის მსგავს უჯრედებად;
● ემბრიონული უჯრედების ტრანსფორმაცია. მოიაზრება, რომ ჰორმონები, მაგალითად ესტროგენი გარდაქმნის ემბრიონულ (განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ) უჯრედებს ენდომეტრიუმის მსგავს უჯრედებად;
● ენდომეტრიუმის უჯრედების იმპლანტაცია ოპერაციის შემდგომ ნაწიბურში;
● ენდომეტრიუმის უჯრედების ტრანსპორტირება სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის სისტემის საშუალებით;
● იმუნური სისტემის პათოლოგია. მოიაზრება, რომ ენდომეტრიუმის მსგავსი ქსოვილის უჯრედები არ აღიქმება იმუნური სისტემის მიერ და არ ხდება მათი განადგურება.
რისკფაქტორები
● ორსულობისა და მშობიარობის არარსებობა ანამნეზში
● მენატრუალური ციკლის დაწყება ადრეულ ასაკში
● მენოპაუზის განვითარება გვიან ასაკში
● მოკლე მენსტრუალური ციკლი, ნაკლები 27 დღეზე
● ჭარბი მენსტრუალური გამონადენი, რომელიც გრძელდება 7 დღეზე მეტი
● ორგანიზმის გაჯერება ესტროგენის მაღალი დოზებით
● დაბალი სხეულის მასის ინდექსი
● ოჯახური ანამნეზი დატვირთული ენდომეტრიოზით
● რეპროდუქციული ორგანოების სხვა დაავადებები
გართულებები მოიცავს უნაყოფობასა და საკვერცხის ონკოლოგიის მომატებულ რისკს. არსებობს ენდომეტრიოზთან ასოცირებული ადენოკარცინომის განვითარების რისკიც.
ეფექტური მკურნალობის პრინციპია მკურნალობის დაწყება დაავადების ადრეულ სტადიაზე.
ჟორდანიას კლინიკაში დანერგილია ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.
ჟორდანიას კლინიკა
დაგვიკავშირდით: 2 99 08 53
მის : ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5