ნინო ნიჟარაძე მინისტრის საათის ფორმატში უმაღლეს საბჭოში წარდგა

ნინო ნიჟარაძე

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ,,მინისტრის საათის” ფარგლებში, აჭარის უმაღლეს საბჭოში სამინისტროს საქმიანობის ანგარიშით წარდგა.

,,აჭარის მთავრობის მიზანია მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი, სამინისტრო აფინანსებს თითქმის ყველა თანამედროვე სამედიცინო მომსახურებას, ფარავს თანაგადახდებს და უზრუნველყოფს დამატებით მხარდაჭერას, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები არ ვრცელდება”,- განაცხადა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

გასულ წელს სამინისტროს ბიუჯეტი 99.6%-ით შესრულდა, ხოლო 2026 წელს უწყების ფინანსური დოკუმენტი 8%-ით გაიზარდა და 87,5 მილიონ ლარს შეადგენს. სამინისტრო ჯამში 38 პროგრამას ახორციელებს, რომლითაც ბოლო ერთ წელში 125 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა.

დაინერგა და გაფართოვდა არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, მათ შორის: დაიწყო ფილტვის ტრანსპლანტაციის დაფინანსება, გულის სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაცია (TAVI), იშვიათი გენეტიკური დაავადებების მკურნალობა, პრენატალური სკრინინგი (NIPS), ოსტეოპოროზისა და ცელიაკიის სკრინინგი ბავშვებში. დაიწყო ლიპიდდამაქვეითებელი თერაპიის დაფინანსება, რთული ქცევის მოზარდთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ნარკოდამოკიდებული პაციენტების სტაციონარული მკურნალობის დაფინანსება - აღნიშნა მინისტრმა.

სამინისტროს პროგრამებით სარგებლობენ სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე მოქალაქეები. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები კი სამინისტროს პროგრამების პრიორიტეტული მოსარგებლეები არიან. ყოველწლიურად რეაბილიტაციის სხვადასხვა პროგრამით შშმ სტატუსის მქონე 7 000-მდე ბავშვი და ზრდასრული  სარგებლობს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარი გამოიყოფა. სამინისტრო ასევე გასცემს 28 სახეობის დამხმარე საშუალებას.

სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის ფარგლებში, სამინისტრო ახორციელებს უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამას. დაიბადა 68 ბავშვი, შვილს ელოდება 18 წყვილი. ფინანსური მხარდაჭერა გათვალისწინებულია ასევე ახალშობილი ტყუპების, 16 წლამდე ასაკის ბავშვების ოჯახებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობლებისთვის. პროგრამებით ყოველწლიურად 2 500-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს და წლის ბოლომდე ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.

აჭარის მთავრობის, სარეზერვო ფონდიდან 2025 - 2026 წლებში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისთვის 1 056 ოჯახს გამოეყო 11 მილიონ 665 981 ლარი. ხოლო სამედიცინო და სოციალური მიმართულებით 2 144 ბენეფიციარს გაეწია12 მილიონ 832 346 ლარის ღირებულების დახმარება.