1774378790
საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილის გიორგი ხაინდრავას და ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილის გიორგი ხაინდრავას და ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეები, მათ შორის, ბურჭულაძის ოჯახის წევრები იკითხებიან. ბურჭულაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.
საქმის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთეს ადვოკატმა და საქმის პროკურორმა.
ადვოკატი დიმიტრი ხაჩიძე: "რამდენიმე მოწმე დაიკითხება დღეს დაცვის მოწმეთა სიიდან, შესაძლოა თვითონაც მისცეს ჩვენება, - შევხედოთ, რამდენ ხანს გაგრძელდება, იმის მიხედვით. რამდენიმე პროცესში მორჩება დაცვის მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას. დაიკითხებიან მოწმეები და ვნახავთ, მოვისმენთ ჩვენებებს - ადასტურებენ მის უდანაშაულობას, როგორც ფულის გათეთრების ნაწილში, ისე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში."
პროკურორი, ანა ლეკიაშვილი: "დაცვის მხარე იწყებს საკუთარი მტკიცებულებების კვლევას, იმიტომ, რომ ბრალდების მხარემ დაასრულა - დაკითხა ყველა მოწმე და გამოიკვლია ყველა მტკიცებულება. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას - მოცემულ შემთხვევაში, იგივე მდგომარეობაა, რაც წინა პროცესებზე იყო. განსაზღვრული დრო არ არის გამოყოფილი დაცვის მხარისთვის, თუმცაღა აპრილის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს სისხლის სამართლის საქმე და პროცესებიც ასეთი გრაფიკით არის გაწერილი.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მტკიცებულებებს - ბრალდების მხარის მიერ დაკითხული ათეულობით მოწმით, გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის, უდავოდ მიჩნეული ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებებით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დადასტურდა ის კონკრეტული ქმედებები, რასაც ბრალდების მხარე თითოეულ ბრალდებულს - ოთხივე მათგანს ედავება".










