„გრიპის ვირუსი აბსოლუტურად მართვადი დაავადებაა, თუმცა არის გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც აუცილებელია“ - ეპიდემიოლოგი მაიკო კაშია

გრიპი

სეზონური გრიპის შემთხვევები ქვეყანაში ისევ მზარდია. ექიმები პიკს თვის ბოლოსთვის ელოდებიან, თუმცა ვირუსების გავრცელება მოსალოდნელია გვიან გაზაფხულამდე.

ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ, მკაცრად დაიცვან პირადი ჰიგიენა და მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, ასევე, ვირუსის სიმპტომებისას, დარჩნენ სახლში და ბავშვები არ გაუშვან სკოლებსა თუ ბაღებში. უმთავრეს რეკომენდაციად კვლავ რჩება ვაქცინაცია.

"გრიპის ვირუსი აბსოლუტურად მართვადი დაავადებაა, თუმცა არის გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც აუცილებელია, რათა გაწყდეს ინფექციის [გავრცელების] ჯაჭვი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს რეკომენდაციები საკმაოდ მარტივია - პირადი ჰიგიენა; ხელის ჰიგიენა; ხველის ეტიკეტის დაცვა... სასურველია, ზამთრის სეზონზე მოვერიდოთ დახურულ სივრცეებს, ხალხმრავალ ადგილებს, სადაც ვირუსული ინფექციების გავრცელების უფრო მეტი შანსია. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის საგანგაშო მდგომარეობა, ეს არის ჩვეული მდგომარეობა, რაც დამახასიათებელია ზამთრის სეზონისთვის, იგივე - გრიპის სეზონის ვირუსისთვის" , - აცხადებს ეპიდემიოლოგი მაიკო კაშია.