ექიმი მოსახლეობას აფრთხილებს - რას უნდა ველოდოთ კოვიდის მეშვიდე ტალღის შემთხვევაში

კორონავირუსი

საქართველო კორონავირუსის მეშვიდე ტალღისთვის ემზადება - ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო კვირის განმავლობაში გაორმაგდა. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი გაიზრდება. პანდემიის ხელახალი აფეთქების მთავარ მიზეზად სპეციალისტები ომიკრონის ახალ ქვეშტამს ასახელებენ.

როგორია ამ მომენტისთვის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში, გაზრდილია თუ არა მიმართვიანობა და უნდა ველოდოთ თუ არა, კვლავ კორონავირუსის ახალ ტალღას - სწორედ, ამ საკითხებზე „პრაიმთაიმი“ ექიმ-ინფექციონისტს ალექსანდრე გოგინავას ესაუბრა.

მისი თქმით, ჯერ რთულია იმაზე საუბარი, რაიმე განსხვავებული ახასიათებს თუ არა, „ომიკრონის“ ახალ ქვეშტამს.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, წინა კვირებს თუ შევადარებთ გაზრდილია, შეიძლება ითქვას, რომ გაორმაგებულია ახალი შემთხვევების რაოდენობა. მომატება ძირითადად, ომიკრონის ქვეშტამების ცირკულაციასთან არის დაკავშირებული. არა მხოლოდ საქართველოში, ბევრ ქვეყანაში მოიმატა. განსაკუთრებით ევროპის რეგიონში. 

რაც შეეხება მიმდინარეობას, ჯერ რთულია საუბარი რაიმე განსხვავებული ახასიათებს თუ არა, ახალ ქვეშტამს. მაგრამ, როგორც მონაცემები, ინფორმაცია გვაქვს მიმდინარეობა კლინიკური მსგავსია. ისე, როგორც ომიკრონის სხვა ქვეშტამების დროს. რაც შეეხება, სიმძიმეს დაავადების. ძირითადად, მაინც რისკის ქვეშ არიან ადამიანები ვისაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები აქვს ან არიან ასაკოვანები. ახალგაზრდებში მეტ-ნაკლებად მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად. ნაკლებად ახასიათებს გართულებები. ჯერჯერობით ასეთი ინფორმაცია გვაქვს. ამ ქვეშტამმა ცირკულირება რამდენიმე კვირაა, რაც დაიწყო. განმასხვავებელ მახასიათებლებზე საუბარი ცოტა ნაადრევია. დანარჩენი დინამიკაში გამოიკვეთება,“ - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

მისივე განმარტებით, შესაძლებელია ახალი ტალღა დაიწყოს.

„ახალი ტალღა შესაძლებელია, რომ დაიწყოს. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ძლიერი იქნება. თუ ჩვენ მოვახერხებთ მთავარს, რომ რისკგუფებს, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვთ, საზოგადოების ამ ნაწილს ვაქცინაციის პროცესს უფრო გავააქტიურებთ. ხოლო, მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი თუ დაიცავს ელემენტარულ რეკომენდაციებს შევძლებთ, რომ ახალი ტალღა მსუბუქად გადავიტანოთ. ასევე, ქვეყანაში არსებობს საკმაოდ ეფექტური ანტივირუსული მკურნალობა. ადამიანებს, ვისაც აქვთ მაღალი რისკი დაავადების პირველივე დღეებიდან შეეძლებათ ჩაერთონ ამ პრეპარატით მკურნალობაში და შეამცირონ რისკები მძიმე მიმდინარეობის. თუ ამ ადამიანების დაცვას მოვახერხებთ ვაქცინით, ჩვენ მსუბუქი ტალღა გვექნება,“ - განუცხადა „პრაიმთაიმს“ ალექსანდრე გოგინავამ.