ირლანდია ქვეყანაში გადასვლის მსურველებს $90 000-მდე გადაუხდის – ნახეთ დეტალები
1732719282
ანემია საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ბოლო მონაცემებით გლობალურად დაახლოებით 30-35%-ს აწუხებს. ზუსტი ციფრები დამოკიდებულია სხვადასხვა რასაზე, ეთნიკურ ჯგუფებზე და, რა თქმა უნდა, ასაკსა თუ სქესზე.
რა არის ანემია? რა სიმპტომებით გამოიხატება ის და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას? – ამ კითხვებით თოდუას კლინიკის ჰემატოლოგ ანა მაყაშვილს მივმართეთ.
რას წარმოადგენს ანემია?
კლინიკურ პრაქტიკაში ანემიის მქონე პაციენტის შეფასება ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს. მოდით, პირველ რიგში მოვახდინოთ სწორი დეფინიცია: ანემია განიმარტება, როგორც სისხლის საერთო ანალიზში სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების), ჰემოგლობინის კონცენტრაციის და ჰემატოკრიტის დაქვეითება- შემცირება. ნორმები განისაზღვრება ასაკის, სქესისა და სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით, როგორებიცაა თამბაქოს მოწევის სიხშირე, მაღალმთიან რეგიონში ცხოვრება, სხვადასხვა მედიკამენტის მოხმარება და ა.შ.
რა სიმპტომები ახასიათებს მას?
ანემიის სიმპტომები საკმაოდ მრავალფეროვანი და არასპეციფიკურია, ესენია: საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, ენერგიის მუდმივი ნაკლებობა, ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა, ზოგჯერ უჰაერობის შეგრძნება და ქოშინი მცირე ფიზიკურ დატვირთვაზე, გულისცემის აჩქარება (ტაქიკარდია), კანის სიფერმკრთალე. არც თუ ისე იშვიათია ასევე ქვემო კიდურებში სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნება.
მიზეზის ძებნის პროცესში პაციენტმა პირველად შეიძლება ოჯახის ექიმს ან სხვა სპეციალისტს მიმართოს, მაგალითად, ნევროლოგს ან კარდიოლოგს, რადგან ჩვენ მიერ ჩამოთვლილ სიმპტომებს რთულად უკავშირებენ ჰემატოლოგიურ პრობლემას – ანემიას. პაციენტის ჰემატოლოგთან გადამისამართება, როგორც წესი, სისხლის საერთო ანალიზში ანემიისთვის დამახასიათებელი ცვლილებების გამოვლენის შემდეგ ხდება.
რა იწვევს ანემიას?
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ანემია წარმოადგენს როგორც ცალკეულ ჰემატოლოგიურ დაავადებას, ისე სხვადასხვა დაავადებისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ სიმპტომს ან მათ ერთობლიობას. ამიტომ აუცილებელია ანემიის გამომწვევი ფაქტორების დადგენისას დავეყრდნოთ პაციენტის ჩივილებს და გამოვავლინოთ ფარული მიზეზები, რისთვისაც ვნიშნავთ სხვადასხვა გამოკვლევას. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი სამომავლო გართულებების თავიდან აცილება და მიზანმიმართული მკურნალობა. მკურნალობის მიზანი კი ანემიის სიმპტომებს გაუმჯობესება და, რაც მთავარია, ანემიის გამომწვევი კონკრეტული მიზეზის აღმოფხვრაა.
ანემიები განსხვავდება პათოგენეზით. ძირითადად, გამოყოფენ ანემიის შემდეგ ფორმებს: სისხლის დაკარგვის, ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედების) გაძლიერებული დაშლის (ჰემოლიზი) და ერითროციტების შემცირებული წარმოქმნის შედეგად განვითარებულ ანემიებს. ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს წარმოადგენს რკინის, ვიტამინ B12-სა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტი. ასევე გვხვდება თანდაყოლილი-მემკვიდრული ანემიის ტიპები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების თანმხლები ანემია და ა.შ.
როგორია ანემიის მკურნალობის მეთოდები ?
პირველ რიგში, დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ პაციენტის ფიზიკურ გასინჯვასა და მისი სამედიცინო ისტორიის დეტალურ შეფასებას, რადგან ანემიის ეტიოლოგიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის შერჩევის პროცესში.
ანემიას განსხვავებული მიზეზები აქვს ამბულატორიულ და სტაციონარულ პაციენტებში. შესაბამისად, უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა ფაქტორი, მაგალითად, ანემიის ხანდაზმულობა (მწვავე თუ ქრონიკული), სხვადასხვა ქრონიკული და ანთებითი დაავადების არსებობა, მედიკამენტების მოხმარება, კვება, ჩატარებული ბარიარტრიული ოპერაცია და ა.შ.
დაუშვებელია თვითმკურნალობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ანემიის ისეთი მძიმე გართულებები, როგორებიცაა ქსოვილოვანი ჰიპოქსია, ჰიპოტენზია, კორონარული და ფილტვისმიერი უკმარისობა. გაითვალისწინეთ, მკურნალობა მოითხოვს კვალიფიციური სპეციალისტის ან სპეციალისტთა გუნდის ჩართულობას.