"აბორტი 30-დან 35 ლარად აქციის ფარგლებში" - შოკისმომგვრელი შეთავაზებები აფთიაქებისგან, სადაც პრეპარატი რეცეპტით უნდა იყიდებოდეს

orsuli

"აბორტი 35 ლარად აქციის ფარგლებში" - ასეთ შეთავაზებას საქართველოში მოქმედი სააფთიაქო ქსელები იძლევიან. როგორც ერთ-ერთ ცნობილ ქსელში "პრაიმტაიმს" ექსპერიმენტისას აფთიაქის ცხელ ხაზზე, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელმა განუცხადა, ერთ კონკრეტულ პრეპარატს, რომელიც წესით, რეცეპტით იყიდება, მორიგე ფარმაცევტის დახმარებით ურეცეპტოდ შეძენას "მოგვიხერხებდა". 

"პრაიმტაიმი" მკითხველთა უსაფრთხოების გამო პრეპარატს, რომელიც მედიკამენტოზური აბორტის დროს გამოიყენება არ აკონკრეტებს. 

ჟურნალისტსა და აფთიაქის წარმომადგენელს შორის, სატელეფონო საუბრისას ასეთი დიალოგი შედგა:

 - ... ეს პრეპარატი თუ გაქვთ და რა ღირს?

- დიახ, თუ ჩვენი აფთიაქის დაგროვებითი ბარათი გაქვს, აქციის ფარგლებში, ფასდაკლებით 106 ლარი ღირს. თუ დაელოდებით და დამატებითი აქციის დღეს, მოხვალთ წამლის საყიდლად, მაშინ კიდევ უფრო იაფად, 20 პროცენტიანი ფასდაკლებით იყიდით.

- სად შევძლებ შეძენას და როგორ?

- ჩვეულებრივ შეიძენთ, რომელ უბანში გირჩევნიათ რომ მოგიძებნოთ?

- საბურთალოზე... და რეცეპტი არ მაქვს...

- დაგეხმარებათ ჩვენი ფარმაცევტი, ახლა რეცეპტურის ახალი წესები ამოქმედდა, მაგრამ რადგან არ გაქვთ, აფთიაქში დაგეხმარებიან და მოგიხერხებენ...

ამ თემაზე "პრაიმტაიმი" არასამთავრობო ორგანიზაცია ჰერა XXI-ს დამფუძნებელს და დირექტორს ნინო წულეისკირს ესაუბრა. 

როგორც ის ამბობს, კვლევა მედიკამენტოზური აბორტისთვის საჭირო ერთ-ერთ პრეპარატზე მისმა ორგანიზაციამაც გააკეთა, რეზულტატი ზუსტად იგივე იყო, რაც "პრაიმტაიმმა" მიიღო - წესით, რეცეპტით გასაცემი მედიკამენტი ურეპეცტოდ, უპრობლემოდ მიჰყიდეს. ამბობს, რომ ქალები და განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვინც თვითნებურ აბორტს მიმართავენ, საკუთარ ჯანმრთელობას დიდი რისკის ქვეშ აყენებენ. 

ნინო წულეისკირი ყველა კომპეტენტურ ორგანოს მოუწოდებს, კომპლექსური სამუშაო ჩატარდეს, სექსუალური განათლება ხელმისაწვდომი იყოს და ქალებმა ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურების მიღება შეძლონ. 

სისტემაში არსებული პრობლემების და დაბალი განათლების გამო განსაკუთრებულად რეგიონებში მცხოვრები ქალები აბორტის სხვადასხვა ე.წ. შინაურ მეთოდს მიმართავენ, რაც საკმაოდ შემაშფოთებელია და ხშირად, ჯანმრთელობის დაზიანების წინაპირობაა. 

ექსპერტის ცნობით, აბორტის რაოდენობა გაზრდილია, ტენდენცია იკვეთება, თუმცა ეს მედიკამენტოზურ თვითნებურ აბორტს ეხება, ამიტომაც სხვადასხვა ჩივილებით, ხშირად გადაუდებელი დახმარებისთვის მედიკოსებთან მიმართვიანობა გაზრდილია. 

"საგანგაშოა, რომ მედიკამენტოზურ აბორტს ქალები და ახალგაზრდები თვითნებურად ხშირად მიმართავენ, მათ არ აქვთ ინფორმაცია როგორ უნდა მოიხმარონ ესა თუ ის მედიკამენტი. ამიტომაც, მედიკოსებთან მიმართვიანობა ამის გამო შექმნილი ჯანმრთელობის პრობლემებით გაზრდილია. 

ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, როგორც მისტიკურმა კლიენტმა ერთ-ერთ აფთიაქში წესით რეცეპტით გასაცემი პრეპარატი აბორტისთვის ურეცეპტოდ შეიძინა, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. 

პრობლემას წარმოადგენს ის მანკიერებები, რაც რეცეპტებთან დაკავშირებით არსებული კანონის აღსრულებას ხელს უშლის, ესაა სისტემური პრობლემა - ექიმის არაეთიკური მიდგომა, ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურების ხელმიუწვდომლობა, სექსუალური განათლების დეფიციტი და ა.შ. 

ხშირად ქალებმა არ იციან, არასასურველი ორსულობის შეწყვეტის მიზნით ვის და რომელ კლინიკას მიმართონ, ამიტომ შედარებით მარტივ გზას მიმართავენ - მიდიან აფთიაქში და ისე ყიდულობენ ამა თუ იმ პრეპარატს, არც მიღების წესი იციან და არც შესაძლო გართულებების შესახებ აქვთ საკმარისი ინფორმაცია. 

ეს საკითხი ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ ტაბუირებულია, რადგან არსებობს კლიშეები, რაც ხელს უშლის სექსუალურ განათლებაზე ხმამაღალ საუბარს. 

წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენს დროში, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები ქალები ჯერ კიდევ აბორტის ე.წ. შინაურ მეთოდებს მიმართავენ?! კვლევებისას ფიქსირდება შემთხვევები, როცა ქალები არასასურველი ორსულობის შეწყვეტას ხტუნვით, სიმძიმის აწევით, სხვადასხვა ნახარშით და სხვა სახიფათო მეთოდებით ცდილობენ. რაც, რა თქმა უნდა, ცალსახად ჯანმრთელობის დაზიანებას იწვევს და არაფრით დაშვებული არაა. 

ასეთი შემთხვევები ცხადყოფს, რომ სახელმწიფოში არსებულმა ყველა კომპეტენტურმა ორგანომ კომპლექსური სამუშაო უნდა გასწიოს და აუცილებლად, უნდა იყოს ხელმისაწვდომი ხარისხიანი სერვისი.  არის ქვეყნები, სადაც მედიკამენტოზურ აბორტს სახლის პირობებში იკეთებენ, მაგრამ მათ აქვთ საკმარისი ცოდნა, იციან რისკებიც და გამოყენებაც. ჩვენთან კი, კვლავ ტაბუირებული თემაა და პრობლემა ჩვენს რეალობაში საკმაოდ აქტუალურია, რომელიც გადაჭრას მოითხოვს." - ამბობს ნინო წულეისკირი.