„მოსალოდნელია ძლიერი თოვლი და ქარბუქი“ - გაფრთხილება ამინდის შესახებ
1732734915
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ერთ-ერთ უბანში პატარა გოგოს, სულ რაღაც 12 წლის ნინოს ჯოჯოხეთი მოუწყვეს. ორი წლის განმავლობაში მას ყოველდღიურად ბაბუა აუპატიურებდა. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, თუმცა იყო კი არა, ახლაც ასეა.
მაშინ, როცა მისი თანატოლები სათამაშოებით ერთობოდნენ და ზაფხულის არდადეგების გასატარებლად კურორტებს არჩევდნენ, ნინოს მუქარის ქვეშ, ძალადობით, ბაბუის სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება უწევდა... პატარა გოგო 56 წლის კაცის მსხვერპლი გახდა. ამბობს, რომ მას ყოველდღე აუპატიურებდა, ქვიშის საათს ატრიალებდა და ქვიშის უკანასკნელი კრისტალის ჩამოვარდნამდე გოგონაზე ძალადობდა.
ახლა ის ერთ-ერთ თავშესაფარში იზრდება, მოძალადე ბაბუა კი ციხეში სასჯელს იხდის. მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმირებული იყო ბებია, მაგრამ ის დუმდა. როცა სამართალდამცველებს გოგონას დედამ დახმარებისთვის მიმართა, ბაბუას ბორკილები დაადეს და 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა, ნინოსთვის ეს დიდი შეღავათი არ არის, მას ალბათ, მთელი ცხოვრება გაჰყვება დაღად ის, რასაც უმწეო ბავშვი უძლებდა.
იყო ორსულობა, მედიკამენტური აბორტი, სასამართლოები, გამოკითხვები, მერე დედის ღალატიც, და ახლა ის გადარჩენისთვის იბრძვის... მოზარდი დუმილს „პრაიმთაიმთან“ არღვევს. ჩვენს საუბარს გოგონას ახლობელი, ორი სრულწლოვანი ესწრებოდა:
„12 წლის ვარ, მალე 13-ის გავხდები. ბებიასთან და ბაბუასთან თბილისში ვცხოვრობდი, დასთან ერთად. დედაჩემი მეორე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. სახლში დედაჩემის ბიძასთან და ბებიასთან და ჩემი აღმზრდელები ნამდვილი ბებია-ბაბუა არ იყვნენ, ისინი დედის ბებია და მისი ანუ ბებიის ძმა არიან. როცა მე და ან ჩემი და რამეს დავაშავებდით და ჩვენი ქცევა არ მოეწონებოდათ, დასჯის მიზნით ხან აბაზანაში გვკეტავდნენ, ხან - გვცემდნენ.
ჩემი და ერთ-ერთ წრეზე დადიოდა და ხშირად იქ იყო, მე კი სულ სახლში ვიყავი. როცა 9 წლის ვიყავი, დედა საცხოვრებლად ჩვენთან გადმოვიდა, მაგრამ სამსახურიდან დილას მოდიოდა, მთელი დღე ეძინა და საღამოს ისევ სამუშაოდ გადიოდა.
ზაფხული იყო, ივნისის თვე, მაშინ 9 წლის ვიყავი. იმ დღეს ბაბუამ შემომთავაზა გასეირნება ლისის ტბაზე. გამიხარდა და გავყევი, სკოლაშიც მას დავყავდი. მანამდე არაფერი შემინიშნავს. მოკლედ, პირველად მაშინ გამაუპატიურა, ხეები იყო, იქ ხალხი არ მოძრაობდა, წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ ვერ შევძელი თავის დაცვა. მემუქრებოდა, რომ არავისთვის არაფერი მეთქვა, ის მაშინ 56 წლის იყო. ყოველდღიურად მაუპატიურებდა, ასე გავიდა 1 წელი. ერთხელაც უარი ვუთხარი და დანა ყელზე დამადო...
ბებიამ ყველაფერი იცოდა და ხელს უწყობდა, არ მიცავდა. იმ კაცს როცა სექსუალური კავშირის დამყარება უნდოდა, ბებიას ოთახიდან უშვებდა ხოლმე და მერე... 1 წლის შემდეგ ჩემს დას ძლივს გავუმხილე ამის შესახებ. მან ჯერ არ დამიჯერა, მერე შეეშინდა, როცა დედა მოვიდა ყველაფერს მას მოუყვა. ძალიან მეშინოდა და არავინ იყო მშველელი. ის კაცი მოკვლით მემუქრებოდა. დედამ კი პოლიციაში განაცხადა და ის მალევე დააკავეს.
პოლიციამ გინეკოლოგთან წამიყვანა ექსპერტიზაზე და ორსულად აღმოვჩნდი. სასამართლოებზე მარტოს მიწევდა სიარული, არავინ დამყვებოდა. მოსამართლემ თქვა, რომ იმ კაცმა ბრალი აღიარა. მერე ორსულობის შესაწყვეტად 2 ტაბლეტი მომცეს და შეწყდა ორსულობაც...
ბებიასთან დედას ცხოვრება აღარ უნდოდა, დედა ეჩხუბებოდა სულ. მეცოდებოდა და მე მაინც მასთან ვცხოვრობდი...
ის კაცი ციხიდან წერილებს მწერდა, მსაყვედურობდა, რატომ თქვი, რაც ხდებოდა ჩვენ შორისო. იმასაც მწერდა, რომ გამოვიდოდა და ვნახავდი, რასაც მიზამდა. ერთხელ მეც მივწერე წერილი, მთელი ბავშვობა გამიფუჭე და არასოდეს გნახავ-მეთქი.
სასამართლომ ჩემს ოჯახს დაავალა ქონების გასხვისება და ჩემთვის ფულადი კომპენსაციის გადახდა, სახლი გაყიდეს, დედამ ფული აიღო და წაიღო. ჩემთვის არავის არაფერი მოუცია, დედას მშობლის უფლება ჩამოართვეს. მე არაფერი მომცეს, ეს საკითხი არ მაინტერესებს. მერე ერთ-ერთ თავშესაფარში მოვხვდი. ცოტა ხნის წინ სუიციდის მცდელობაც მქონდა, დავიღალე ამ მძიმე მდგომარეობით.
მამა არ ვიცი სად არის, არც მიცდია მისი მოძებნა, მე არ ვიცნობ... არც დედასთვის მიკითხავს მის შესახებ არაფერი... მხოლოდ ის ვიცი, რომ რუსეთშია“. - ამბობს ძალადობის მსხვერპლი მოზარდი.
საქმის სიმძიმის გამო, გარკვეული დეტალების გასაჯაროებისგან „პრაიმტაიმი“ თავს იკავებს. შეცვლილია რესპონდენტის სახელიც.