ვინ იყო ელისაბედ II-ის საყვარელი მცველი და მესაიდუმლე, რომელმაც დედოფლის გამო, პირადი ცხოვრებაც კი დათმო

ელისაბედის მცველი

2019 წლის ერთ-ერთ ღამეს ელისაბედ II-ს ბუკინგემის სასახლეში მშვიდად ეძინა, რა დროსაც უცნობმა მამაკაცმა რეზიდენციაში შესვლა მოახერხა.

ოსტატურად გადაძვრა ღობეზე, მცველებს დაუსხლტა და დედოფლის ოთახამდე მიაღწია. თუმცა, იქ შესვლა ვერ მოახერხა, რადგანაც კართან ელისაბედ II-ის ყველაზე ერთგული მცველი, პოლ უაიბრიუ იდგა. მან ბოროტმოქმედის შეჩერება შეძლო, იქამდე კი დაცვის სხვა თანამშრომლებიც გამოჩნდნენ და მამაკაცი დააკავეს. პოლი დედოფალს თითქმის 44 წლის განმავლობაში ემსახურებოდა და ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მან ელისაბედ მეორე გადაარჩინა. 1982 წელს სასახლეში მაიკლ ფაგანიც შევიდა და დედოფლის 
საძინებელს მიუახლოვდა. შემდეგ კი ბროლის საფერფლე გატეხა, ნამსხვრევი ხელში აიღო და დაიმუქრა, თუ მიუახლოვდებოდნენ, ხელს გადაიჭრიდა. ამ შემთხვევაშიც პოლმა მოახერხა სიტუაციის განმუხტვა.

ელისაბედ II სადაც არ უნდა წასულიყო, პოლიც იქ იყო. ის, ფაქტობრივად, აჩრდილივით დაჰყვებოდა დედოფალს. სხვა თანამშრომლებისგან მკვეთრად გამოირჩეოდა და ხალხში მისი შემჩნევაც ძალიან ადვილი იყო. ეს კი იმიტომ ხდებოდა, რომ მისი სიმაღლე 193 სმ-ია. სწორედ ამიტომ, მას "მაღალი პოლი" შეარქვეს. საინტერესოა ისიც, რომ 1990-იანი წლების დასაწყისში დედოფალს კიდევ ერთი მცველი ჰყავდა, სახელად პოლ ბურელი, რომელსაც სიმაღლის გამო "პატარა პოლს" ეძახდნენ.

პოლ კევინ უაიბრიუ 1959 წელს დაიბადა. საშუალო სკოლა ზღვისპირა ქალაქ კლაკტონ-ონ-სიში დაამთავრა, ამის შემდეგ კი სამხედრო სამსახურში შევიდა. 19 წლის ასაკიდან დედოფლის პირადი დაცვის წევრია. საკმაოდ რთულია იმ ყველაფრის ჩამოთვლა, რაც პოლის მოვალეობებში შედიოდა: ცნობილია მხოლოდ ის, რომ ის „აგვარებდა დედოფლის ყოველდღიური მოთხოვნილებების მნიშვნელოვან ნაწილს" და თან ახლდა მოგზაურობებში. პოლ უაიბრიუ ელისაბედ II-ის გვერდით იყო სიცოცხლის ბოლო საათებში, გაზაფხულის ბოლოს კი მასთან ერთად შოტლანდიაში, ბალმორალის ციხესიმაგრეში გადავიდა.

სამეფო ექსპერტი და მწერალი რიჩარდ კეი განმარტავს: "მაღალი პოლი არ იყო მხოლოდ მისი უდიდებულესობის მსახური, არამედ მეგობარიც და ელისაბედ II სწორედ მას ანდობდა ყველა მნიშვნელოვან საქმეს. მხოლოდ პოლს მისცა უფლება, მის გვერდით დამჯდარიყო, როცა პრინცმა ჰარიმ კალიფორნიიდან დაურეკა."

უაიბრიუსთან ერთად ის ტელევიზორში უყურებდა დოღს მაშინ, როცა საჯარო ღონისძიებებზე დასწრება აღარ შეეძლო და დროის უდიდეს ნაწილს საწოლში ატარებდა. როდესაც ექიმებმა დედოფალს ძლიერი ალკოჰოლის დალევა აუკრძალეს და აიძულეს, ჯინზე უარი ეთქვა, პოლმა ელისაბედ II-ისთვის ფრანგული კოქტეილი მოიფიქრა, რომელიც დედოფალს ძალიან მოეწონა და შეუყვარდა.

როდესაც დედოფალი პლატინის იუბილეს აღნიშნავდა, პოლი 44-წლიანი ერთგული მსახურებისთვის ვიქტორიანული სამეფო ორდენით დააჯილდოვა. ხოლო 10 წლის წინ მას კომფორტული ბინა უყიდა და გაარემონტებინა. თავიდან პოლი იმ ბინაში ცხოვრობდა, ხოლო როდესაც დედოფალი 80 წლის გახდა, უინძორების ციხესიმაგრეში გადავიდა და ელისაბედ II-ს გვერდიდან არ შორდებოდა.

წყარო: mshoblebi.ge