ვინ იყო 22 წლის ბიჭი, რომლის სხეულში 24 პიროვნება ცხოვრობდა - ერთადერთი შემთხვევა ფსიქიატრიის ისტორიაში

მილიგანი

პიროვნების გაორება საკმაოდ პოპულარულია კინემატოგრაფიასა და ლიტერატურაში, თუმცა რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ იშვიათი მდგომარეობაა  (ბოლო 90 წლის მანძილზე სულ დაფიქსირებულ იქნა მხოლოდ 200 შემთხვევა)

პირველად ამ სინდრომის შესახებ, ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი გახდა 1977 წელს , ოჰაიოს შტატის პატარა ქალაქში, სადაც ქალების გაუპატიურებისა და გაქურდვის  შემდეგ დაიჭირეს თავად დამნაშავე – უილიამ სტენლი მილიგანი.

გამოძიების დროს დადგენილ იქნა, რომ მის სხეულში, როგორც საერთო საცხოვრებელში რამდენიმე პიროვნება ცოცხლობდა…

ეს პიროვნებები განსხვავდებოდნენ წარმომავლობით, ასაკით, თვით სქესითაც, ნამდვილ ბილის კი უკვე ოთხი წელია ეძინა და მის სხეულს  სხვები აკონტროლებდნენ. სწორედ ბილი გახლდათ პირველი პიროვნება შტატებში ასეთი მძიმე და იშვიათი დიაგნოზით.

მილიგანის საქმემ მთელი ამერიკა მოიცვა და დიდი კამათი გამოიწვია. ვინ იყო იგი სინამდვილეში? – გენიალური მსახიობი, რომელიც დანაშაულის თავიდან არიდების მიზნით თამაშობდა თუ რეალური დაავადების მსხვერპლი. თუ ეს უკანასკნელი მართალი იყო, მაშინ რამ გამოიწვია მისი ცნობიერისა და ქვეცნობიერის გაფანტვა მრავალ ნაწილად? ამის შესახებ კამათი დღემდე მიმდინარეობს.

იმის შესახებ, რომ ბილის ციხე ელოდა ეჭვი არავის ეპარებოდა, თუმცა როდესაც მას ფსიქოლოგი გაესაუბრა ყველა ეჭვი განმტკიცებულ იქნა. პაციენტმა მასთან აღიარა, რომ იგი ბილი კიარა 8 წლის დევიდი იყო, მეორე დღეს იგი გაეცნო როგორც კრისტოფერი, მესამე დღეს კი როგორც ტომი და ასე ყოველ ჯერზე სახელთან ერთად იცვლებოდა ბილის ხმის ტემბრი, ხასიათი და აქცენტი.

პიროვნების გაორება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, არის შემთხვევა, როდესაც ადამიანი საკუთარ თავში მოიცავს ორ ან მეტ პიროვნებას. მეცნიერული თეორიის მიხედვით, ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს არანაკლებ სამი პიროვნება – ბავშვი, მოზრდილი და მშობელი. ისინი გარკვეული ასაკის მიღწევისას ენაცვლებიან ერთმანეთს თუ რა თქმა უნდა არ იქნა დარღვეული განვითარების ჰარმონიული ეტაპები. ჯანმრთელი ადამიანი ვერ ამჩნევს თავის თავში სხვების არსებობას და ადვილად აჰყავს კონტროლის ქვეშ. ასეთი გახლდათ იმდროინდელი ფსიქოლოგიური დოქტრინა თუ რა დაემართა ბილის კი ამის შესახებ ვერაფერს ამბობდა თავად შტატის საუკეთესო ფსიქოლოგი – ჯორჯ ჰარდინგი.

რამდენი პიროვნება ცხოვრობდა მილიგანში? თავიდან ექიმებმა შეძლეს 10 მათგანის იდენტიფიკაცია, შემდეგ კი კიდევ 14  გაიცნეს. მათში ყველაზე უფროსი იყო 23 წლის რეიჯენი, უმცროსი კი სამი წლის ქრისტინა. ყოველი მათგანი აბსოლუტურად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ზოგი მათგანი ეწეოდა, ზოგი კი ფიზიკურად ვერ იტანდა თამბაქოს სუნს. ზოგს არ შეეძლო ცუდის ჩადენა, ზოგი კი არაადამიანურ ძალას ფლობდა , განსხვავდებოდა ინტელექტის დონითა და ქცევით. ზოგი ლაპარაკობდა რამდენიმე უცხო ენაზე, თუმცა თავად ბილის არასოდეს უსწავლია ისინი. ერთ-რთი მათგანი ალენი კი ხატვის ნიჭითაც გამოირჩეოდა სწორედ მან დახატა ბილის სხეულში მყოფი ხალხის პირტრეტები.

ატყდა დიდი ალიაქოთი და ხალხიც ინტერესით მიაწყდა გამოუცნობ ფენომენს. ბილისაგან ინტერვიუს აღებაზე ბევრი ოცნებობდა, მაგრამ იგი მთლიანად მიენდო მხოლოდ ერთადერთ ადამიანს, ეს იყო დენიელ კიზი. კიზი გახდა მისი მეგობარი და დამხმარე, საბოლოოდ კი პაციენტის შესახებ მსხვილტანიანი ნაწარმოებიც დაწერა. (ბილი მილიგანის უამრავი გონება)

ავტორთან ერთად, გამოჩნდა ხალხი რომელსაც ბილი ეცოდებოდა და უთანაგრძნობდა, მაგრამ უდიდეს ნაწილს მაინც არ სჯეროდა ექიმების დიაგნოზის და მას საუკეთესო არტისტად თვლიდნენ. თავად კლინიკის ექთნებიც ამ აზრზე იყვნენ, თუმცა ნელნელა ყველა რწმუნდებოდა იმაში, რომ თამაშს ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. ბილის შეეძლო სულ რაღაც წამებში  გამხდარიყო სხვა პიროვნება. ერთ წუთს იგი იყო შეშინებული საბრალო ბავშვი , მეორე წუთს კი საზარელი ადამიანი რომელიც აქეთ ჰგვრიდა ექიმებს შიშს. ყოველი გარდასახვა მიმდინარეობდა საოცარი სისწრაფით. ამის გაკეთება კი ყველასათვის შეუძლებელია.

საერთოდ სიმულაცია, როგორც ასეთი საკმაოდ გავრცელებული ფარია დამნაშავეებში, თუმცა ამ შემთხვევაში არა, რადგანაც იგი ხორციელდება და იდგმება რაციონალურად, იმ მიზეზით რომ სიმულიანტმა რაღაც სარგებელი მიიღოს, მილიგანი კი პირიქით არათუ სარგებელს, არამედ უარეს შედეგებს იღებდა. იგი ხდებოდა არა მხოლოდ ასოციალური, არამედ საშიშიც კი სხვების სიცოცხლისათვის.

ექიმები რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ოცდებოდნენ შემდეგი ფაქტების დადასტურებისას: თავად ბილი იყო ცაცია, თუმცა ერთ-ერთი მისი პიროვნებათაგანი მემარჯვენე. ასევე რეიჯენი, ყველა დანარჩენისაგან განსხვავებით იყო დალტონიკი. ანუ პიროვნებები განსხვავდებოდნენ არა მხოლოდ ფსიქოტიპის მიხედვით, არამედ ფიზიოლოგიითაც.

მილიგანის ყველა პიროვნება იყოფოდა კარგ და ცუდ კატეგორიებად, მათ იცოდნენ ერთმანეთის თანაარსებობის შესახებ და ბილის გონებაში ერთი დიდი ოჯახივით თანაცხოვრობდნენ. რა თქმა უნდა როგორც ჩვეულებრივ აქაც იყვნენ ოჯახის უფროსები – არტური და რეიჯენი.

არტური – იგი იყო 22 წლის ინგლისელი მოაზროვნე, სრულიად გაწონასწორებული, იგი ძირითადად დომინირებდა უსაფრთხო სიტუაციებში.

რეიჯენი – 23 წლის იუგოსლავი, ფლობდა იარაღს, იყო კარატეს სპეციალისტი და საკუთარ თავს ბილის დამცველად მიიჩნევდა. ძირითადად დომინირებდა საფრთხის დროს.

როგორც ზემოთხსენებული პიროვნებები ფსიქოლოგებს უამბობდნენ მათი თანაარსებობა გავდა ერთ ბნელ ოთახში მოქცეულ ოჯახს, ოთახის შუაგულში კი ერთი საოცარი სიკაშკაშით განათებული წერტილი მოეთავსებინათ, ისინი საკუთარი ჯერის მოსვლისას დგებოდნენ იქ და სწორედ ასე აკონტროლებდნენ ბილის სხეულს.

ნორმალური განვითარება წესით ხდება პიროვნების სრული ფორმირებით, პიროვნება კი პირველ რიგში თვითკონტროლია, ეს უკანასკნელი კი როგორც არისტოტელე ამბობდა ახდენს ცენტრალიზებას და ერთობას. ჩვენი ფსიქიკა,კი ნებისმიერ სიტუაციაში მიილტვის თვითორგანიზაციისაკენ.

გიჟი… ასე უწოდებდა ბილის ხალხი, და შესაძლოა თქვენც ასე მონათლოთ, თუმცა აქ დიდ წინააღმდეგობას ვაწყდებით. მოდით კარგად გავიაზროთ ამ ფენომენის მნიშვნელობა.

გიჟი არის არაკომპეტენტური ადამიანი, რომელმაც გადაიტანა ფსიქოზი, არის სხვა სამყაროში და არ უწყობს ფეხს რეალობას. პიროვნების გაორებისას კი რეალობა ყოველთვის ნათლადაა ადამიანის მიერ აღქმული, რომელი პიროვნებაც არ უნდა აკონტროლებდეს სხეულს, იგი რეალურად არსებობს, ანუ საკმაოდ სოციალური ქცევაც გააჩნია.

საბოლოოდ ფსიქოლოგებმა შესძლეს არტურის და რეიჯენის თანხმობა ბილის გამოღვიძებაზე და ერთ მშვენიერ დილასაც სხეულის ნამდვილი პატრონი გონს მოეგო – “ღმერთო ჩემო! მეგონა რომ მოვკვდი“ ეს სიტყვები წარმოსთქვა მილიგანმა გამოღვიძების შემდეგ 1978 წლის 12 მარტს. იგი საკმაოდ შეშინებული ჩანდა , ერთიანად ცახცახებდა ფსიქოლოგების კითხვებზე კი მხოლოდ ერთი პასუხი ჰქონდა „ მამა ჩელი მომკლავს თუ ხმას ამოვიღებ“

ექიმები ფაქტობრივად მიუახლოვდნენ იმ საშინელ საიდუმლოს, რამაც ბილი აიძულა დაეძინა ხოლო მისი ადგილი სხვებს დაეკავებინათ.

თურმე, ბილის დედა დოროტი მური მეორეჯერ გათხოვილა ჩელმერ მილიგანზე. ქალი იმედოვნებდა რომ მამინაცვალი შვილობილს კარგად მოექცეოდა და მათ სოციალურ სტატუსსაც აიმაღლებდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა იგი სასტიკად ცდებოდა. მამინაცვალი ცოლს ხშირად სცემდა, ბავშვს კი 9 წლის ბილის აუპატიურებდა მიყრუებულ ფერმაში, თან ატერორებდა და აშინებდა რათა არც დედისათვის ეამბნა არაფერი. ერთ დღეს თურმე ბავშვი ცოცხლად დაუმარხავს და თან მხოლოდ ერთი მილაკი ჩაუტანებია სასუნთქად. ლამის გაგუდულ ბავშვს კი ერთადერთი ჰაერის ყლუპიც წაართვა და მილაკზე მოშარდა.

ამერიკა შოკში ჩავარდა. ყველა უკლებლივ სალანძღავი სიტყვებით ავსებდა მამობილს რომელიც ახალ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და თან ბილის ბრალდებებსაც უარყოფდა.

ფსიქოლოგებმა საბოლოოდ ამოისუნთქეს, მათ შესძლეს იმის გამოკვლევა თუ რატომ დაავადდა ბილი. მათ ეს სინდრომი ფროიდის ცნობილ თეორიას დაუკავშირეს. ამის მიხედვით, ადამიანზე ძალადობის მომენტში ამუშავდა ორგანიზმის დამცავი რეფლექსები, საბრალო ბიჭი აეფარა განსხვავებული პიროვნების სახით გამოგონილ დამცველს. სწორედ ასე გაექცა სულიერ ტკივილს და რეალობას მოსწყდა.

ბილი თავის მემუარებში წერს : „როდესაც ძალადობა ისევ განმეორდა მე უბრალოდ თვალები დავხუჭე და წავედი. მალევე გამოჩნდა დევიდიც, რომელმაც ტკივილი საკუთარ თავზე გადაიტანა“ ფსიქოლოგების აზრით, ბილიმ ყველა პიროვნება იდეალად შეიქმნა, ანუ გარდაისახა იმ ადამიანად რომელიც უნდოდა რომ თავად ყოფილიყო. არცერთი პიროვნება არ გაჩენილა მის გონებაში შმთხვევით. მაგალითად რეიჯენი გამოჩნდა იმისთვის რომ დაეცვა, ჯეისონი რომ ტკივილნარევი გრძნობა დაეძლია, არტური რათა საშინაო დავალებებში დახმარებოდა. თუ მაგალითად ბილის არ უყვარდა ვთქვათ ჭურჭლის დარეცხვა, გამოიგონა ის ვინც ამას სიამოვნებით გააკეთებდა და ა.შ

ფსიქოლოგები ასევე დააფიქრა იმ ფაქტმა, რომ ბილის პიროვნებათა კრებული ზედმიწევნით ასახავდა იმდროინდელი ამერიკის მოსახლეობის პროტორიპს.

კიზი თავის ნაშრომში ერთის მხრივ ამბობს, რომ იზიარებსფსიქოლოგების ასეთ ახსნას, თუმცა ამასთანავე სვამს იმ კითხვებს, რომლებიც ანგრევენ ამგვარ ანალიზს. თუ ეს დაავადება ძალადობის შედეგი იყო მაშინ რატომ არსებობდა რამდენიმე მათგანი მამინაცვლის გამოჩენამდეც?

მაგალითად პირველი პიროვნება – ქრისტინაგამოჩნდა მაშინ, როდესაც ბილი 3 წლის იყო, მეგობარი არ ყავდა და რათა მარტოს არ ეთამაშა თანატოლიც გაიჩინა, ოღონდ ირეალური.

ამ ვერსიით გამოდიეოდა, რომ ძალადობა არ იყო ამ მდგომარეობის ერთადერთი მიზეზი. არამედ იგი დაემატა სხვადასხვა ბავშვობისდროინდელ სტრესებს.

ამ შემთხვევაში ფროიდი და მისი ფსიქოანალიზი უძლური აღმოჩნდა…

დღესდღობით მკვლევარები ერთხმად ამბობენ, რომ მხოლოდ სტრესი ვერაფერს გახდება ფსიქიკასთან თუ ადამიანს არ აქვს ამისი ბიოლოგიური ნიადაგი, ანუ თუ პიროვნება არ ატარებს შესაბამის გენს. ეს კი გამოწვეულია ნეირობილოგიური ან ფიზიკური გადახრებით.

ამ საკითხის განხილვასთან ერთად პიველად გაჩნდა შმდეგი კითხვაც : რატომ გახდა ძალადობის მსხვერპლი ბილი თავადაც მოძალადე და რომელი იყო მის პიროვნებებში დანაშაულისკენ მიდრეკილი?

ფსიქოლოგები დიდხანს იმტვრევდნენ თავს ამაზე ფიქრით. თუმცა დიდი იყო მათი გაოცება, როდესაც გაირკა რომ მოძალადე 24 პიროვნებას შორის იყო მხოლოდ ერთი და ყველაზე სუსტი, ჩუმი და თითქოს უწყინარი ქალი ადალანა.

დამკვირვებლების დასკვნით, ძალადობის მსხვერპლში დიდი შანსებით ჩნდება პიროვნება, რომელიც თავად მიდრეკილია ამგვარი ჩაგვრისაკენ. ბილიმ თავადაც არ იცოდა, რომ მასში მკვლელი ცხოვრობდა. მაშინ როდესაც მის სხეულზე კონტროლს სხვა პიროვნება იღებდა, იგი იძინებდა და არც კი იცოდა რას სჩადიოდა ამ დროის მანძილზე. გამოღვიძებული კი სხვა ადგილას, სულ სხვა ტანსაცმელში აღმოჩნდებოდა ხოლმე. მთელი ეს პერიოდი კი ბილის ეგონა, რომ ამნეზია სჭირდა. დადგა ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საკითხი როგორ დახმარებოდნენ ბილის და როგორ გაეერთიანებინათ მისი დაფანტული სული?

ფროიდი და მისი თეორია არც აქ გამოდგა დიდი დამხმარე. ამ მკურნალობის მიხედვით, იმისათვის რომ პაციენტი განიკურნოს, მან უნდა გააცნობიეროს ბავშვობისდროინდელი ტრავმა და შეურიგდეს მას. ამ შემთხვევაში კი იყო სრულიად საპირისპირო სიტუაცია. ბილიმ მშვენივრად იცოდა რა გადახდა თავს, თუმცა პიროვნებები მასში არსებობას განაგრძობდნენ.

ამიტომაც ექიმებმა მიმართეს განსხვავებულ ფსიქოსინთეზის თეორიას, რომლის მიხედვითაც ბილის ყური უნდა დაეგდო მასში არსებული ხალხისათვის, არ უკუეგდო ისინი, შეესწავლა და მათი არსებობა ეღიარებინა.

დამეგობრება იმასთან ვისიც ძლიერ გეშინია და ამასთანავე თავად შენ ხარ – ბილის ეს სიგიჟე ეგონა, მაგრამ ნელ-ნელა გააცნობიერა, რომ მის შიგნით მცხოვრებნი არა დემონები არამედ მისი დამცველები იყვნენ.

ბილის ისეთივე საშინელი სიტუაცია ჰქონდა სკოლაში როგორიც სახლში. უფროსები ამცირებდნენ, ხოლო კლასელები სასაცილოდ იგდებდნენ. ერთხელაც როცა გოგონებმა შეურაცჰყოფა მიაყენეს მან თავის მოკვლა სცადა და სკოლის სახურავზე ავიდა. კლასში კი წერილი დატოვა „ნახვამდის, ბოდიში მაგრამ მეტს ვეღარ ვუძლებ“

როდესაც საბრალო ბილი სახურავის კიდეზე იდგა რეიჯენი მოეგო გონს ბილი დაჯაბნა და სხეულზე მართვა ითავა. ამის შემდეგ  ბილი წლების განმავლობაში დაძინებული იყო სხვები კი მის კონტროლს განაგრძნობდნენ. თუმცა მის თავში გაჩნდნენ არასასურველი პიროვნებებიც, ისინი ვაჭრობდნენ ნარკოტიკით, იღებდნენ მონაწილეობას არალეგალურ საქმეებში ამიტომაც დომინანტებმა გადაწყვიტეს გონებაში წესრიგის დამყარება. გაყარეს არასასურველი კანდიდატები თავად კი მორიგდნენ რიგრიგობით ემართათ სხეული. თუმცა მათ ცუდი კანდიდატებიდან ყველა ვერ წაშალეს. სწორედ ასე სხვებისაგან უჩუმრად ჩადიოდა მკვლელობას ადალანა, სხვებს კი მასზე ეჭვი არც ჰქონდათ. დიახ მკითხველო ბილის თავში კრისტის დეტექტივებისდაგვარად ხდებოდა მოქმედება.

როდესაც ბილიმ ყველაფერი გააანალიზა მან ამოიგმინა : „მე პოლიციამ კი არ დამაკავა, არამედ გადამარჩინა!“

1978 წელს, სასამართლო პროცესზე ბილი გაამართლეს და სამუდამოდ მიუსაჯეს ფსიქიატრიულში ცხოვრება ექიმების ზედამხედველობის ქვეშ, სადაც საბოლოოდ სულიც განუტევა.

ასე დამთავრდა მილიგანის საიდუმლოებებითა და გასაოცარი შემთხვევებით აღსავსე მტანჯველი ცხოვრება. მან სამუდამო სიმშვიდე მოიპოვა და ვინ იცის იქნებ იქაურ სამყაროშიც მარტო კი არა მისი გონების განსხვავებულ ნაწილებთან ერთად აგრძელებს სულიერ არსებობას.

ეს ამბავი დასრულდა, თუმცა დავიწყებას არ მიეცა და დღემდე იქცევს მკვლევარებისა და ფსიქოლოგების ყურადღებას.

ვინ იყო იგი სინამდვილეში? შიზოფრენიკი, გიჟი თუ ერთგვარი ფენომენი ფსიქოლოგიის ისტორიაში. პასუხი ამ სიტყვაზე არც დღეს მოიპოვება. თუმცა იქნებ ბილი მხოლოდ შეხსენება იყო ადამიანებისთვის იმის შესახებ თუ რა ფაქიზია ჩვენი ფსიქიკა და ამავე დროს რა დიდებულია მისი შინაგანი შესაძლებლობები, რომელთა შესახებაც ჩვენ თითქმის არაფერი არ ვიცით…