დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გაიოზ ფესტვენიძე მამა თეოფილეს მორჩილი იყო და ბერობისთვის ემზადებოდა. მამა თეოფილე კი თბილისის ერთ-ერთ პატარა ეკლესიას წინამძღვრობდა. ერთ კვირა დილით გაიოზი უთენია მივიდა ეკლესიაში, რომ დილის წირვისთვის მოემზადებინა ყველაფერი, რაც საჭირო იყო. მამაოს პატარა ოთახს მიადგა, რომ მისთვის ეკლესიის გასაღები გამოერთმია, მაგრამ მოძღვარი მკვდარი დახვდა.
მორჩილმა მილიცია გამოიძახა. შემთხვევის ადგილზე მისულმა საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინა, რომ მოძღვარი მოკლული იყო. ექსპერტ-კრიმინალისტების დასკვნით, მამა თეოფილე თავში მძიმე შანდლის ორჯერ ჩარტყმის გამო გარდაიცვალა. იქვე აღმოაჩინეს მკვლელობის იარაღიც და ექსპერტიზაზე გაგზავნეს. 50 წლის მოძღვარი ეკლესიის ეზოშივე დაკრძალეს. საქმეს კი პროკურატურა იძიებდა და მას სათავეში ედგა განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი ანა ისაკაძე, რომელიც კოლეგებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
მეტსახელად „ბაჯაღლო“
38 წლის ანა ისაკაძე ყოველთვის საფუძვლიანად, კომპლექსურად და თანამიმდევრულად იძიებდა საქმეებს. ამ მკვლელობის საქმესაც ჩვეული პროფესიონალიზმით მიუდგა და პირველ რიგში, მამა თეოფილეს პიროვნების შესწავლა დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, მოკლული მოძღვარი მარტოხელა იყო და ცოლ-შვილი არ ჰყავდა. არც საკუთარი ბინა გააჩნდა და ეკლესიის ეზოში, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა. დანაშაულის სურათი ისე გამოიყურებოდა, რომ ძალიან ჰგავდა ძარცვის მცდელობას, თუმცა, არც ეკლესია იყო გატეხილი და არც ოთახიდან წაეღოთ რაიმე, რაც მორჩილმა გაიოზ ფესტვენიძემაც დაადასტურა. ხელჩასაჭიდი თითქმის არაფერი ჩანდა. მაშინ, ანამ მიცვალებულის პასპორტის ფოტოსურათი შინაგან საქმეთა სამინისტროს კარტოთეკაში გაგზავნა, მაგრამ იქ არაფერი აღმოჩნდა. ამის შემდეგ მან ფოტო უკვე მოსკოვის ცენტრალურ კარტოთეკაში გადაგზავნა და სამი დღის შემდეგ პასუხიც მიიღო. იქ ეწერა: „სურათზე აღბეჭდილია 50 წლის ვიტალი პუზაჩი. დაბადებული მოსკოვში. ნასამართლევი ყაჩაღობისთვის და ციხეში 13 წელი ჰქონდა გატარებული. იქვე აღნიშნული იყო მეტსახელი „ბაჯაღლო“.
ძებნილი
ვიტალი პუზაჩს ივანე ფროლოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტი ჰქონდა. როგორც გაირკვა, პუზაჩი უკვე 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა რუსეთის ერთ-ერთი ეკლესიის გაძარცვის გამო. მასთან ერთად იმ საქმეში ანტონ ბუკოვსკი ფიგურირებდა, რომელსაც 10 წელი ჰქონდა მისჯილი. პუზაჩს კი, დაუსწრებლად – 12 წელი. ეკლესიიდან ბოროტმოქმედებმა ძვირფასი თვლებით მოჭედილი უნიკალური ხატები წაიღეს, რომელთა ფასი, ექსპერტების შეფასებით, მილიონ მანეთს აღწევდა. როგორც მაშინ ბუკოვსკიმ აღიარა, „ტავარი“ პუზაჩმა წაიღო, მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. მილიცია „ბაჯაღლოს“ კვალს ადგა და უნდა დაეპატიმრებინათ, მაგრამ პუზაჩმა ერთ-ერთი ოპერმუშაკი პისტოლეტიდან გასროლით ფეხში დაჭრა და გაიქცა. ამის შემდეგ მას 12 წლის განმავლობაში ეძებდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ანა ისაკაძე დარწმუნებული იყო, რომ ყოფილი „პაძელნიკი“ ანტონ ბუკოვსკიმ მოკლა და არც შემცდარია. შანდალზე ჩატარებულმა ექსპერტიზამ მკვლელობის იარაღზე სწორედ ბუკოვსკის თითების ანაბეჭდები აღმოაჩინა.
ძვირფასი „ფაქტები“
აშკარა იყო, რომ ბუკოვსკიმ „ბაჯაღლოს“ ეკლესიის ძარცვის წილი მოსთხოვა. მაგრამ ის არ იყო ცნობილი, შეძლო თუ არა წილის ან მთლიანი ქონების დაუფლება. ანას მიაჩნდა, რომ „ბაჯაღლომ“ უარი უთხრა ყოფილ „პაძელნიკს“. ამის ნიადაგზე მათ ჩხუბი მოუვიდათ, რაც პუზაჩის სიკვდილით დასრულდა. ისაკაძემ მოკლული მღვდლის ოთახის, ეკლესიისა და პატარა ეზოს საგულდაგულო შემოწმების მითითება გასცა. შედეგმაც არ დააყოვნა და ძვირფასი „ფაქტები“ პატარა ჭაში აღმოაჩინეს, რომელიც ეკლესიის ეზოში თავად მოძღვრის მითითებით იყო გათხრილი. აქედან აშკარა გახდა, რომ ბუკოვსკი ხელცარიელი წავიდა. ამიტომ, ანამ ეკლესიაზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დააწესა და ერთ ღამეს მილიციის ოპერთანამშრომლებმა ეკლესიის ეზოში ფარულად მისული ბუკოვსკი დააპატიმრეს, რომელიც იქ ძვირფასი ხატების მოსაძებნად იყო მისული. ბუკოვსკიმ დაკითხვაზე განაცხადა, რომ „ბაჯაღლო“ უარს აცხადებდა წილის მიცემაზე და რომ სწორედ მან დაიწყო ჩხუბი. „მე მხოლოდ თავს ვიცავდი“, ამტკიცებდა ბუკოვსკი, რაც სასამართლომაც გაიზიარა და მას 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.