თბილისში ცნობილი იუველირის თაღლითობის საქმე, რომელმაც 20 კილო ოქრო მოიპარა - ამბავი, რომელსაც 70-იან წლებში დიდი რეზონანსი მოჰყვა

ოქრო

ამბავი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, თბილისში, 60-70-იან წლებში მოხდა. გახმაურებული საქმე ცნობილი იუველირის თაღლითობას ეხება. რომელმაც ე.წ „ნაღმის აღმომჩენით“ შემოწმების დროსაც მოახერხა ოქროს გამოტანა სახელოსნოდან, რომელიც სახელმწიფოს საკუთრება იყო.

სტატიაში ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია...

უზადო იუველირი

კარენ მარტიროსოვი თბილისში ერთ-ერთ საუკეთესო იუველირად მიიჩნეოდა. მის მიერ დამზადებული სამკაულები უზადოდ შესრულებული, დახვეწილი და ყველასგან გამორჩეული იყო, ამიტომ კლიენტურა არ აკლდა და საკმაოდ კარგ გასამრჯელოსაც იღებდა. კარენს სახლში საკუთარი სახელოსნო ჰქონდა და კერძო შეკვეთებს იქ ასრულებდა. ძირითადად კი, ოქროს ფაბრიკის თანამშრომელი იყო და კვირაში ხუთი დღე იქ შრომობდა. საშტატო განრიგით კარენ მარტიროსოვი რიგით იუველირად იყო გაფორმებული, მაგრამ თავისი ოსტატობის წყალობით, რჩევას ყველა მას ეკითხებოდა. სხვა ხელოსნების საიუველირო ნამუშევრებს კი სამხატვრო საბჭო მხოლოდ იმის შემდეგ ამტკიცებდა, რაც კარენის ექსპერტიზას გაივლიდა. მარტიროსოვის მიერ შექმნილ საიუველირო ნაწარმს არაერთი საერთაშორისო გამოფენის მედალი და სიგელი ჰქონდა მინიჭებული. ეს ჯილდოები ფაბრიკის წითელ კუთხეში იყო გამოფენილი და ხელმძღვანელობა დიდად ამაყობდა ამით. ერთი სიტყვით, კარენი მოწინავე თანამშრომელი იყო და მისი პორტრეტი ყოველთვის ეკიდა საპატიო დაფაზე.

მკაცრი შემოწმება

მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნის 60-70-იან წლებში შემოწმების ელექტრომოწყობილობები არ არსებობდა, ოქროს ფაბრიკაში უმკაცრესი კონტროლი ხორციელდებოდა. ყველა თანამშრომელი შესვლა-გამოსვლის დროს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მკაცრად, საგულდაგულოდ იჩხრიკებოდა. მათ, ეგრეთ წოდებული, „ნაღმის აღმომჩენით“ უმოწმებდნენ სხეულსა და სამოსს (განსაკუთრებით ფაბრიკიდან გამოსვლის დროს), შემოწმების დროს ისინი დროებით იხსნიდნენ საკუთარ სამკაულებს (ბეჭდებს, კულონებს) და თუკი „სუფთა“ იყო, ატარებდნენ. ყოველი სამუშაო დღის დაწყების წინ თითოეული თანამშრომლისთვის მიცემული მასალა (ძირითადად, ოქრო) მილიგრამებში იწონებოდა. სამუშაოს დამთავრების შემდეგ თითოეული თანამშრომლის როგორც მზა პროდუქცია, ასევე, დარჩენილი მასალა, კვლავ იწონებოდა და თუკი მათი წონა დილას ჩანიშნულ წონას არ დაემთხვეოდა, თანამშრომელს პასუხს მოსთხოვდნენ. ანუ დატაცებაში დასდებდნენ ბრალს. პერიოდულად მოწმდებოდა ფაბრიკის სეიფებიც, სადაც ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების მასალა ინახებოდა. 70-იანი წლების დასაწყისისთვის, ოქროს მწარმოებელი ფაბრიკა ერთ-ერთი მოწინავე საწარმო იყო საქართველოში.

ნახევრად ყალბი ბეჭდები

30 წლის თბილისელი ფიზიკოსი ანდრე ფროლოვი თავისი სახლის სარდაფში კერძო ექსპერიმენტებს ატარებდა, ის ზეგამტარების პრობლემებზე მუშაობდა, რასაც ოქროს მასალა სჭირდებოდა. ფროლოვი საკუთარი სახსრებით ყიდულობდა ოქროს ბეჭდებს როგორც თბილისის, ასევე სხვა ქალაქების საიუველირო მაღაზიებში. შემდგომ ადნობდა, მათგან მიკროსადენებს ასხამდა და ექსპერიმენტებისთვის იყენებდა. ერთ დღეს ფროლოვი უშიშროების კომიტეტში მივიდა და გამომძიებელთან შეხვედრა მოითხოვა, შემდგომ კი კაპიტან შალამბერიძეს უთხრა, რომ სავარაუდოდ, თბილისის ოქროს ფაბრიკაში ოქროს ნაწარმის ფალსიფიკაციასა და ოქროს დატაცებას ჰქონდა ადგილი. თავისი დასკვნა კი ასე დაასაბუთა: ერთი კვირის წინ საიუველირო მაღაზიაში თბილისის ოქროს ფაბრიკის ნაწარმი, ექვსი ცალი, 8-8-გრამიანი საქორწინო ბეჭედი ვიყიდე. 999 სინჯის 64 გრამიდან გადადნობის შემდეგ 62-63 გრამი უნდა მიმეღო. მე კი მხოლოდ 16 გრამი მივიღე, დანარჩენი 47 გრამი კი სპილენძი გამოდგა. ფროლოვმა უშიშროების ექსპერტები თავის ლაბორატორიაში წაიყვანა და თავისი სიტყვების სიმართლეში დაარწმუნა. ამის შემდეგ უშიშროებამ ამ საწარმოს შემოწმება დაიწყო. ფროლოვს კი ხელწერილი ჩამოართვეს ამ ინფორმაციის გაუთქმელობის შესახებ.

მოწინავე მუშაკი – ბოროტმოქმედი

ოქროს დატაცების საქმეებს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იძიებდა. ამიტომ ოქროს ფაბრიკაში ახალი თანამშრომლის სახით ლეიტენანტი კარლო ფრუიძე ჩანერგა და სამსახურში ის ვართან ანდრიასიანის გვარით მიიღეს. პარალელურად კი, სამუშაო საამქროში შენიღბული სათვალთვალო კინოკამერები დააყენეს. ორი კვირაც არ იყო გასული, რომ „კაგებეს“ უკვე დაფიქსირებული ჰყავდა ბოროტმოქმედი და ის კარენ მარტიროსოვი აღმოჩნდა. სწორედ ის იპარავდა ფაბრიკიდან ძვირფას ლითონს და წონები რომ ერთმანეთს დამთხვეოდა, ოქროში სპილენძს ურევდა. სპილენძი საწარმოში კარენს პირით შეჰქონდა. სპილენძის მავთულის ნაწილი მას ოსტატურად ჰქონდა მოთავსებული ენის ქვეშ. მოპარული ოქრო კი იქიდან საქორწინო ბეჭდის სახით გამოჰქონდა, რომელსაც თითზე ეკეთა, ანუ შესვლისას კარენს 2-გრამიანი ბეჭედი ეკეთა, რომელიც 10-12 გრამის ფორმა ჰქონდა, მოპარულ ოქროს კი სწორედ თავის „პუსტიშკას“ (ცარიელს) ამატებდა და რადგან შემოწმებისას პირად ნივთებს არ წონიდნენ, ამას ვერავინ ხვდებოდა. მარტიროსოვს 15 წლის განმავლობაში 20 კილოგრამი ოქრო ჰქონდა მოპარული და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა, მხოლოდ 10 წელი მოიხადა. გათავისუფლების შემდეგ კი ავლაბარში კერძო ცეხი გახსნა.

წყარო: თბილისელები