1732386875
„სიყვარულის გამო გაგიჟდა, შეყვარებული მოუკვდაო...“ - ვინ იყო რეალური ქალი, რომელმაც სოფიკოს ფუფალა "შეაქმნევინა"
დაუვიწყარი ფილმების რეჟისორს თენგიზ აბულაძეს ინტერვიუების მიცემა არ ჰყვარებია, ტელე გადაღებაზე საუბარიც ზედმეტი იყო.
გთავაზობთ მცირე ამონარიდს „პრაიმტაიმის“ არქივის ვრცელი სტატიიდან, სადაც კოლეგები და მსახიობი თენგიზ აბულაძის ადა მისი ფილმების შესახებ საუბრობდნენ:
სოფიკო ჭიაურელი: სამწუხაროდ, თენგიზთან მხოლოდ "ნატვრის ხეში" ვიმუშავე. როდესაც დამიძახა და ეს როლი შემომთავაზა, გავგიჟდი ისე გამიხარდა. მოთხრობა წაკითხული მქონდა, მაგრამ ისევ გადავიკითხე და ისე მივედი სტუდიაში.
გამახსენდა ქალი, რომელიც მარჯანიშვილზე მხვდებოდა ხოლმე. არანორმალური იყო, მანქანებს ხელს უქნევდა და უღიმოდა. ერთხელ მიზეზი ვიკითხე, მითხრეს, სიყვარულის გამო გაგიჟდა, შეყვარებული მოუკვდაო... ის გამახსენდა და ვიფიქრე, რომ აქედან გამომდინარე უნდა შემექმნა ფუფალას როლი. მივედი სტუდიაში, ვილაპარაკეთ, ვუთხარი ჩემი აზრი, ვაჩვენე, რაც მოვიფიქრე. თენგიზი ხომ ძალიან დამყოლი იყო, არასოდეს უთქვამს არავითარ შემთხვევაშიო. ჩავედით გარდერობში, მოვძებნეთ ტანსაცმელი, მერე ბოხჩაც, მერე გრიმი და გავედით გადაღებაზე. ფუფალა დღეს საზოგადო სახელად იქცა...
ფუფალა ნათელი ფერია ჩემს შემოქმედებით ბიოგრაფიაში. ვფიქრობ, სხვა რომ აღარაფერი გავაკეთო, ფუფალა ხომ მაინც დარჩება-მეთქი. ქართული კინოს კი ის პერიოდი დარჩება როგორც კლასიკა.
მაგიჟებდა თენგიზის ინტელექტი. მსახიობისადმი საოცარ ნდობას იჩენდა. იცით, როგორ გიგდებდა ყურს? თითქოს პირველად მოვიდა კინოში. ის არ იყო ის პიროვნება. რომელსაც რაღაც ჩაფიქრებული აქვს და არ გადაუხვევს. ისეთ გენიოსსაც კი, როგორიც ჩაპლინია მოჰყავდა მუშები, გამნათებლელი და აჩვენებდა მასალას, თვითონ უკან ჯდებოდა და აკვირდებოდა, ვის როგორი რეაქცია ჰქონდა.
მარიტას ვირის ტარების ეპიზოდი რომ ეკრანზე პირველად ვნახე, ვეჩხუბე თენგიზს. იცით რატომ? ფუფალას სირბილის ეპიზოდი გრძლად გვქონდა გადაღებული. მორბის ეტაკება ვიღაც, ისევ მირბის, მერე დაეცემა. ეს დაცემა ძალიან კარგად მქონდა მომზადებული. მონტაჟის დროს ამოჭრა. რა ვქნა, სოფიკო, განა ჩემთვის ადვილი იყო? ყოველ კადრს, როგორც შვილს ისე ვემშვიდობებოდიო, მითხრა.
ჩიკაგოს ფესტივალზე ჟურნალისტები ვერ მიხვდნენ, მე ვის ვთამაშობ ფილმში. მარიტა არ ვიყავი, მაგრამ ვინ? როცა ვეუბნებოდი, ფუფალა ვარ-მეთქი, გაოცებულები მიყურებდნენ...
ასევე ნახეთ:
„მე და მერაბ ნინიძეს ძალიან საინტერესო ურთიერთობა გვქონდა... ნუ განვსჯით ნურავის“ - ნინო კასრაძე
ქორწილის უცნობი ფოტოები გიორგი ფხაკაძის სახლიდან - მისტიკა და ფლირტი ერთ ფოტოსესიაში