„შვილებს აშიმშილებდნენ, არ აძლევდნენ ბანაობის უფლებას... კვირების განმავლობაში, ჯაჭვებით აბამდნენ..." - "საშინელებათა სახლის" დაუჯერებელი ისტორია და მისჯილი უვადო პატიმრობა

ტურპინები

დევიდ და ლუიზა ტურპინის 13 შვილი იმდენად მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ, რომ როდესაც გაირკვა, თუ რას უძლებდნენ ისინი გადარჩენისთვის, მათ საცხოვრებელს "საშინელებათა სახლი" ეწოდა.

მშობლები ბავშვებს სამყაროსგან იზოლირებულად ზრდიდნენ და ათწლეულების განმავლობაში სახლში ჰყავდათ ჩაკეტილი. მსხვერპლებს ჯანმრთელობის პრობლემებთან ერთად ჰქონდათ გონებრივი ჩამორჩენა და ზრდის შეფერხება.

2018 წლის იანვარში, ტურპინების 17 წლის ქალიშვილმა სახლიდან გაქცევა მოახერხა. გოგონამ სახლში ჩუმად გადაიღო სურათები, შეაგროვა მტკიცებულებები, ფანჯრიდან გადახტა, წლების შემდეგ პირველად გავიდა ქუჩაში და პოლიციაში დარეკა. გოგონა სამართალდამცველებს მისი ძმების გადარჩენას სთხოვდა. სწორედ ასე გამოაშკარავდა 13 ბავშვის ცხოვრების შემზარავი დეტალები.

პოლიციასთან საუბრისას გაირკვა, რომ 17 წლის ჯორდან ტურპინმა არ იცოდა ყოველდღიური გამოყენების სიტყვების მნიშვნელობები. მან პოლიციას ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა სიტყვა წამალი, ჩალურჯება და დაზიანება.

როდესაც სამართალდამცველი ტურპინების სახლში შევიდა, აღმოაჩინა, რომ ბავშვები იმდენად გამხდრები იყვნენ, რომ მათგან ყველაზე უფროსი, 29 წლის ჯენიფერ ტურპინიც კი არასრულწლოვანს ჰგავდა. ქალს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში შიმშილი უწევდა, რამაც მისი კუნთების ზრდა შეაფერხა და ის მხოლოდ 37 კილოგრამს იწონიდა.

პოლიციელებს საცხოვრებელში კრიტიკული მდგომარეობა დახვდათ. ოთახები სავსე იყო ნაგვით, კედლები კი შარდით იყო გაჟღენთილი. ერთ-ერთ საძინებელში პატარა ბიჭი დახვდათ, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში საწოლზე ჯაჭვებით იყო მიბმული.

მშობლები შვილებს აშიმშილებდნენ, არ ატარებდნენ სკოლაში და არ აძლევდნენ ბანაობის უფლებას. მათ დღისით დაძინებას აძალებდნენ. ბავშვებს არ შეეძლოთ ფანჯრიდან გახედვა და ფეხზე ადგომა, რათა მეზობლებს მათი დანახვა არ შეძლებოდათ.

დევიდი და ლუიზა შვილებს მხოლოდ პურსა და არაქისის კარაქს აჭმევდნენ, თვითონ კი ყოველდღე სხვადასხვა საკვებს მიირთმევდნენ. ოჯახში მაცივარი ყოველთვის სავსე იყო, მაგრამ ბავშვებს მისი გაღების უფლება არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, მშობლები მათ საკვების მოპარვაში ხშირად დებდნენ ბრალს.

სახლში ნაგავთან ერთად აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა სათამაშოები და ახალი ტანსაცმელი. ლუიზა ამ ყველაფრის საყიდლად ყოველწლიურად უზარმაზარ თანხას იხდიდა, მაგრამ შვილებს წლების განმავლობაში ერთი და იგივე ტანსაცმლით ატარებდა.

ცამეტივე ბავშვს შეზღუდული წვდომა ჰქონდა საკვებზე. მათ მხოლოდ დღეში ერთხელ ჰქონდათ ჭამის უფლება, შხაპის მიღების ნებას კი მხოლოდ წელიწადში ერთხელ რთავდნენ.

დევიდ და ლუიზა ტურპინებს ბრალი წაუყენეს წამების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობისა და სისასტიკის ბრალდებით. მათ დანაშაული აღიარეს და სავარაუდოდ დარჩენილ ცხოვრებას ციხეში გაატარებენ.

ლუიზას დამ, ტერეზა რობინეტმა უცხოურ მედიას განუცხადა, რომ მათი დედა რეგულარულად "ჰყიდდა" შვილებს მდიდარ პედოფილზე, რომელიც გოგონებზე რეგულარულად ძალადობდა სექსუალურად. "ძალადობის დროს. დედას ვეხვეწებოდით, რომ მასთან არ წავეყვანეთ, მაგრამ ის გვეუბნებოდა, რომ ჩვენი საჭმლისთვის და ტანსაცმლისთვის ფული სჭირდებოდა. ლუიზას განსაკუთრებულად ცუდად ექცეოდნენ. ამ ყველაფერმა მას ღირსება გაუნადგურა".

ტერეზას დის შვილებთან ურთიერთობა, ფაქტობრივად, არ ჰქონდა. ქალს მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ოთხი მათგანი ნანახი, დანარჩენებს კი იშვიათად ეკონტაქტებოდა ვიდეო ჩეთის საშუალებით. "ლუიზა უბრალოდ იგონებდა მიზეზებს, თუ რატომ არ შეეძლო ვიდეო ჩეთი. მეუბნებოდა, რომ ძალიან დაკავებული იყო და ჩემთან ლაპარაკი არ შეეძლო" - თქვა ტერეზამ უცხოურ მედიასთან საუბარში. ქალი დის მიმართ წაყენებული ბრალდებებით შოკირებული იყო, რადგან მისთვის ლუიზა  კარგი ადამიანი იყო, რომელიც არ სვამდა, არ ეწეოდა და არ მოიხმარდა ნარკოტიკებს.

ლუიზას მეორე და, ელიზაბეტ ფლორესი ლუიზას ქმედებებით ნაკლებად გაკვირვებული იყო. მისი მონაყოლი უფრო სრულყოფილ სურათს ქმნის იმის შესახებ, თუ ვინ იყო ქალი სინამდვილეში.

მოგვიანებით, ფლორესმა წიგნიც კი დაწერა, სადაც ლუიზას შესახებ შემაშფოთებელი ფაქტები აღწერა. მისი თქმით, ლუიზამ ზრდასრულ ასაკში დაიწყო ჯადოქრობის პრაქტიკა, გატაცებული იყო აზარტული თამაშებით და ალკოჰოლიზმით იყო შეპყრობილი.

"ის სვამდა, ეწეოდა, დადიოდა ბარებში, სწავლობდა ჯადოს გაკეთებას, თამაშობდა აზარტულ თამაშებს, ჭამდა გველებს, იცვამდა და იქცეოდა ვულგარულად, გატაცებული იყო სექსის პრაქტიკით ," - წერს ელიზაბეტი.

ბავშვების მიმართ სასტიკ მოპყრობაში ლუიზასთან ერთად მონაწილეობას დევიდ ტურპინიც იღებდა. დანაშაულის სრულად გასაგებად კი საჭიროა დევიდ ტურპინის ისტორიაც გაგაცნოთ.

ტურპინების მოძალადე მამას საკმაოდ პერსპექტიული კარიერა ჰქონდა. ის ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო და მსოფლიოს ორ უმსხვილეს თავდაცვის კომპანიაში მაღალი თანამდებობაც ეკავა.

სკოლის ასაკში დევიდი ბიბლიის, ჭადრაკის, მეცნიერების და აკაპელას კლუბების წევრი გახლდათ.

ის ლუიზასთან ერთად 24 წლის ასაკში ქალაქიდან გაიქცა, ამ დროს ლუიზა მხოლოდ 16 წლის იყო. ქალის მამა სასულიერო პირი იყო და სურდა შვილისთვის სათანადო საქორწილო ცერემონია გაემართა, რის გამოც წყვილი პოლიციის ჩართულობით დააბრუნეს. მოგვიანებით კი მათ დაქორწინება მაინც მოახერხეს.

2012 წელს, როდესაც ლუიზას მამა პენსიაზე გავიდა, მან შვილის მონახულება მოისურვა, რისი ნებაც ქალმა არ დართო. სიკვდილის წინ, ორივე მშობელმა ლუიზას ნახვა მოითხოვა, თუმცა მას მშობლები არც ამ დროს უნახავს და მათი გარდაცვალების შემდეგ, არც ერთი მათგანის დაკრძალვას დასწრებია.

მიუხედავად იმისა, რომ დევიდი საკმაოდ წარმატებული იყო კარიერაში, 2011 წელს ის გაკოტრდა. დოკუმენტების მიხედვით, კაცი ინჟინრის გარდა, სკოლის დირექტორიც იყო, რომელიც სპეციალურად თავისი 13 შვილისთვის დააარსა. მიუხედავად ამისა, მას ბავშვებისთვის განათლება არ მიუციათ და მეტიც, მათ ერთმანეთისთვის ანბანისა და რიცხვების სწავლება უწევდათ.

წყვილი 2018 წლის იანვარში დააპატიმრეს. ორივე მათგანმა აღიარა დანაშაული.

სამართალდამცველებმა აღწერეს, რომ ბავშვებს ჰქონდათ შემეცნებითი დაქვეითება და ნერვული სისტემის დაზიანება, რაც მათ მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.

"ეს არის ყველაზე შემზარავი ბავშვებზე ძალადობის საქმე ჩემს კარიერაში" - აღნიშნა პროკურორმა.

სასამართლომ ლუიზა და დევიდ ტურპინები ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მათ სასჯელის ზომად 25 წლიდან უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ასევე ნახეთ:

24-წლიანი ტყვეობა და მამისგან გაჩენილი 7 შვილი - ელიზაბეტ ფრიცლის დაუჯერებელი ისტორია

ვიდეოთამაშის გამო დაწყებული კონფლიქტი, რომელიც სასტიკი მკვლელობით დასრულდა

"გოგონებს სამოდელო კონტრაქტებს ჰპირდებოდა, შემდეგ კი აუპატიურებდა..." - "დედოფლების მკვლელის" დაუჯერებელი ისტორია, რომელიც დაკავებისას მოკლეს