პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გისოსებს მიღმა მყოფები თავისუფლებაზე მუდმივად ოცნებობენ, თუმცა ყველამ იცის, რომ ადვილი არ არის თავის დაღწევა რამდენჯერმე ჩარაზული რკინის კარიდან…
შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ციხეებიდან პატიმრები გაქცევას სხვადასხვა გზით მაინც ახერხებდნენ.
ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო ორთაჭალაში იყო, იქ შესვლამდე რამდენიმე რკინის კარი უნდა გაგევლო, შემოწმების შემდეგ ეზოში ხვდებოდი, სადაც პატიმრების კორპუსი იდგა, იქ პატიმრები მკურნალობდნენ. მათთვის საგანგებოდ იყო შემოღობილი პატარა ეზო, სადაც ეკლესიაც იდგა, ლოცულობდნენ და დღისით ეზოში სეირნობის უფლებაც ჰქონდათ. დაწესებულების მთელ პერიმეტრზე, ბეტონის სქელ კედლებზე, ზევიდან ეკლიანი მავთული იყო შემოვლებული და ყველა კუთხეში, კოშკურებზე იარაღმომარჯვებული გუშაგები მუდმივად მორიგეობდნენ, მათ მთელი პერიმეტრი უნდა ეკონტროლებინათ, თუმცა ამ ბარიერების მიუხედავად, ე.წ რეზბალნიციდან 2000 წლის 2 ოქტომბერს, სკანდალური გაქცევა მოხდა.
ციხიდან ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ფინანსთა მინისტრი, გურამ აბსანძე, სამუდამოპატიმრობა მისჯილი ვახტანგ (ლოთი) ქობალია და მათი თანამოაზრეები, სულ 12 ადამიანი გაიქცა.
დაწესებულებაში განგაში დილის 12 საათზე ატყდა, როცა აღმოაჩინეს, რომ 12 ადამიანი დაწესებულებაში აღარ იყო და გათხრილი გვირაბიც იპოვეს. ყველას უკვირდა, გურამ აბსანძის აღნაგობის ადამიანმა იმ გვირაბიდან გასვლა როგორ მოახერხა, მაგრამ ფაქტი ჯიუტი იყო. მთელი ძალოვანი სტრუქტურები და სპეცსამსახურები შეუდგნენ გაქცეულების ძებნას.
გზები ყველა მიმართულებით გადაიკეტა. მალე ხმა დაირხა, რომ მათ რაჭაში ეძებდნენ. გაქცეულებს პოლიციის არ შეშინებიათ და აბროლაურის ცენტრში, დავლიანიძეების სახლში ღამე გაათენეს, იქ, საიდანაც 500 მეტრის მოშორებით იყო რაჭა-ლეჩხუმის სამხარეო პოლიცია, ამბროლაურის პოლიცია, სამხარეო პროკურატურა, გამგეობა და ყველა სახელმწიფო ობიექტი, მერე კი უკვე ფუტიეთის ტყეში გადაინაცვლეს და იქ რამდენიმე დღე იყვნენ დაბანაკებულები.
50000 ლარი დაწესდა ჯილდოდ, მაშინ ითქვა, რომ რაჭველმა გლეხმა “ჩაუშვა” ისინი. 12 ოქტომბერს რაჭაში კოკისპირულად წვიმდა. სამართალდამცავები სპეცოპერაციის შემდეგ ამბობდნენ, რომ ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს და გაქცეულებს მიაგნეს კიდეც.
„ინფორმაცია გვქონდა რომ გაქცეულები ფუტიეთში იყვნენ. 4 პოლიციელი ერთი მიმართულებით წავედით. კოკისპირულად წვიმდა. საოცარი ნისლი იყო. უცებ ნისლმა გადაიწია და კვამლი გამოჩნდა, მერე ისევ ყველაფერი ნისლმა დაფარა. ორიენტაციით იმ ადგილისკენ წავედით, საიდანაც კვამლი ამოდიოდა და იმ ადგილს მივადექით. გამაფრთხილებელად გავისროლეთ და მოვუწოდეთ დაგვმორჩილებოდნენ. ამ დროს ერთი უცებ ხევში გადახტა, ხევისკენაც გამაფრთხილებელად გავისროლეთ. ხელმძღვანელობისგან დავალებული გვქონდა, მსხვერპლის გარეშე ჩაგვეტარებინა ოპერაცია. ჩაღრმავებული ადგილი იყო და ტელეფონიც არ იჭერდა, რომ სხვებისთვის შეგვეტყობინებინა. წინააღმდეგობას ნუ გაგვიწევთ, ხელები აწიეთ და დაგვნებდით, მივმართეთ მათ. გურამი ვარ აბსანძე და ნუ გვესვრით, თქვა მან და ხელებაწეული წამოვიდა ჩვენსკენ, მან და ლოთი ქობალიამ სხვებსაც მიმართეს, არ გაიქცეთ, დავნებდეთო. აბსანძეს ლოთი მოჰყვა, მერე ეჯიბია, გაქცევა ფირცხალავამ სცადა, მაგრამ ისიც მალე დავიჭირეთ.
გურამ აბსანძეს თმა წითლად ჰქონდა შეღებილი, ულვაშები კი შავად, ლოთი ქობალიას პატიმრობაში მოშვებული 5-6 წლის წვერი და თმა გაეკრიჭა და ვერ იცნობდი. ერთმა პოლიციელმა ჰკითხა, შენ ვინ ხარო? – მე ლოთი ვარო. მორიგ კითხვაზე, ხომ არ მატყუებ, სად არის შენი წვერიო? ლოთიმ უპასუხა, – აგერ, ჯიბეში მიდევსო. ხელი ჯიბისკენ წაიღო, მაგრამ არ ჩავაყოფინე ჯიბეში ხელი, შემეშინდა ხელყუმბარა არ ჰქონოდა.
მანქანაში რომ ჩავსხედით, ლოთი ხუმრობის ხასიათზე იყო. ჯიბიდან თავისი წვერ-ულვაში ამოიღო და მითხრა, ნათქვამი მქონდა, „სვაბოდაზე“ რომ გამოვიდოდი, წვერი უნდა გამეპარსა. გაქცევა სპორტული ჟინის გამო ჩავიდინეო”, – ასე იხსენებდა მოვლენებს პოლიციელი, ჭაბუკა ჩაჩხიანი. მაშინ იმასაც ამბობდნენ, გაქცეული ფირცხალავა ფეხშიშველი იყო და პოლიციამ მას ფეხსაცმელი და წინდები უყიდაო. მაინც პასუხგაუცემელი იყო მთავარი კითხვა, ვინ გასცა ისინი, ვინმემ დაწესებული ჯილდოს ხათრით, ხომ არ მიაწოდა პოლიციას ინფორმაცია. იმჟამინდელმა შს მინისტრმა კახა თარგამაძემ ისიც განაცხადა, რომ ერთ პირს არ მისცემდნენ ამ თანხას, რადგან რამდენიმე ინფორმაცია არსებობდა. საერთოდ მიიღო თუ არა ვინმემ ეს თანხა, დღემდე უცნობია.
წლების შემდეგ ლოთი ქობალია ამბებს თავად იხსენებდა:
დაკავების დღიდან სულ ვფიქრობდი გაქცევაზე. უკანონო ხელისუფლების და არამზადების ხელში ციხეში ჯდომა არ მინდოდა, არ მინდოდა საკანში დავეხვრიტეთ. გვირაბი იქ არ ყოფილა, ჩვენ გავთხარეთ, 2 თვე და 27 დღე ითხრებოდა ეს გვირაბი. მე და გურამს დიდად არ გვითხრია, მაგრამ თხრიდნენ ბიჭები. ტერიტორია კარგად იყო შესწავლილი. გაგვიმართლა, რომ ციხის ადმინისტრაციაში კარგი ავტორიტეტით ვსარგებლობდით, ყველა თანაგვიგრძნობდა, არავის უნდოდა ჩვენი პატიმრობაში ყოფნა. ჩვენ მიმართ ყურადღება გამკაცრებული არ იყო. გვენდობოდნენ და არ გვაკონტროლებდნენ.
ვთხრიდით თეფშით, ზოგი – ნატეხით, რაღაც ნივთებით… ვინც თხრიდა, მხოლოდ იმათმა იცოდნენ, სხვებთან კავშირი აკრძალული იყო, ძალიან გასაიდუმლოებული გვქონდა. სამი თვის თავზე უკვე მიზანს ვუახლოვდებოდით. მართალი გითხრათ, იქიდან გაქცეულები სამეგრელოში უნდა წავსულიყავით, იქ უნდა შეგვეკრიბა ისევ ჩვენი ბიჭები და უნდა შევბრძოლებოდი შევარდნაძის რეჟიმს, ეს იყო ჩვენი რეალური მიზანი.
გაქცევა გურამის იდეა იყო. გვირაბი სად გამოდიოდა, ეს შესწავლილი გვქონდა, თავიდან ბოლომდე თვალით იყო გაზომილი ყველაფერი. დაწესებულების საზღვარს გარეთ კი იდგა კოშკურა, მაგრამ ისეთ ადგილას გამოვედით, სადაც თხრილი იყო და იქ ჩავძვერით.
ერთმა მეორე კოშკურას გადასძახა, იქ რა ხდებაო? რა ვიცი, ალბათ ძროხები იქნებიანო, უთხრა მეორემ. ჩვენ ჩრდილში ვიყავით, ისინი შუქზე და ვერ დაგვინახეს, სამშვიდობოს ასე გამოვედით. მერე მეკითხებოდნენ, გურამ აბსანძე როგორ გაეტეოდა იმ გვირაბშიო… გაეტია ძალიან კარგად, კარგი ორგანიზატორი და კარგი ადამიანია გურამი. უნდა გენახათ, პატარა ბიჭივით როგორ დახტოდა ეს 200-კილოიანი კაცი, ისე დახტოდა 60 კილო გეგონებოდა. მშვენივრად გაძვრა. რიგრიგობით გავედით, 12 ადამიანი, ბოლოს წინა მე ვიყავი, მგონი, ეჯიბია მომყვებოდა ბოლოს. გამოვედით გარეთ და მანქანები წასული რომ დაგვხვდა, ეს ცუდი იყო. ჯერ კარგი გათენებული არ იყო, როგორე უნდა გაგვეღწია იქიდან. გავედი ქუჩაში და მიკროავტობუსი გავაჩერე, მინდოდა მოვლაპარაკებულიყავი და წავეყვანეთ. ჩემი თავისთვის არც კი შემიხედავს ნორმალურად, თურმე ნახოხიალევი სულ დასვრილი ვიყავი, ავედი მიკროავტობუსში და მძღოლს რომ დაველაპარაკე, მან შემომხედა და ეტყობა “ბომჟი” ვეგონე, წვერებიც მოშვებული მქონდა, დასვრილი ვიყავი და მანქანიდან ჩამომაგდო, რას გავხარო, რომ მანქანის შუქზე რომ დავიხედე ვნახე როგორი დასვრილი ვიყავი. კიდევ კარგი სხვებმა რაღაც “მარშუტკა” გააჩერეს და წავედით ყველანი ერთად.
გურამს ვინ არ იცნობდა? მის ჭაღარას რომ ნახავდნენ, ეგრევე იცნობდნენ, ამიტომ გადაწყვიტა თმის შეღებვა. იმერეთში, გზაზე ერთ მდინარესთან გავჩერდით, გურამს თურმე წამოღებული ჰქონდა საღებავი, წყლით თმა დაისველა და ასე შეიღება, რომ ბევრს თავგზა აბნეოდა. არ არის მართალი რომ წითლად შეიღება, თმები და ულვაში შავად შეიღება. მეც ტყეში მოვიჭერი წვერი, საპარსი არ მქონდა, მაკრატელი ვიშოვე და მოჭრილი წვერი ჯიბეში შევინახე. როცა ამიყვანეს, მართლა ჯიბეში მედო. თმაც წელამდე მქონდა გაზრდილი.
საჩხერეში, ვის ოჯახშიც შემთხვევით აღმოვჩნდით, მასპინძელი ძალიან გულახდილი და კარგი კაცი იყო. პურ-მარილი გაშალა. პომიდვრის მწნილითა და ხელით დამცხვარი პურით გაგვიმასპინძლდა, ძალიან მოშიებულები ვიყავით, ფეხით ამდენი ნასიარულევი და კარგად გეახელით, თითქოს გოჭის ხორცს მივირთმევდით. გურამი რომ შევიდა ურიერთობაში იმ კაცს უთხრა, შენ იცი მე ვინ ვარ, გურამი ვარ აბსანძეო, იმან მაშინვე თქვა, ჩემი ბიჭი სამთავრობო დაცვაში მუშაობს, მალე შეიძლება მოვიდეს და გაგიყვანთო. ოჯახი მართლა მოიქცა კაცურად, მაგრამ ალბათ მან მერე უთხრა თავის შვილს იქ რომ ვიყავით და ვფიქრობ შვილმა მისცა პოლიციას გეზი, რომ ჩვენ იქიდან რაჭისკენ წავედით. ასე ვფიქრობ, ამიტომ სწორედ იმ მიმართულებით დაიწყეს ჩვენი ძებნა და ამიტომაც ვერ გავედით სამშვიდობოს. საჩხერეში ჩვენი გადახვევა შეცდომა იყო, პირდაპირ რომ წავსულიყავით, მოვასწრებდით სამეგრელოში ჩასვლას და ყველაფერი ნორმალურად იქნებოდა, თურმე რეალურად ჩვენი ძებნა 12 საათამდე არ დაწყებულა. მანამდე არ გავხსენებივართ.
საინტერესო ის იყო, რომ რაჭაში მივლინებული იყო თარგამაძის მაშინდელი მოადგილე გენერალი კახა ბაკურაძე. რომ დამიჭირეს და მანქანით გადავყავდით, მას ვუთხარი, კაცურად, რაჭიდან ისე არ გამიყვანო, ხვანჭკარა რომ არ დამალევინო-მეთქი. მივიდეთ პოლიციის განყოფილებაში და გპირდები, მოგიტანთ იქ ხვანჭკარასო, მაგრამ ეტყობა ამის უფლება არ მისცეს. ერთ ტელეფონზე შევარდნაძე იჯდა, მეორეზე კახა თარგამაძე ყველა წვრილმანს ისინი აკონტროლებდნენ. მერე თბილისში, შს სამინისტროში ჩამოგვიყვანეს. სამინისტროს შენობაში ბოლო სართულზე იყო ციხე, იქ რომ შევედით კახა ბაკურაძემ დაგვახვედრა კარგი პურმარილი თავისი ლორით, ვიჩინით, ყველით, კარგი სუფრა დაგვახვედრა.
კაცურად მოიქცა, კაცური ჟესტი იყო. მახსოვს ჩახაია იყო წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი, დავიწყე იქაურობის დათვალიერება და გავეხუმრე, ახლა აქ ვეძებ და ვათვალიერებ, აქედან როგორ შეიძლება გაქცევა- მეთქი, ძალიან შეეშინდათ, ისევ არ გაიქცნენო.
პ.ს. საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საფუძველზე 2004 წელს ეროვნული გვარდიის სარდალმა, პოლკოვნიკმა ვახტანგ (ლოთი) ქობალიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. მას 1996 წელს სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა უზენაესმა სასამართლომ, მოგვიანებით ეს სასჯელი 20 წლიანი პატიმრობით შეეცვალა. წლების განმავლობაში იხდიდა სასჯელს ციხეში, შემდეგ გაქცევისთვის 7 წელი დაემატა. ამჟამად იგი თავის სოფელში, სამეგრელოში ცხოვრობს.