დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დღეს დიდი ხუთშაბათია. ამ დღეს ქრისტიანული სამყარო ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, მაცხოვრის მიერ მოწაფეებისთვის ფეხთბანას, გეთსიმანიის ბაღში ლოცვასა და იუდას გამცემლობას.
დიდ ხუთშაბათს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება.
დღეს სამების საკათედრო ტაძარში წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გაუძღვება.
დიდი ხუთშაბათის მსახურებაში, მოთხრობილია იმ მოვლენებზე, რომლებიც წინ უსწრებდა მაცხოვრის ვნებას. კონკრეტულად: მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექის აღსრულება, ფეხთბანვა, ევქარისტიის საიდუმლოს დაწესება და იუდას მიერ მაცხოვრის გაცემა.
საიდუმლო სერობა
უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება. ორი დღის შემდეგ ეგვიპტის ტყვეობიდან მათი გამოხსნის აღსანიშნავად ებრაელები უდიდეს დღესასწაულს პასექს ზეიმობდნენ. დღესასწაულის წინა საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ, ოჯახის უფროსი ერთი წლის ბატკანს ან თიკანს კლავდა, მთლიანად წვავდა და ოჯახთან ერთად შეექცეოდა. პასექის მიღება წინა დღითაც შეიძლებოდა, განსაკუთრებით – გალილეიდან მოსულთათვის. უფალმა, რაკი იცოდა, რომ თავი პასექის დღესასწაულზე უნდა შეეწირა, სერობა სწორედ წინა დღეს, ხუთშაბათს გამართა.
იუდას მხილება
საღამოს უფალი მოციქულებთან ერთად მივიდა იმ სახლში. როცა პასექის საჭმელად დასხდნენ, მაცხოვარმა მოწაფეებს ამცნო, რომ ერთ-ერთი მათგანი გასცემდა. მოციქულები გაოგნებულნი ეკითხებოდნენ, ვინ იქნებოდა გამცემი. უფლისადმი ერთგულებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ სწამდათ, რომ უფალმა მათი გულისნადები მათზე უკეთ იცოდა. უფლისაგან ფარულად მხილებულმა იუდამ წარბი არ შეიხარა და კადნიერად იკითხა, ვინ არისო გამცემი. რაკი ფარულმა მხილებამ არ გაჭრა, მაცხოვარმა სხვებისგან შეუმჩნევლად პირდაპირ უთხრა იუდას, რომ სწორედ ის იყო გამცემი. იუდაზე არც ამან გაჭრა. მაშინ უფალმა მოციქულებს დაუფარავად განუცხადა, რომ გამცემი მასთან ერთად ჯამში ამოაწობდა ლუკმას. ასეთი მოქმედებით უფალმა გვიჩვენა, რომ ცოდვილის გადარჩენას ბოლომდე უნდა ვეცადოთ.
ზიარების საიდუმლო
ძველაღთქმისეული პასექის დასრულების შემდეგ უფალმა აიღო პური, აკურთხა, გატეხა, მოწაფეებს საჭმელად მისცა და უთხრა: „ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა“ (ლუკ. 22, 19), – შემდეგ აიღო სასმისი, მისცა მათ და უთხრა: „სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მათ. 26, 27-28). ამით უფალმა დააწესა ახალი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო – ზიარება.
როგორც სახარება გვასწავლის, ზიარების გარეშე ცხონება შეუძლებელია. ღირსეულად მიღებული უფლის სისხლი და ხორცი დემონებს განაგდებს ჩვენგან და მცველად ანგელოზებს უხმობს. ქრისტიანები ერთი ბარძიმიდან ვიღებთ პურსა და ღვინოს, რომელიც მღვდელმსახურის მიერ სულიწმიდის მოხმობით რეალურად გარდაიქცევა იესო ქრისტეს წმინდა სისხლად და ხორცად. ზიარების შემდეგ ქრისტე ჩვენში შემოდის. მასთან ზიარებით ერთმანეთთანაც ვერთიანდებით, ვხდებით ქრისტეს სხეულის – ეკლესიის ჭეშმარიტი წევრები, რომლის თავი თავად უფალი იესო ქრისტეა.
ფერხთბანა
შემდეგ უფალმა ზედა შესამოსელი გაიხადა, არდაგი (შესამშრალებელი ნაჭერი) წელზე შემოირტყა, წყალი საბანელში ჩაასხა და მოწაფეებს ფეხები დაბანა. ამით მან ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულის უმაღლესი მაგალითი გვიჩვენა და გვასწავლა, რომ ერთმანეთსაც ასეთივე მორჩილებით ვემსახუროთ. მორჩილება თავი და ბოლოა ყოველგვარი სათნოებისა.
იუდას განზრახვის მიუხედავად, უფალმა პირველს სწორედ მას დაბანა ფეხები, მაგრამ ვერც ამით შეძლო მისი ბოროტების ალაგმვა.
ადამიანს შემოქმედისგან თავისუფალი ნება აქვს მინიჭებული, ამიტომ მაცხოვარი ცდილობს, იუდამ არა ძალდატანებით, არამედ საკუთარი ნებით თქვას უარი თავის განზრახვაზე. ადამიანთა გამოხსნაც თავისუფალი ნებით უნდა მოხდეს.
* * *
დიდ ხუთშაბათსვე დააგვირგვინა მაცხოვარმა ყოველი თავისი სწავლანი უმშვენიერესი და უტკბილესი სიტყვებით, რომლითაც ნუგეში სცა და გამოეთხოვა საყვარელ მოწაფეებს.
* * *
დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც ე.წ. „თორმეტი სახარება“ ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა, დაწყებული მოწაფეებთან მისი უკანასკნელი საუბრიდან საიდუმლო სერობაზე, დამთავრებული მაცხოვრის სხეულის იოსებ არიმათიელის ბაღში დაფლვით და მისი საფლავისთვის მცველების მიჩენით. „თორმეტი სახარების“ კითხვისას მორწმუნენი ანთებული სანთლებით ხელში დგანან, რაც ერთი მხრივ, ჩვენი მხსნელის მიმართ მხურვალე სიყვარულის გამოხატულებაა, მეორე მხრივ კი იმის ხსოვნა, რომ მაცხოვარს ღვთიური დიდება ვნების დროსაც არ დაუკარგავს. ყოველი სახარების წაკითხვის შემდეგ სამრეკლოს ზარი იმდენჯერ ჩამოჰკრავს, რიგით მერამდენე სახარებაც იკითხება.
აი, რომელი „სახარებები“ იკითხება ამ მსახურების დროს:
პირველი – იოანეს სახარება 13:31 – 18:1
მეორე – იოანეს სახარება 18:1-28
მესამე – მათეს სახარება 26:57-75
მეოთხე – იოანეს სახარება 18:28 – 19:16
მეხუთე – მათეს სახარება 27:3-32
მეექვსე – მარკოზის სახარება 15:16-32
მეშვიდე – მათეს სახარება 27:33-54
მერვე – ლუკას სახარება 23:32-49
მეცხრე – იოანეს სახარება 19:25-37
მეათე – მარკოზის სახარება 15:43-47
მეთერთმეტე – იოანეს სახარება 19:39-42
მეთორმეტე – მათეს სახარება 27:62-66
მომზადებულია ჟურნალ “კარიბჭის” მასალების მიხედვით