დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
საშობაო მარხვაა და როგორც ყველა მარხვაში, ახლაც უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, მოწყალების გაცემა, სიკეთის ქმნა, მოყვასის დახმარება, ვუკლოთ საკვებზე ფიქრს და ღმერთს დავუახლოვდეთ. ასე მოვემზადებით ჩვენი უფლის შობისთვის...
აღსარება ჩვენი სულის ცხონებისთვისაა. მას მოჰყვება ზიარება, რომელიც სულსა და სხეულს წამლობს. ამაში კი სწორად თქმული აღსარება გვეხმარება.
გთავაზობთ რამდენიმე სასულიერო პირის ქადაგებას აღსარებასთან დაკავშირებით.
მამა თეოდორე გიგნაძე: - მოდიან და ჩამოწერილი მოაქვთ აღსარება. ვხედავ ზოგადად უწერიათ - მახასიათებს ამპარტავნება, ამაყი ვარ, უსიყვარულო ვარ...
აღსარება სულიერი პორტრეტი უნდა იყოს. აქ სად ჩანს შენი სულიერი პორტრეტი? ადამიანი საკუთარ თავს არ იცნობს. ეს დაღუპვაა ადამიანისთვის. ადამიანები ისე ბერდებიან ეკლესიაში, რომ აღსარების თქმა არ იციან. ეს არ არის აღსარება. ეს სულიერი პორტრეტი არ არის. ადამიანი საკუთარ თავს არ იცნობს. გესმით, როგორი საშიშროების წინ დგას ასეთი ადამიანი? არ გიცნობ, გეტყვის უფალი იმიტომ, რომ პიროვნულად არ გახსნილხარ არც საკუთარი თავის, არც უფლის წინაშე. ადამიანი საკუთარ თავს არ იცნობს და ღმერთის წინაშე არ იხსნება. რომელ ცხონებაზეა ლაპარაკი?! ქრისტიანობა პრაგმატულად მოაზროვნე ხალხის რელიგიაა, რომლებმაც კონკრეტულად იციან, რა არის მათი საკეთებელი. ეს დისციპლინაში ვლინდება და ყოველი ნაბიჯის სისწორეში, სულიერი ცხოვრების რაციონალურ გადაწყვეტილებაში. ჩვენ კი გადღაბნილად ვცხოვრობთ. გაცნობიერებული უნდა მქონდეს, რას ნიშნავს ქრისტიანი.
მამა დავით ნოზაძე: - როდესაც აღსარებაზე მივდივართ, წინა დღეს უნდა ავიღოთ ფურცელი და ჩვენი ცოდვები უნდა ჩამოვწეროთ. არ უნდა დაგჭირდეს კითხვა, კიდევ რა ჩაიდინეო, თვითონ უნდა უყვებოდე მოძღვარს ყველაფერს.
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ - ღვთისა და მოყვასის უსიყვარულობა. რაც გეხებათ, გულწრფელად უნდა შეინანოთ.
მარხვა სინანულის ღვაწლია. საჭმლის მოკლება, ლოცვის მომატება; ეს იმას ემსახურება, რომ დავფიქრდეთ, სად ვართ, რა მიზნისთვის შეგვქმნა ღმერთმა და ჩვენ როგორ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას. ღმერთს შეუძლია ცოდვები მოგვიტეოს, მაგრამ მათი პატიება უნდა ვთხოვოთ. წმინდა მამები გვეუბნებიან, რომ ჩვენი ლოცვა და აღსარება უფალს ესმის, ღმერთი აღიარებულ ცოდვებს გვპატიობს.
ყოველ ღამე დაფიქრდით, რომელი მცნება შეასრულე, რომელი დაამარცხე, რომელი ჩაიდინე. ყოველ ღამე რომ ასე მოიქცეთ, ცოდვების იმხელა ნუსხა დაგიგროვდებათ, რომ აღარ დაგჭირდებათ მოძღვრის შეკითხვები.
როცა შენი ცოდვა არ გახსოვს, ნიშნავს რომ არ ნანობ.
როგორც წმინდა გარდამოცემა გვეუბნება, პეტრე მოციქულს ყოველი მამლის დაყივლებაზე ახსენდებოდა საკუთარი ნათქვამი, რომ იესო ქრისტეს არ იცნობდა, ამიტომ მას მუდამ ჰქონდა სინანულის განცდა. ჩვენც ყოველთვის თვალწინ უნდა გვედგეს ჩვენი ცოდვები. და აღარ უნდა გავბედოთ სხვისი განკითხვა. ნებისმიერზე უნდა ფიქრობდეთ, რომ ეს ადამიანი ჩემზე უკეთესიაო. აი, მაშინ გვიყვარს მოყვასი. უნდა ვეცადოთ მივბაძოთ წმინდანებს, მათთან სიახლოვე უნდა გვქონდეს. განსაკუთრებით მათთან, ვისი სახელიც გვქვია. მათი ცხოვრება კარგად ვიცოდეთ.
მამა აკაკი კაჭახიძე: ვნებასა და მრუშობაზე აღსარება დაწვრილებით არ უნდა მოჰყვე. ამას რომ ჰყვები, გახსენდება, ხელახალი ბრძოლები გეწყება. უნდა თქვა, დავეცი ცოდვით და მორჩა! ამის თქმა ისედაც მძიმეა ადამიანისთვის. მღვდელი შენდობის ლოცვას რომ წაიკითხავს, უკვე ნაპატიები აქვს. საეკლესიო სწავლება და ასევე წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მღვდელმა არ უნდა დააკონკრეტებინოს აღმსარებელს ეს ცოდვა. დაწვრილებით არ უნდა მოაყოლოს.
მამა ზურაბ ცხოვრებაძე: აღსარების გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება. საგულისხმოა წმინდა მამების მიერ აგებული აღსარებები, მათ შორის ეფრემ ასურის. იქ ვნახავთ, როგორ უნდა განვიკითხავდეთ საკუთარ თავს. როგორ არ უნდა ვზოგავდეთ და ვამხელდეთ ჩვენს თავს. ეს მამები არავითარ შემთხვევაში არ ზოგავდნენ თავს აღსარების დროს, მკაცრები იყვნენ საკუთარი თავის მიმართ. ამით მათ ცხონებისკენ გაიკვალეს გზა.
აი, რას წერს წმინდა ეფრემ ასური: ბოლო არ უჩანს ბოროტ დაუდევრობას. დავმონებულვარ ჩემს დამღუპველ ვნებებს, ბოროტებას, მომაკვდინებელს ჩემსას. ველი იმედად სინანულს და სიკვდილამდე თავს ვიტყუებ ამაო დაპირებებით. ყოველთვის ვამბობ, რომ მოვინანიებ და არასოდეს ვნანობ. სიტყვით თითქოს მხურვალე მონანული ვარ, მაგრამ საქმით, შორს ვარ სინანულისგან.
ალბათ, ეს განწყობა ბევრ თქვენგანს ეცნო. დაუდევრობაში სულიერი ცხოვრებაში დაუდევრობა იგულისხმება. გადავდებთ სინანულს, ხვალ, ზეგ დავიწყებო, ვამბობთ. გადავდებთ ხოლმე. ამასობაში ეშმაკი შეგვიტყუებს დაპირებებში, ასე გადის დრო და ჩვენი ასაკი უახლოვდება იმ პერიოდს, როდესაც ჩვენი სული და ხორცი ერთმანეთისგან გაიყრება.
"რა მომელის განკითხვის დღეს? როდესაც ღმერთი სამსჯავროზე ყველაფერს გამოაჩენს."
აქვე ისღა დაგვრჩენია აქვს, ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში გული მოვულბოთ უფალს და ვთხოვოთ შენდობა, რომ არ განვისაჯოთ და სამუდამო სატანჯველში არ მოვხვდეთ.
"არ მსურს ღირსეულის პატივისცემა, ხოლო თავად უღირსი, პატივს ვითხოვ. არ მსურს თავი შევიწუხო, ხოლო თუ სხვა არ მომემსახურება, ვმრისხანებ. სხვებთან ერთად არ მსურს მუშაობა, ხოლო თუ მე არ დამეხმარებიან, ბოროტვმეტყველებ მათზე."
ჩვენ მოგვწონს, რომ ჩვენ პატივს გვცემენ, ღირსეულად გვექცევიან, მაგრამ სხვას ვაკლებთ ამ ყველაფერს. როდესაც ჩვენ არ დაგვეხმარებიან, ვმრისხანებთ ხოლმე. ჩვენი თავის და სხვების მიმართ ტენდენციურნი ვართ. ძალიან გვიყვარს ჩვენი თავი. მისგან ვხდით კერპს.
კაცთა მოდგმის მტერი მოსვენებას არ გვაძლევს და თუ რაიმეში ოდნავი წარმატება მოგვეცა, ის მალევე წაგვერთმევა და სხვა ვნებებს გვიძლიერებს. ჩვენც უძლურად ვმარცხდებით. ერთი მცირე წარმატება სრულიად თავბრუს გვახვევს და გვგონია, რომ ღვაწლის ასპარეზზე გავედით, ცხონების გზას ვადგავართ, ამიტომ სხვა მხრივ მოვდუნდებით და დაცემაც იქვეა ჩასაფრებული.
არეულ ფიქრებს გვიჩენს, ფუჭ საკითხებზე გვაფიქრებინებს ეშმაკი, რომ მთავარზე, სულის ცხონებაზე და გადარჩენაზე არ ვიფიქროთ.
ცოდვები, რომლებიც ჩვენ წვრილმანები გვგონია, შესაძლოა სამსჯავროზე წვრილმანებად არ გამოჩნდეს. ამიტომ უფლისგან შეწევნა და გონების გახსნა უნდა ვითხოვოთ.
"ენა ჩემი ლამაზად საუბრობს, საქციელი კი საძულველია. ვაი მე, როდესაც გაცხდადდება ყოველი საიდუმლო. ფრიად მშვენიერია ჩემი სიტყვები სხვებისათვის, საქმეები კი საზიზღარია. სხვებს ვასწავლი წესიერებას, თვითონ კი საცოდავი ვეძლევი ვნებებს. როცა სხვა ცოდავს, დავცინი და აბუჩად ვიგდებ, ვაი, რომ გაცხადდებიან ჩემი უსჯულოებანი და შევრცხვები" - ამბობს ეფრემ ასური.
ასეა, ლამაზად ვაფორმებთ ჩვენს თავს, შინაგან მდგომარეობას, ვსაუბრობთ სარწმუნოებაზე, მაგრამ საქმე სულ სხვაა.
არ უნდა შევეჩვიოთ ჩვენს ცოდვებს. მსუბუქი არ უნდა გვეგონოს. ისინი უნდა ვაღიაროთ და უფალს გული მოვულბოთ...
ასევე დაგაინტერესებთ: