ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
ბოლო პერიოდში არაერთხელ იყო საუბარი იმის შესახებ არის თუ არა აუცილებელი სხვადასხვა სახის აცრები. საქართველოში სამედიცინო აცრების დანერგვის ერთ-ერთი პირველი ნოვატორი ერეკლე მეორე ყოფილა. აღნიშნულ თემაზე mkurnali.ge-სთან ისტორიკოსი ვაჟა კიკნაძე საუბრობს.
სამედიცინო აცრების მასობრივად დაწყება საქართველოში ერეკლე მეორეს სახელს უკავშირდება. გარდა იმისა, რომ საზოგადოებას უჩვენა მაგალითი, ალბათ ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ მისცა უფლება 1772 წელს ერეკლე მეორემ, აეცრათ მისი მესამე ვაჟი - იულონი, შეიძლება ისიც იყო, რომ მის თვალწინ ბევრი მცირეწლოვანი იღუპებოდა, იმდროინდელ საქართველოში ხომ ჯერ შავი ჭირის, შემდეგ კი ყვავილის ეპიდემია მძვინვარებდა.
ამ აცრამდე ცოტა ხნით ადრე 8 წლის უფლისწული გიორგი ჩერქეზ გოგონაზე დაუნიშნავთ, რომელიც ცნობილი გირეების საგვარეულოს შთამომავალი იყო. ჩერქეზებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ერეკლეს. მათ დაქირავებულ ჯარს ხშირად იყენებდა ლეკების წინააღმდეგ. ამიტომ, გირეეებთან დანათესავებაც მნიშვნელოვანი იყო მისთვის, ქვეყნისთვის. ქორწინება 4 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოულოდნელად ჩერქეზ საპატარძლოს ყვავილი შეეყარა. ის სასწრაფოდ ჩერქეზეთში წაიყვანეს, სადაც იმ დროისათვის უკვე გავრცელებული ყოფილა აცრები, მაგრამ დაგვიანებული იყო, გოგონა გარდაცვლილა. როგორც პლატონ იოსელიანი გვიამბობს, ეს ამბავი 1758 წელს მომხდარა.
- ჩერქეზეთში გაცილებით ადრე გამოიყენებდნენ სამედიცინო აცრებს, ვიდრე საქართველოში?
- ამის შესახებ ცნობებს გვაწვდის ვოლტერი, რომელმაც სპეციალური წერილი უძღვნა აცრას და ჩერქეზების გამოცდილებას ამ მხრივ. სავარაუდოდ, ამ ტრაგიკული ინციდენტის გამო მიღებული ემოციის შედეგად უნდა გადაეწყვიტა ერეკლეს მისი მესამე ვაჟის - იულონის აცრა, როდესაც ყვავილის ეპიდემია გავრელდა და მეფემ ამის აუცილებლობა დაინახა. მისი მხრიდან ეს არ იყო ადვილად გადასადგმელი ნაბიჯი. ჩანს, აცრის აუცილებლობაში ერეკლე მეფე ევროპელმა პადრებმა დაარწმუნეს. ერეკლეც დათანხმდა, რომ იულონი აეცრათ. ამის შესახებ მეფე პირადად წერს თავის ერთ-ერთ მოხელეს - რევაზ ამილახვარს, სადაც პირველად იყენებს ტერმინს - „აჭრა“ . „იულონი ავჭერით და ახლა გაცხელებულიც არისო“, ანუ სიცხე აქვსო. შემდეგში გამოჩნდა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, იულონი სულ ბრძოლებში იყო ჩართული და მრავალი წლის შემდეგ რუსეთში გარდაიცვალა.
იულონის აცრის შესახებ გერმანელი მოგზაური იოჰანეს გიულდენშტედტიც წერს - ერეკლემ გარისკა და ნება დართო კათოლიკე პატრებს, ყვავილის აცრები ჩაეტარებინათ მისი შვილისთვისო.