კალაძემ „მონუმენტმშენი“ მკაცრად გააფრთხილა - ამაღლების ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე კომპანიამ სართული უკანონოდ დააშენა

კალაძე

კახა კალაძემ ამაღლების ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე სართულის უკანონოდ დაშენების გამო, კომპანია „მონუმენტმშენი“ მკაცრად გააფრთხილა.

როგორც დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აქვთ შემთხვევები, როდესაც თბილისის კონკრეტულ ადგილებში, უბნებში დღესაცაა უკანონო მშენებლობის შემთხვევები, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„კიდევ ერთხელ მინდა, ყველა გავაფრთხილო. სანამ მე ამ ქალაქის მერი ვარ, სანამ თბილისის მთავრობას ვხელმძღვანელობ. ჩემს თანამშრომლებთან ერთად არასდროს დავუშვებთ უკანონო მშენებლობას და არ დავუხრით თავს არცერთ ასეთ ფაქტს, რომელიც იქნება გამოვლენილი.

გვაქვს კონკრეტული შემთხვევა ისტორიულ ზონაში, კონკრეტულად ამაღლების ქუჩაზე, სადაც ერთ-ერთ მშენებლობაზე გამოვლინდა უკანონოდ სართულის დაშენება. საამშენებლო სამუშოებს კომპანია „მონუმენტმშენი“ აწარმოებს. მე არ ვიცი, ეს ხალხი რას ფიქრობს?! რა დამოკიდებულება აქვთ ქალაქთან მიმართებაში. ცხადია, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ და უკანონოდ ამახინჯებ პროექტს, რომელიც შეთანხმებულია და ერთ სართულს კიდევ ამატებ, არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ეს ვიღაცას გაუვა, ან ვიღაცა რაღაცას გაუტარებს. ამას ამას ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. მივიღებთ შესაბამის ზომებს და შესაძლოა, ეს იყოს ყველასთვის საჩვენებელი, თუ დასახელებული კომპანია ძალიან მალე არ მოაწესრიგებს არსებულ მშენებლობას“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება მოჰყვება. კალაძემ განაცხადა, რომ მომხდარი სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და იგი პირადად იქნება დაინტერესებული კომპანია და კონკრეტული ადამიანები სამაგალითოდ დაისაჯონ.

„მოუწევთ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, თუ ეს კონკრეტული შენობა-ნაგებობა არ იქნება მოყვანილი შესაბამისობაში. 5-6 სართულიანი შენობა-ნაგებობა უნდა განთავსებულიყო, ორდონიანი მშენებლობა მიმდინარეობს და ერთი სართულია დამატებული. რა თქმა უნდა, ამას ჩვენი სამსახურების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა“, - დასძინა კალაძემ.