პოლიცია მოვიდა და 11 ადამიანი აიყვანა, მათ შორის, მეც ვიყავი... ახლა ვცდილობ, ცოდვები გამოვისყიდო - ახალგაზრდა ქალის მძიმე ისტორია

ქალი

ზუსტად არ ახსოვს, როდის და როგორ დაიწყო ყველაფერი. რამდენჯერმე თანატოლებთან "მოსაწევი" გასინჯა. შემდეგ "თინეიჯერული კომპლექსების მოხსნას" მოუხშირა - მეგობრები ურჩევდნენ, მოწევა სულიერი თავისუფლების პოვნაში დაგეხმარებაო. 

მოსწავლეობისას გათხოვდა. ქმარი ნარკომომხმარებელი იყო, მაგრამ ცოლს მსუბუქი ნარკოტიკის მიღებასაც უკრძალავდა. თუმცა მეგობრებმა გადაწყვიტეს ერთხელ "წამალიც" გაესინჯათ... 20 წლისამ აღმოაჩინა, რომ ნარკოდამოკიდებული იყო. რამდენიმე წლის შემდეგ ნარკოტიკების მოხმარება-შენახვის ბრალდებით დააკავეს...

39 წლის ანა თავისი ცხოვრების უმძიმეს წლებზე საუბრობს...

"90-იანი წლები იყო და სახლში არც სითბო გვქონდა, არც დენი, არც ტელევიზორი. სკოლაში გაკვეთილები მაინც არ გვიტარდებოდა და თავიდან უბრალოდ ვერთობოდით. სკოლის დამთავრებამდე გავთხოვდი. უბანში ყველაზე "მაგარ ბიჭს", 24 წლის გიოს გავყევი ცოლად. ის უკვე ნარკომომხმარებელი იყო, რაც ჩემი თაობის გოგოებისთვის ტრაგედია არ ყოფილა.  ერთხელ, სააბაზანოში სარკის უკან "გამზადებული" შპრიცი ვიპოვე. სახლში სამი გოგო ვიყავით და დიდხანს არ გვიმსჯელია - ერთხელ გავსინჯოთ და მორჩაო. კონკრეტულად რა იყო, არ ვიცოდით. სხვა შეგრძნება არ მახსოვს, მხოლოდ ცხელ ტალღას ვგრძნობდი მთელ სხეულში.

რამდენიმე ხნის შემდეგ ასეთივე "საჩუქარი" სხვამაც მოიტანა. გიო ფრთხილობდა და სახლში არაფერს ტოვებდა, მაგრამ მე ოჯახისთვის დატოვებული ფულის დიდ ნაწილს ვაძლევდი იმას, ვინც ამ საქმეში "ცალკე არხი გაჭრა".

ერთ დღეს გავიგე, რომ ისევ ფეხმძიმედ ვიყავი და თითქოს ცოტა გონს მოვედი. გიომ ჩემი ფეხმძიმობის შესახებ რომ შეიტყო, უზომოდ გაუხარდა. მონასტერში წავიდა ორი კვირით, ვილოცებ, ჩვენი შვილი ჯანმრთელი დაიბადოსო. თითქოს შეგვისმინა უფალმა ლოცვა და ცხოვრების წესის გამოსწორების შანსი მოგვცა, მაგრამ მონასტრიდან დაბრუნებული გიო ლამის ერთი თვე არ გამოფხიზლებულა. მეც უკვე ვგრძნობდი, რომ "რაღაც" ძალიან მინდოდა მოსადუნებლად ან გასაფრენად, მაგრამ თავს ვერ ვუტყდებოდი.

მაშინ 22 წლის ვიყავი. რაც დრო გადიოდა, ის "რაღაც" არ მასვენებდა. ერთხელ დედაჩემთან სტუმრად ჩემი მეგობრები მოვიდნენ. მათ შორის იყო ყველაზე "ყოჩაღიც". გოგონები ოთახში განვმარტოვდით თუ არა, მან ჩანთა გახსნა ეშმაკური ღიმილით და... ყველამ გავინაწილეთ.

ერთხელ ვიღაცამ დაგვასმინა. გიო დედაჩემთან მოვარდა, ყვიროდა, მოგკლავო. დედა შოკში იყო, ვერ გაიგო, რა ხდებოდა. მამა რუსეთში მუშაობდა და იქიდან რეკავდა, მაგრამ ქმარმა ნამუსი შემინახა, სახლში წამიყვანა და თვალს არ მაშორებდა...

ერთხელ შუაღამეს დროის გასაყვანად უჯრების დალაგება დავიწყე. ჯერ კიდევ მეგონა, რომ ნარკომანი არ ვიყავი და თავს ვაკონტროლებდი. უცებ უჯრაში ძველ დღიურებთან ერთად სავსე შპრიცსაც გადავაწყდი. გიოს ეძინა და ვიფიქრე, რომ მის გაღვიძებამდე ნარკოტიკით გამოწვეული ეიფორია გადამივლიდა. სინამდვილეში, ქმარმა გამოცდა მომიწყო და ბურანში წასულს თავზე დამადგა. გათენებას დაელოდა, დედაშენს ინფარქტს ვერ დავმართებო და დილით გვარიანად ნაცემი მამისეულ სახლში მიმიყვანა.

დედას უამრავი ტყუილი ვუთხარი, გიო ეჭვიანობს, სხვა ქალის მოყვანა უნდა, მარტო ყოფნა და თავისუფლება სურს, ამიტომ დამაბრალა-მეთქი. არ დამიჯერა... რამდენიმე მეგობარს სახლში მოსვლა აუკრძალა, ჩემს შვილზე ცუდ გავლენას ახდენთო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. თავად ვეძებდი მათთან მისასვლელ გზებს. ბავშვს დედა ზრდიდა, მე კი ხან ერთ დაქალთან ვრჩებოდი, ხან მეორესთან. დედაც ხან სად მეძებდა, ხან სად. 

ერთხელ ტაქსით "ბუდეში" ვბრუნდებოდით და ფანჯრიდან დედაჩემის სილუეტი დავლანდე - ცალი ხელით პატარა ბიჭი ჰყავდა ახუტებული, მეორით სურსათით სავსე ჩანთას მოათრევდა. ქვეყნად თავი ყველაზე ამაზრზენ ადამიანად ვიგრძენი. სიკვდილი მინდოდა. მერე, რაც ხელში მომხვდა, ყველაფერი გავიკეთე...

გონზე საავადმყოფოში მოვედი. თავთან დედა მეჯდა, მოკუნტული, დაპატარავებული. თქვენი შვილი აქამდე უნდა გეტირათო, უთხრა ვიღაც ქალმა დედას და კარი გაიჯახუნა. ერთი სიტყვით, ზედოზირების გამო, ვიღაცამ "სასწრაფო" გამოიძახა. პოლიციაც მოვიდა და 11 ადამიანი აიყვანეს, მათ შორის მეც ვიყავი, ცოცხალ-მკვდარი...

ნარკოტიკების დიდი ოდენობით შენახვისა და მოხმარებისთვის 6 წელი და 8 თვე მომისაჯეს. დედა ციხეშიც მაკითხავდა, ვთხოვე, ბავშვი არ მომიყვანო, ამ მდგომარეობაში არ მინდა მნახოს-მეთქი. ბავშვის სკოლის ამბებს მიყვებოდა. ჩემი ქმარი არც ერთხელ არ უხსენებია. სხვებისგან გავიგე, რომ რუსეთში გადაიხვეწა და დაიკარგა.

ჩემი შვილი დედაჩემის დამსახურებით კარგი ადამიანი დადგა. ვცდილობ, ნაადრევად დაბერებულ დედასთან ძველი ცოდვები გამოვისყიდო. პატარ-პატარა სამუშაო მაქვს და თითქოს არ გვიჭირს, მაგრამ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ნარკოტიკმა შეიწირა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ახალგაზრდობის მეგობრებიდან რამდენიმე გამომეხმაურა, მე კი მათთან ურთიერთობის გასაწყვეტად საცხოვრებელი ადგილი შევიცვალე.

წყარო