"ოჯახი დღემდე ელოდება პასუხებს" - 16 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის გაუხსნელი საქმე

მედლინ მაკკენი

2007 წლის 3 მაისს, სამი წლის მედლინ მაკკენი პორტუგალიაში, პრაია და ლუზში მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ის სასტუმროს ნომრიდან გაქრა. მიუხედავად პოლიის უამრავი ვერსიისა, ბავშვის გაუჩინარების საქმე დღემდე ამოუხსნელი რჩება.

სასტუმროს ნომერში არ იკვეთებოდა შეჭრის ნიშნები, თუმცა, მომდევნო კვირების განმავლობაში გაჩნდა გატაცების, მშობლების მიერ ბავშვის მკვლელობისა და ბავშვთა ტრეფიკინგის ვერსიები.

მედლინის გაუჩინარებიდან ოთხი თვის შემდეგ, პორტუგალიის პოლიციამ მისი მშობლები, ქეით და გერი მაკკენები ოფიციალურ ეჭვმიტანილებად დაასახელა, თუმცა, მათი ბრალეულობა მტკიცებულებების ნაკლებობის გამო ვერ დადასტურდა.

ზოგიერთი დეტექტივი თვლის, რომ მედლინის საქმის გახსნა პრაქტიკულად შეუძლებელია. გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, თუმცა, სიმართლე გაურკვეველი რჩება.

მედლინი სასტუმროს ნომერში და-ძმებთან ერთად იმყოფებოდა. მშობლები კი მეგობრებთან ერთად რესტორანში ვახშმობდნენ.

მხოლოდ მოგვიანებით გაიხსენეს მაკკენებმა, რომ ერთ დღეს ბავშვმა დილით დედ-მამას ჰკითხა, თუ რატო არ მივიდნენ მშობლები მათთან, როდესაც ის და თავისი ძმა ღამით ტიროდნენ. აქედან გამომდინარე, ჩნდება ვარაუდი, რომ მათ ოთახში ღამღამობით დაუპატიჟებელი პიროვნება იჭრებოდა.

რესტორანი სასტუმროსთან ძალიან ახლოს იყო, რის გამოც მაკკენები ვახშმის დროს არაერთხელ შევიდნენ ნომერში ბავშვების შესამოწმებლად. საღამოს 10 საათზე, ქეით მაკკენმა შენიშნა, რომ მედლინი ოთახში არ იმყოფებოდა. ამის მერე ბავშვი აღარავის უნახავს.

მედლინის გაუჩინარებაში ერთ-ერთი პირველი ეჭვმიტანილი 33 წლის რობერტ მურატი გახლდათ. ის დაახლოებით 21:15 საათზე ბავშვით ხელში სახლისკენ მიმავალი შენიშნეს. ამ დროს არავინ იცოდა, რომ მედლინი დაიკარგა ან ბავშვი, რომელიც კაცს ხელში ეჭირა, შესაძლოა მედლინი ყოფილიყო. მურატის ეჭვმიტანილის სტატუსი მოგვიანებით მტკიცებულებების ნაკლებობის გამო გაუქმდა.

გაუჩინარებიდან ოთხი თვის შემდეგ, პორტუგალიის პოლიციამ მედლინის მშობლები ეჭვმიტანილების სიაში დაამატა. ზოგიერთი პოლიციელი თვლიდა, რომ გოგონა ოთახში გარდაიცვალა და ბავშვის გატაცება მისი სიკვდილის დასაფარად მოიგონეს.

ხელისუფლებას ჰქონდა მიზეზი, რომ ისინი შესაძლო ეჭვმიტანილებად განეხილათ. როგორც ჩანს, 2007 წლის ივლისში ბრიტანულმა პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ორი ძაღლი მიიყვანა. ერთი ძაღლი სპეციალურად იყო გაწვრთნილი ადამიანის სისხლის აღმოსაჩენად - მეორე, გვამის სუნის აღმოსაჩენად.

ცხოველებმა დიდი ტერიტორია შემოიარეს, თუმცა, რეაქცია მხოლოდ სასტუმროს ოთახსა და მაკკენების მიერ ბავშვის გაუჩინარებიდან 24 დღეში ნაქირავებ მანქანაში გამოხატეს.

ასე გაჩნდა თეორია, რომ მაკკენებმა შესაძლოა ბავშვის ცხედარი გადამალეს, გატაცება გააყალბეს და შვილის გვამი გადამალვის მიზნით რამდენიმე კვირის შემდეგ ჩადეს მანქანაში.

ორივე მშობელი ექიმია. შესაბამისად, არსებული ვერსიის მიხედვით, შესაძლოა ვახშმის წინ მედლინს დამამშვიდებელი მედიკამენტი მისცეს, რის გამოც ბავშვი ზედოზირებით გარდაიცვალა. თეორიას ამყარებდა ჩატარებული დნმ-ის ანალიზიც.

მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მედლინი იზიარებს თითოეული მშობლის დნმ-ის 50 პროცენტს, შესაბამისად შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელი კონკრეტული კომპონენტები წყვილდება ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე კი არავინ იცის ეკუთვნოდა თუ არა მედლინს აღმოჩენილი დნმ-ის კვალი.

ქეითსა და გერი მაკკენს ეჭვმიტანილების სტატუსი 2008 წელს მოეხსნათ. ისინი დღემდე იმედოვნებენ, რომ შეიძლება მედლინი ოდესმე იპოვონ.

ბავშვის გაუჩინარებასთან დაკავშირებით უამრავი თეორია განიხილებოდა. ერთ-ერთი მათგანი პოტენციურ ძარცვას ეხება. შესაძლოა, ოთახში ძარცვა მიმდინარეობდა, რა დროსაც მედლინს გამოეღვიძა, რის გამოც ის გაიტაცეს. მიუხედავად იმისა, რომ გამორიცხული არაფერია, აღსანიშნავია, რომ ასეთ დროს მძარცველები პანიკურად მოქმედებენ და დანაშაულის ადგილზე აშკარა მინიშნებებს ტოვებენ, რაც ამ შემთხვევაში არ გამოიკვეთა. ამასთან ერთად, ბინა სრულად ხელუხლებელი იყო და არაფერი გამქრალა.

აღნიშნულ ვერსიაზე მუშაობისას პოლიციამ ოთხი ადგილობრივი მამაკაცი დაკითხა, თუმცა კონკრეტული მტკიცებულების უქონლობის გამო, მათი ბრალეულობა ვერ იქნა დამტკიცებული.

მეორე თეორია ამტკიცებს, რომ მედლინი ადგილობრივმა პედოფილმა გაიტაცა. იმ დროს ტერიტორიის მახლობლად 38 სექსუალური დამნაშავე ცხოვრობდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ყოფილი დეპუტატი - სერ კლემენტ ფროიდი, რომელიც მაკკენებს იცნობდა. გამომძიებლები აღნიშნავენ, რომ პედოფილები ძალიან იშვიათად რისკავენ ბავშვის სახლიდან გატაცებას.

მესამე ვერსიის მიხედვით, მედლინმა ღამით გაიღვიძა, გარეთ გაიქცა და მას მანქანა დაეჯახა. შეშინებულმა მძღოლმა კი მისი ცხედარი გადამალა. ბავშვის ოჯახის წევრები ამ თეორიას ეძინააღმდეგებიან. მათი თქმით, მედლინი ფიზიკურად ვერ შეძლებდა ჟალუზის გაღებასა და სახლიდან დამოუკიდებლად გაპარვას.

მეოთხე თეორია ამტკიცებს, რომ შესაძლოა მედლინი ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. 2008 წელს გაჩნდა ვერსია, რომ მედლინი ბელგიაში დაფუძნებული პეტოფილების რგოლის ბრძანებით გაიტაცეს. მეორე მერსიის მიხედვით კი ბავშვი მაროკოში წაიყვანეს, იქიდან კი მავრიტანიაში გადაიყვანეს.

2020 წლის ივნისში გერმანიის პოლიციამ ახალი ეჭვმიტანილი - კრისტიან ბრუნკერი დაასახელა. გავრცელებული ინფორმაციით ის დანაშაულის დროს იმ ტერიტორიაზე დაბანაკდა და გატაცების წინა ღამეს შეყვარებულს უთხრა, რომ მეორე დღეს „საშინელი სამუშაოს“ გაკეთება მოუწევდა. ბრუნკერი სექსუალური ძალადობისთვის არაერთხელ არის ნასამართლევი. გამოძიება ამ დრომდე მუშაობს ბრუნკერის ვერსიაზე.

მედლინ მაკკენის გაუჩინარების საქმე დღემდე გაუხსნელი რჩება. ბავშვის ოჯახი 16 წლის შემდეგაც ელოდება პასუხს, თუ რა დაემართა მედლინს.

ასევე ნახეთ:

„თვალებახვეულმა დაიმახსოვრა გამტაცებლის სახე“ - სერიული მკვლელის საქმე, რომელმაც ათ ქალზე სექსუალურად იძალადა და მოკლა

„მან ცოლისა და ორი შვილის მკვლელობა აღიარა“ - უოტსების ოჯახის ტრაგედია

ბავშვები, რომლებმაც ასაკის მიუხედავად შემზარავი მკვლელობები ჩაიდინეს