„კურიერმა“ კაკულიების საქმეზე ექსკლუზიური კადრები მოიპოვა - ვიდეომტკიცებულებები, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ბრალდებულები ვაკის ტერიტორიაზე

კადრები

"კურიერმა" ძმები კაკულიების საქმეზე ექსკლუზიური ვიდეო მტკიცებულებები მოიპოვა, სადაც ჩანს  თუ როგორ გადაადგილდებიან ბრალდებული ძმები ვაკის ტერიტორიაზე. კადრებში ასევე ჩანს, თუ როგორ მიდიან ძმები "მზიურის პარკის" მიმართულებით და როგორ მოძრაობენ პარკის ტერიტორიაზე ჩაფხუტით შენიღბულები.

ძმები კაკულიები არც ერთ წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ. გამოძიება მათ, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას და იარაღის უკანონო შენახვა-შეძენას ედავება, თუმცა არ არის გამორიცხული, დათა და გუგა კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებდნენ. გამოძიება ვარაუდობს, რომ ბრალდებულებმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად, ერთი წლის წინ გადმოკვეთეს. თუ კი ეს ვერსია დადასტურდება, გამოდის, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დღეს, ისინი თბილისში იმყოფებოდნენ. მკვლელობასთან კავშირს და დანაშაულის შემსრულებლებთან ნაცნობობას, კაკულიები კატეგორიულად უარყოფენ.

ნიკო კვარაცხელიას საქმის პროკურორი ჯერ არაფერს აკონკრეტებს გარდა იმისა, რომ მკვლელობის სხვა მონაწილეების, მათ შორის დამკვეთების დადგენის მიზნით, ძიება გრძელდება. საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს გარდა, სომხეთშიც ტარდება, თუმცა დეტალები უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა სომხეთში დაიგეგმა.

ჯერ კიდევ 2 თვის წინ, ნიკო კვარაცხელიას დედის ინფორმაციით, მისი შვილის მკვლელობის შემსრულებლები დამკვეთებს დანაშაულის დღეს შეხვდნენ. ამ სავარაუდო შეხვედრაზე, დღეს უფრო მეტი დეტალი გასაჯაროვდა.

კვარაცხელიას საქმის გამოძიების დასრულებამდე, ძმები კაკულიებს, დღეს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არაყიშვილის ქუჩაზე, სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობის საქმეზე შეეფარდათ. ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე ტაქსის მძღოლია, რომელმაც დათა და გუგა კაკულიები ვაკიდან დიღმის მიმართულებით წაიყვანა. სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ბრალდებულების დედაც ესწრებოდა გაირკვა, რომ საქმეში ვიდეოჩანაწერებიც დევს.

არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის საქმის არსებით განხილვას, თბილისის საქალაქო სასამართლო 21 ივლისს დაიწყებს.