გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
საფრანგეთში, მარსელის ციხეში მყოფი გავლენიანი ქართველი “კანონიერი ქურდი“ კახაბერ შუშანაშვილი, იგივე “კახა რუსთავსკი“ საქართველოს პრეზიდენტს სასამართლოში უჩივის. “პრაიმტაიმს“ ინფორმაცია შუშანაშვილის წარმომადგენელმა, ნანა ფრიდონაშვილმა დაუდასტურა.
“კანონიერი ქურდის“ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში უკვე მიიღო.
კახა შუშანაშვილი სასამართლოში პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის თანახმად, 2020 წლის 5 ივნისს მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. სალომე ზურაბიშვილთან ერთად სასამართლოში მოპასუხე მხარედ წარმოდგენილია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოც.
სწორედ სააგენტოს დასკვნის საფუძველზე გამოსცა პრეზიდენტმა N146 ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, კახაბერ შუშანაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.
სააგენტოს დასკვნით, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი, კახაბერ შუშანაშვილის მიერ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღება გახდა.
ნანა ფრიდონაშვილი “პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც კახა შუშანაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა არაავთენტურია. მისი თქმით, ინტერპოლით ძებნილი შუშანაშვილი რუსეთის მოქალაქეობას ფიზიკურად ვერ მიიღებდა, რადგან დროის მოცემულ მონაკვეთში ის მარსელის ციხეში, სამარტოო საკანში იხდიდა სასჯელს.
“კახაბერ შუშანაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის უკანონო შეწყვეტა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ნამდვილად გავასაჩივრეთ. მოპასუხეებად, საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვცანით.
მას შემდეგ, რაც სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, მოპასუხეებმა, შესაგებლები წარმოადგინეს. ორივე მოპასუხემ, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტომ, რუსეთის ფედერაციის პასპორტის ერთი ფურცელი წარადგინეს. პასპორტის ამ ერთ ფურცელზე, სხვა პიროვნების ფოტოა და ხელმოწერაც კახაბერ შუშანაშვილს არ ეკუთვნის. გაყალბებული პასპორტის მიხედვით, კახაბერ შუშანაშვილმა, თითქოსდა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა, 2015 წელს მიიღო.
როდის, როგორ და რა ვითარებაში მოხდა კახაბერ შუშანაშვილის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის პასპორტის გაყალბება, ვფიქრობ, ამ საკითხებით კახაბერ შუშანაშვილის ადვოკატები დაინტერესდებიან და კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.
კახა შუშანაშვილის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის პასპორტი რომ ყალბია და კახაბერ შუშანაშვილს, სხვა ქვეყნის, (მათ შორის, რუსეთის ფედერაციის) მოქალაქეობა არასდროს მიუღია, სასამართლოში, ეს აუცილებლად დადასტურდება.
კახაბერ შუშანაშვილს, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2003 წლიდან დღემდე არ გადმოუკვეთავს. აბსოლუტურად გაუგებარია, სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტომ, კახაბერ შუშანაშვილის მიერ, თითქოსდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების ფაქტი, რომელ გარემოებებზე დაყრდნობით დაადგინა...
2014 წლის აგვისტოდან დღემდე, კახაბერ შუშანაშვილი საფრანგეთის პენიტენციურ დაწესებულებაში, სამარტოვე საკანში იმყოფება. მისი უფლებები მუდმივად ირღვევა. კახაბერ შუშანაშვილის სამარტოვე საკანში ყოფნა, საფრანგეთის სასამართლომ, ფაქტობრივად, წამებად აღიარა, თუმცა, პენტენციური დაწესებულება, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს და კახაბერ შუშანაშვილის მიმართ, უკანონო ქმედებები კვლავ გრძელდება. დამეთანხმებით, ასეთ მდგომარეობაში მყოფ პატიმარს, სურვილიც რომ ჰქონოდა, რუსეთის ფედერაციის პასპორტს, ციხეში არავინ მიართმევდა“, - აცხადებს ნანა ფრიდონაშვილი.
“პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ საქართველოს საელჩომ ესპანეთში, კახაბერ შუშანაშვილის სახელზე, საქართველოს მოქალაქის პასპორტი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, 2009 წლის 11 მაისს გასცა და ამ პასპორტის მოქმედების ვადა 2019 წლის 11 მაისს ამოიწურა.
2011 წლის 15 მარტიდან დღემდე შუშანაშვილი, საქართველოს მოთხოვნით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში, 2011 წლიდან დღემდე მიმდნარეობს (დაუსწრებლად) სისხლის სამართლის საქმის განხილვა კახა შუშანაშვილის და ასევე მისი ძმის, ლაშა შუშანაშვილის მიმართ.
საფრანგეთი კი კახა შუშანაშვილს, ნიცაში ქართველი კრიმინალური “ავტორიტეტის“, ვლადიმერ ჯანაშიას მკვლელობას ედავება.