ჯიროლამო სავონაროლა - რწმენასა და ფანატიზმს შორის გამოკეტილი ბერი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს

ჯიროლამო სავონაროლა

რენესანსის ეპოქის ბრწყინვალე ფლორენციაში, სადაც ხელოვნება, ფუფუნება და პოლიტიკა ერთმანეთში ერწყმოდა, გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ყველაფრის შეცვლას ცდილობდა.

ჯიროლამო სავონაროლა — დომინიკელი ბერი, რომელმაც ფლორენციის ცხოვრებას სიმდაბლისა და ღვთისმოსაობის გზა შესთავაზა, გახდა ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ფიგურა შუა საუკუნეების ევროპაში.

რელიგიურ გზაზე შემდგარი ადამიანი

სავონაროლა 1452 წლის 21 სექტემბერს იტალიის ქალაქ ფერარაში დაიბადა. ახალგაზრდობაშივე განცვიფრებული იყო საზოგადოების ამორალურობითა და ადამიანების ამპარტავნებით. ფილოსოფიით გატაცებულმა, 1472 წელს დაწერა ტრაქტატი „მსოფლიოს მიმართ ზიზღის შესახებ“, სადაც ამქვეყნიური სიამოვნებების ამაოებაზე მსჯელობდა.

მალე ის ბერად აღიკვეცა და დომინიკელთა ორდენს შეუერთდა ბოლონიაში. მონასტერში გატარებულმა წლებმა კიდევ უფრო გააღრმავა მისი რწმენა, რომ ქრისტიანობა უნდა დაბრუნებულიყო სიწმინდისა და სიმდაბლის გზაზე.

ფლორენციაში გამოჩენა და აღზევება

1482 წელს სავონაროლა გადაიყვანეს ფლორენციის სან მარკოს მონასტერში. თავიდან მისი ქადაგებები უბრალო ბერების წრეში ტარდებოდა, მაგრამ მალევე მისი დამაჯერებელი სიტყვები მთელ ქალაქს მოედო. იგი ამხელდა ფუფუნებას, გარყვნილებას, არაგავლენიან მმართველებსა და მედიჩების ოჯახის უზარმაზარ ძალაუფლებას.

მისი ქადაგებები წინასწარმეტყველური ტონით გამოირჩეოდა — სავონაროლა ამტკიცებდა, რომ ღმერთი მალე დასჯიდა ფლორენციას ცოდვებისთვის. სწორედ ამიტომ მოუწოდებდა ხალხს სინანულისა და თავშეკავებისკენ.

ქალაქის შეცვლის მცდელობა

1494 წელს, როცა საფრანგეთის მეფე შარლ VIII იტალიაში შემოიჭრა და მედიჩების ოჯახი ფლორენციიდან განდევნეს, ქალაქში ძალაუფლების ვაკუუმი წარმოიშვა. სწორედ ამ დროს ხალხმა ბერს მიმართა, როგორც მორალურ ლიდერს.

სავონაროლამ დაიწყო ის, რასაც თავად „ქრისტიანული რესპუბლიკა“ უწოდა — ქალაქის ცხოვრების გარდაქმნა ღვთის ნებითა და ბიბლიური კანონებით. მისი გავლენით ფლორენციაში აიკრძალა ფუფუნება, მუსიკა, თამაშები, ბარდების სიმღერები და მხიარული ფესტივალები. ხალხს მოუწოდებდა, დაეწვა ყველაფერი, რაც ამაოებასა და ცოდვას განასახიერებდა — სარკეები, ძვირფასი ტანსაცმელი, წიგნები, ნახატები.

ეს მოვლენა ისტორიაში შევიდა როგორც “სიჯიუტის კოცონი” (Bonfire of the Vanities) — უზარმაზარი ცეცხლი ქალაქის მოედანზე, სადაც მოქალაქეები საკუთარი ხელით ანადგურებდნენ ხელოვნების ნიმუშებს, რომლებსაც „შეტყუების სიმბოლოებად“ მიიჩნევდნენ.

ეკლესიის წინააღმდეგ

სავონაროლას მზარდი გავლენა რომში აშფოთებდა კათოლიკური ეკლესიის იერარქებს. პაპი ალექსანდრე VI თავიდან ცდილობდა ბერთან შერიგებას — შესთავაზა კარდინალის ტიტული, მაგრამ სავონაროლამ უარი განაცხადა.

უარის შემდეგ პაპმა მას ქადაგების უფლება შეუჩერა და შემდეგ განკვეთა ეკლესიიდან. მიუხედავად ამისა, ფლორენციაში ბერი კვლავ აგრძელებდა ხალხის მობილიზებას და ამტკიცებდა, რომ თავად ღმერთი ებრძოდა მორალურ დაცემას.

დაცემა და  ტრაგიკული დასასრული

1498 წელს პოლიტიკური გარემო შეიცვალა — ფლორენციაში უკმაყოფილება გაიზარდა. სავონაროლას მოწინააღმდეგეებმა მას ცრუპროფეტობა და თვითნებობა დასწამეს. კარდინალთა საბჭომ, კენჭისყრის შედეგად, იგი ერეტიკოსად ცნო, დაატუსაღა და სინიორიის მოედანზე, Palazzo Vecchio სხდომათა დარბაზის თავზე, სამრეკლოს კოშკის სენაკში მოათავსა, იქ მან თავისი სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა. 

23 მაისს 1498 წელს, ფლორენციის მთავარ მოედანზე — Piazza della Signoria — ჯიროლამო სავონაროლა თავის ორ თანამებერთან ერთად საჯაროდ ჩამოახრჩვეს და შემდეგ დაწვეს. ამბობდნენ, რომ ცეცხლში მისი ხელი უცნაურად შეირხა — ზოგი ამას სასწაულად მიიჩნევდა, ზოგი კი სიკვდილის ბოლო რეფლექსად.