ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე, ინგლის-ზანზიბარის ომი მხოლოდ 38 წუთს გაგრძელდა

ზანზიბარი


კაცობრიობის ისტორიაში უმოკლეს ომი დაიწყო 1896 წლის 27 აგვისტოს, დილის 9 საათზე. იგი დასრულდა საათის სამ მეოთხედზე ნაკლებ დროში, შოკის მომგვრელი დანაკარგით - 501 მოკლული და დაჭრილი ჯარისკაცით. ეს ისტორია ნაკლებადაა ცნობილი.

ამბავი იწყება 1890 წელს, ჰელგოლანდისა (გერმანიის კუნძული, რომელიც ქვეყნის კონტინენტური ნაწილიდან ყველაზე მეტადაა დაშორებული. მდებარეობს ჩრდილოეთის ზღვაში, გერმანიის ყურეში,- ავტ) და ზანზიბარის ხელშეკრულების ხელმოწერით, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის. გერმანიამ მოიპოვა კონტროლი ტანგანიკაზე (დღევანდელი ტანზანია) და ზანზიბარი ბრიტანეთის გავლენის ქვეშ მოექცა. ბრიტანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გეგმა ზანზიბართან დაკავშირებით, იყო მონობის გაუქმება, თუმცა ამან აღაშფოთა მდიდარი ვაჭრები და მმართველი კლასი და ზანზიბარის სულთანი, სეიდ ალი იბნ საიდი სიკვდილამდე ეწინააღმდეგებოდა ამ ბრძანებას. 

სულთნის გარდაცვალება 1893 წელს, ეს იყო ბრიტანეთის შანსი, დაეყენებინა სულთნად ჰამად ბინ ტუვაინი, რომელიც უფრო მორჩილი იქნებოდა იმპერიული მმართველობის.

1896 წლის 25 აგვისტოს ჰამადი მოულოდნელად გარდაიცვალა თავის სასახლეში, რაც შესაძლოა, მისი ბიძაშვილის ბრძანებით მოხდა - ის მოწამლეს. რამდენიმე საათის შემდეგ ამ ბიძაშვილმა, პრინცმა ხალიდ ბინ ბარგაშმა სულთნის თანამდებობა დაიკავა და სასახლეში გადავიდა.
ხალიდი იყო რეგიონში ევროპული ინტერვენციის წინააღმდეგობის სიმბოლო და დაახლოებით 3 000 მისი ჯარისკაცი და მხარდამჭერი შეუერთდა მას სასახლეში. ბრიტანელებმა მას უბრძანეს, ტახტი ბიძაშვილისთვის, ჰამუდ ბინ მუჰამედისთვის დაეთმო. შემდეგ, თავიანთი ძალის დემონსტრირებისთვის, შეკრიბეს 900 ჯარისკაცი და განათავსეს სამეფო საზღვაო ძალების ხუთი ხომალდი სასახლის მახლობლად, ნავსადგურში.
კონტრადმირალმა ჰარი როუსონმა ულტიმატუმი წაუყენა სულთანს და უბრძანა, მას და მის ჯარებს ან დაეტოვებინათ სასახლე და გადაეცათ იარაღი მეორე დღის დილის 9 საათისთვის, ან ომის წინაშე აღმოჩნდებოდნენ. ხალიდმა ეს ცარიელ მუქარად ჩათვალა და უარი თქვა.

1896 წლის 27 აგვისტოს, დილის 9 საათზე, როუსონმა უბრძანა გემებს, ცეცხლი გაეხსნათ სასახლისთის, რომელიც მალე ცეცხლმა მოიცვა. სულ რაღაც 38 წუთში ომი დასრულდა - ბრიტანელებმა გაანადგურეს თავდაცვითი იარაღი და მოკლეს და დაჭრეს სულთნის 500 ჯარისკაცი. ბრძოლაში ასევე დაიჭრა ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი. იმავე დღეს ბრიტანელებმა ტახტზე თავიანთი არჩეული მმართველი, ჰამუდ ბინ მუჰამედი დასვეს.
რაც შეეხება ხალიდ ბინ ბარგაშს, ის სასახლიდან გაიქცა და გერმანიის საკონსულოს თავშესაფარი სთხოვა. გერმანელები დაეხმარნენ მას ქვეყნის დატოვებაში. ის 1916 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა. მას შემდეგ, რაც უარი თქვა სასულთნოზე, ხალიდს უფლება მიეცა, მომბასაში ეცხოვრა. იქ გარდაიცვალა 1927 წელს. 1897 წელს ზანზიბარში მონობა გაუქმდა.

ფოტოზე: ზანზიბარის სულთანი, ხალიდ ბინ ბარგაში

წყარო