„გოგას გარდაცვალების შემდეგ ჩვენს ოჯახში ტირილი აიკრძალა“ – ვინ იყო ექიმი, რომლის სახელსაც გორის ჰოსპიტალი ატარებს

goga eqimi

2008 წლის 12 აგვისტო, ღამის 2 საათი. გორის სამხედრო ჰოსპიტალის ეზო. ჩაბნელებულ საავადმყოფოში შემორჩენილი სამედიცინო პერსონალი, ეზოში სიგარეტის მოსაწევად გამოდიან. რამდენიმე წამი და… დაწექით! ისმის ერთ-ერთის განწირული ყვირილი.

ყველა მიწაზე წვება, მხოლოდ ერთ-ერთი არ იძვრის ადგილიდან. აფეთქების ხმა… წამიერად ჰოსპიტალის ეზო კვამლში გაეხვია. გადარჩენილი მედ – პერსონალი ერთმანეთს ხელებითა და შეძახილებით ეძებენ. ცოცხლები ხართ?! ისმის ერთ-ერთ ქალბატონის კივილი… მას ორი თანამშრომელი პასუხობს- ცოცხლები ვართ!… კიდევ ერთის ხმა გაისმა, გადავრჩით?!… მხოლოდ გოგა აბრამიშვილი არ იღებდა ხმას. მისი უსულო სხეული სისხლში ცურავდა… აქ კიდევ ერთი ქართველის სიცოცხლე დასრულდა და აგვისტოს ომის გმირი დაიბადა…

 

„ადამიანები ვსწავლობთ ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას…“
 

სიღნაღელმა ქირურგმა, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გორის სამხედრო ჰოსპიტალში არაერთი დაჭრილის სიცოცხლე იხსნა. 11 აგვისტოს, როდესაც ქალაქში ევაკუაცია გამოცხადდა, გოგა აბრამიშვილს, საავადმყოფოს დატოვება არც უფიქრია. იცოდა, რომ ყოველ წუთს შეიძლებოდა მიეტანათ რუსებს საჰაერო იერიში ჰოსპიტალზე, როგორც ერთ-ერთ სტრატეგიულ დაწესებულებაზე. შებინდებისას შენობაში სინათლე გათიშა. საკუთარ სიცოცხლეზე მეტად სხვის გადარჩენაზე ფიქრობდა…

„გარდაცვალებამდე აქტიურად იყო ჩართული თავის საქმიანობაში და ხშირად, მივლინებში უწევდა წასვლა არც თუ ცოტა დროით. ამიტომაც გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე წელი ველოდი, რომ დაბრუნდებოდა, მაგრამ ახლა აღარ ველოდები, რადგან ვიცი, რომ აღარ მოვა, დავუბრუნდი მწარე რეალობას. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, ეს ასე არაა, უბრალოდ ადამიანები ვსწავლობთ ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას.

გოგას გარდაცვალების შემდეგ, ბავშვების გამო ჩვენს ოჯახში ტირილი აიკრძალა. მივხვდი, რომ ჩვენთვის უმძიმესმა პერიოდმა და ჩემმა გამუდმებულმა გლოვამ უფრო ღრმა კვალი დატოვა მათზე. მათ გამო დავივიწყე ცრემლიც და გოგაზე საუბარსაც ოჯახში ტაბუ დავადეთ. გოგას საოცრად ჰგავს ჩვენი ვაჟი – თენგო, ახასიათბს მამის მსგავსი გამოხედვა, საუბრის მანერა, მიმიკა და როდესაც ამას ახლობლები აღნიშნავენ მასზე ბედნიერი არავინაა. ბავშვები არასოდეს არ სხდებიან მამის მოსახსენიებელ სუფრაზე. საფლავზე რომ გავდივართ, მაშინაც არ ვსაუბრობთ გოგაზე, როგორც გარდაცვლილზე. მართლმადიდებლური წესით ვასრულებთ ყველაფერს და უკან ვბრუნდებით…“ – იხსენებს გოგა აბრამიშვილის მეუღლე, ნანა გვერდწითელი

გოგა აბრამიშვილი 1967 წელს, სიღნაღში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სამედიცინო ინსტიტუტში ჩარიცხულა – სამკურნალო ფაკულტეტზე. მეორე კურსიდან ჯარში გაიწვიეს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ქირურგიის განხრით წავიდა. ჯერ რესპუბლიკურში მუშაობდა, შემდეგ პოლიკლინიკაში, მერე გვარდიაში გადაიყვანეს… საველე სამედიცინო ბატალიონის უფროსი იყო. შემდეგ ეუთოში მუშაობდა. 2008 წლიდან გორის ჰოსპიტალში მუშაობდა ტრავმატოლოგად…

„ჯარიდან რომ დაბრუნდა, ჩვენს კურსზე დაჯდა. მალევე დავქორწინდით. ტყუპი გოგონები შეგვეძინა. სულ მუშაობდა, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა, რომ კარგი მამა ყოფილიყო. შემდეგ ბიჭიც შეგვეძინა, მამა რომ დაეღუპა თენგო 7 წლის იყო…“- ამბობს ნანა გრვერდწითელი.

 

ბოლო შეხვედრა

 

„ომის დროს შვილებთან და დის ოჯახთან ერთად დასასვენებლად ზღვაზე ვიყავი, 10 აგვისტო იყო, როცა ფოთშიც შემოვიდნენ, წამოსვლა გადავწყვიტეთ შვიდი ბავშვი გვახლდა თან. ქვეყნის დატოვება არც გვიფიქრია. გზიდან გორში დავრეკეთ და გვითხრეს გორის მაგისტრალზე, რუისთან სამგზავრო სამარშრუტო ტაქსი ააფეთქეს და არც იფიქროთ ჩამოსვლაო, ამიტომ ახლობლებთან ჩავედით ხარაგაულში და მათ სახლს შევაფარეთ თავი. 11 აგვისტოს კი ჩემმა დამ დაჟინებით მოითხოვა გოგასთან საუბარი – ვუთხრათ როგორ გვიყვარსო. მაშინ ამაზე მეცინებოდა იმიტომ, რომ ვიცოდი, გოგაც გაიცინებდა, რადგან არ იყო გრძნობებს აყოლილი, ყოველთვის მკაცრად აკონტროლებდა ემოციებს, მაგრამ მაინც დავრეკეთ და საუბარი მოვახერხეთ. აქ სიმშვიდეა და ტყუილად ნერვიულობთო. გვამშვიდებდა.

12 აგვისტო რომ თენდებოდა ჰოსპიტალი დაიბომბა, ეზოში სიგარეტის მოსაწევად გამოსულმა სამედიცინო პერსონალიდან ერთ-ერთმა ვერტმფრენი შენიშნა და იყვირა, დაწექითო. სწორედ ამ დროს გოგა სასიკვდილოდ დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა… სამუშაო დღეებს გორში, ჩემს მშობლებთან ატარებდა, თბილისში მხოლოდ შაბათ-კვირას ჩამოდიოდა. ომის განმავლობაში კი ჰოსპიტალს არ ტოვებდა. მიუხედავად ევაკუაციის გამოცხადებისა, მან არ დატოვა სამხედრო ჰოსპიტალი, არ უღალატა თავის პროფესიას და იმ ჯარისკაცებს, ვისაც მისი დახმარება ჭირდებოდა. მისი საქციელის განსჯა არც მიფიქრია, ის ზუსტად ასე მოიქცეოდა.

იცოდნენ, რომ იყო ჰოსპიტალის დაბომბვის ალბათობა დიდი იყო, მაგრამ სიკვდილის შიშს სძლია თავისი თავდადებით და მართლაც, გმირობით. ამიტომაც არ მაქვს მომხდარის განსჯის უფლება…

გოგას გარდაცვალებამდე არანაირი წინათგრძნობა არ მქონია. 27 ივლისს დამირეკა და მთხოვა ჩემთან, გორში ჩამოდიო. ამ დროს, მე სიღნაღში ავადმყოფი დედამთილისა და ჩემი შვილების მოსანახულებლად მივდიოდი და წავედი კიდეც… მისგან იმდენად მოულოდნელი იყო ეს თხოვნა, რომ საოცრად აფორიაქებული ვიყავი. 18 წლიანი თანაცხოვრების მანძილზე პირველად მთხოვა ასეთი რამ. ამიტომ, 30 ივლისს სამსახური ადრე დავტოვე და გორში წავედი გოგასთან. დღევანდელი გადმოსახედიდან, 27 ივლისის სატელეფონო ზარი ჩემთვის დიდი ტრაგედიაა… 12 აგვისტოდან დღემდე კი დაუსრულებელი ტკივილი…

მაქვს უდიდესი სურვილი, აგვისტოს თვე საერთოდ ამოვშალო კალენდრიდან. ყველა გაგებით მძულს ეს თვე… გოგას გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე მამაჩემი გარდაიცვალა, ნერვიულობას გადაყვა. ბოლო ერთი წელი საერთოდ აღარ საუბრობდა. პირველად ჩემმა მშობლებმა გაიგეს მეუღლის გარდაცვალება, მათ გადმოასვენეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით. მე არ მინახავს გოგას დასახიჩრებული სხეული, ეს ყველაფერი ჩემმა მშობლებმა გააკეთეს… “ – ამბობს ნანა გვერდწითელი.

დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალი გოგა აბრამიშვილის სახელობისაა. სიღნაღში ქუჩას, სადაც ბავშობა გაატარა მისი სახელობისაა. ამჟამად, ნანა გვერდწითელიც მეუღლის სახელობის ჰოსპიტალში მუშაობს. სამსახურში მისულს, ეზოში პირველად მისი ბიუსტი ხვდება, რომელიც გოგას მამიდაშვილმა შექმნაა…