1731009381
„ეს ისეთი საშინელება იყო, გახსენებაც კი მზარავს... დასუსტებული ქალი ცხრა კაცმა ძლივს მიმიყვანა წმინდა ბარძიმთან...“- დაუჯერებელი სასწაული
ამბავი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, სოფიო მანენკოვამ 1907 წელს ოპტის უდაბნოში სერგი ნილუსს უამბო:
წარმოშობით ორიოლის გუბერნიიდან ვარ, აზნაურიშვილი. ჩემს მშობლებს ელეცკის მაზრაში მამული ჰქონდათ, მისი შემოსავალი ძლივს გვყოფნიდა. როცა წამოვიზარდე, მშობლებმა ინსტიტუტში მიმაბარეს, რომელიც წარმატებით დავამთავრე. კეთილი ადამიანების დახმარებით გოგონათა სკოლა გავხსენი, რომელიც მერე ქალთა გიმნაზიად გადაიქცა. საქმე კარგად წავიდა. შემოსავალი ლაღად ცხოვრების ნებას მაძლევდა.
დედაჩემის მამულის მეზობლად ჩემი ინსტიტუტის მეგობარი ცხოვრობდა. ის ცნობილი ორიოლელი ექიმის გოლოსტენოვის ცოლი იყო. ზაფხულობით ვნახულობდი მეგობარსა და მის ოჯახს. დავუახლოვდი მის მულს. ყველანი ახალგაზრდები ვიყავით, ვცხოვრობდით მეგობრულად და უდარდელად.
ამ დროს სულიერებისგან შორს მყოფი ხალხის თავს შავი ღრუბელი შეიყარა - ჩემი მეგობრის ქმარი ჰიპნოზმა და სპირიტიზმმა გაიტაცა და ჩვენც "დაგვასნეულა". დიდი ინტერესით შევუდექით შესწავლას, პრაქტიკულად როგორ ხდებოდა სულების გამოცხადება. მაგრამ თუ ვისგან შეიძლება ყოფილიყო ეს, ამაზე არ დავფიქრებულვართ. არც გვაინტერესებდა - რაც მთავარია, ვმხიარულობდით და ვაცოცხლებდით სოფლის ერთფეროვან ცხოვრებას. ჩვენ გვშიოდა სულიერი საჭმელი, რომელსაც ვერც მეცნიერება გვაძლევდა და, როგორც მაშინ ვფიქრობდით, ვერც რელიგია.
მალე თეორიიდან პრაქტიკაზე გადავედით: დავიწყეთ აზრების გამოცნობა, შთაგონება. ვატრიალებდით თეფშს და უხილავ სამყაროსთან კავშირს ვამყარებდით ამ "მეცნიერების" იმავე მეთოდებით და ხერხებით, რომლითაც დღესაც არიან გატაცებულნი ქრისტეს სარწმუნოებისაგან შეგნებულად თუ შეუგნებლად განდგომილები. ამ საქმეში ყველაზე მეტად წარვემატეთ მე და ჩემი მეგობრის ქმარი. "მეცნიერების სასწაულების" ქმნაში ისე გავერთეთ, რომ ხშირად ხორციელი დასვენებაც კი გვავიწყდებოდა.
მაგრამ დადგა ჩვენი უგუნურებისთვის ანგარიშსწორების ჟამი. ჩემი მეგობრის ანგელოზის დღეს ყველანი მასთან შევიკრიბეთ. ის სოფელში წირვაზე წასულიყო. სუფრაზე ეწყო ჩაი, ღვეზელი. როგორც კი დაბრუნდა და ჩაი მივირთვით, გასართობად დავიწყეთ ერთმანეთისთვის აზრების შთაგონება. გადაწყდა - მე სახლის უკიდურეს ოთახში რაღაც მომეფიქრებინა და ის შთაგონებით მეგობრის მულს უნდა შეესრულებინა.
ეს ოთახი გახლდათ მეგობრის ქმრის კაბინეტი. კაბინეტში შესვლისთანავე თვალში მომხვდა საწერ მაგიდაზე დადებული წირვიდან მოტანილი ნაკვეთი ცხრანაწილიანი, დიდი სეფისკვერი. სეფისკვერი ხელში ავიღე, ხელსაბანზე დავდე და ჩავიფიქრე - მან (ჩემი მეგობრის მულმა) ეს სეფისკვერი ისევ საწერ მაგიდაზე დადოს-მეთქი. მერე კი მათ დავუძახე: მზადაა! ყველანი გამოვიდნენ სამზარეულოდან. მეგობრის მული უყოყმანოდ მივიდა საწერ მაგიდასთან, მერე კი ხელსაბანთან. ის იყო, სეფისკვერი უნდა აეღო, რომ თითქოს უხილავმა, ძლიერმა ხელებმა უკან გადმოაგდო და იატაკზე გონდაკარგული დაენარცხა. ამ დროს მეც ბნედამ მომიარა და იატაკზე ვიკრუნჩხებოდი. შთაგონებამ გოგონას მალევე გაუარა, მე კი სამი საათის შემდეგღა მომიყვანეს გონს. ჩვენ არაფერი გვახსოვდა და ვერ ვხვდებოდით, ასე რატომ დაგვემართა. უკვირდა ექიმსაც.
ამ დღის შემდეგ თავდაყირა დადგა ჩემი ცხოვრება. აქამდე თუ არ ვიცოდი, რა იყო ავადმყოფობა, მას მერე ხშირად მემართებოდა ეპილეფსიის შეტევები. თავიდან იშვიათად - სამ თვეში ერთხელ, შემდეგ - ყოველ ახალმთვარობისას, მერე კი დღეში რამდენჯერმე. დავსუსტდი, შრომის უნარი დამეკარგა, იძულებული გავხდი, მუშაობისთვის თავი დამენებებინა. გადიოდა დრო. უფრო და უფრო უარესდებოდა ჩემი მდგომარეობა. სასოწარკვეთილმა რამდენჯერმე ვცადე თავის მოკვლა.
ყველასთვის მძიმე ტვირთად ვიქეცი. ასეთ მდგომარეობაში 15 წელი გავატარე. ახალგაზრდა, ჯანმრთელი, ენერგიული გოგონა დედაბრად გადავიქეცი (ამ ამბის მოთხრობისას ის 40-45 წლისა იყო, მაგრამ გაცილებით ასაკოვან ქალად გამოიყურებოდა).
ყველანაირი საშუალებით ცდილობდნენ ჩემს განკურნებას, თუმცა ავადმყოფობას ვერაფერი გაუგეს. არსობის პურისთვის ხან ერთ ნათესავს ვაფარებდი თავს, ხან მეორეს. ერთიხანობა დასთან დავსახლდი. ჩემი სიძე სადგურის უფროსი გახლდათ. დიდი შემოსავალი არ ჰქონდა, მრავალსულიანი ოჯახი ჰყავდა სარჩენი. ბნედიანი მეც მას დავაწექი ტვირთად. ჩემი სიძე უბრალო, მაგრამ კეთილი და ღრმად მორწმუნე კაცი გახლდათ.
- სონია, - მკითხა ერთხელ, - დიდი ხანია არ ზიარებულხარ?
- მას შემდეგ, რაც ავად გავხდი.
- დაიკო, ასე შეიძლება? ერთი კეთილი ადამიანი მაინც არ გამოგიჩნდა, ამაზე რომ ეზრუნა? ასე ხომ ჯანმრთელიც ცუდად გახდები. აღარ გადადო, მოემზადე, აღსარება თქვი, უფლის წმინდა საიდუმლოს ეზიარე. ღმერთი მოწყალეა და მალე გამოჯანმრთელდები. უარი არ მითქვამს, მივედი ეკლესიაში, აღსარება ვთქვი... ბნედამ თითქოს აღარ მომიარა... ზიარების დღეს ლიტურგიაზე თავს კარგად ვგრძნობდი, თითქოს გამოვჯანმრთელდი. გაიღო საკურთხევლის სამეუფო კარები, მოძღვარმა ბარძიმი გამოაბრძანა და თქვა: - შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებით მოვედით!..
და იცით, რა მოხდა? ამ თხუთმეტწლიანი ტანჯვისაგან არაქათგამოცლილი, დასუსტებული ქალი ცხრა კაცმა ძლივს მიმიყვანა წმინდა ბარძიმთან და ჩვენი ცხოვნების წყაროსთან. ჩემში ჩამალულმა ისეთმა სიძულვილმა და წარმოუდგენელმა ძალამ იჩინა თავი, მას ძლივსღა ეწინააღმდეგებოდა ის ცხრა მორწმუნე.
მე, ქალბატონი, ინსტიტუტის კურსდამთავრებული, კარგად აღზრდილი, რომელსაც არ მჯეროდა ეშმაკეულების, დავცინოდი მოქადაგე დედაკაცებს, თვითონვე აღმოვჩნდი ეშმაკეული.
ეს ისეთი საშინელება იყო, გახსენებაც კი მზარავს. მადლობა ღმერთს, ახლა ყველაფერმა გაიარა. ავადმყოფობის მიზეზი ვიპოვეთ და ამ დღიდან დავიწყე სწორად მკურნალობა: მორწმუნეთა რჩევით, ხშირად ვეზიარებოდი, როცა საშუალება მქონდა, წმინდა ადგილებსაც მოვილოცავდი. ბნედის მოვლენები თითქმის შეწყდა, ეშმაკეულობის ცხადი გამოვლინებებიც შემისუსტდა. სანაცვლოდ კი ისეთმა ენით გამოუთქმელმა არაადამიანურმა მწუხარებამ მომიცვა, თუ არა ღვთის მოწყალება, ჩუმად რომ განმაძლიერებდა ხოლმე, ალბათ ვერ შევეწინააღმდეგებოდი და ბოლოსაც მომიღებდა. ერთმა ღვთისმოყვარე ქალმა ოპტელ მამებთან მომიყვანა. ოპტის მონასტერში ყველაფერი მომეწონა, ტაძრებიც, ღვთისმსახურების წესიც. შემიყვარდა ამ მშვენიერი სავანის გარემო. მაგრამ არც ცოცხალ მამებთან და არც გარდაცვლილ ღირს მამათა საფლავებთან არ მივდიოდი, თუმცა ბევრს მეხვეწებოდა ჩემი თანამგზავრი. ჩუმი, თითქმის მტრული პროტესტით წინ აღვუდგებოდი საფლავთა მოლოცვას და მამათა მონახულებას.
ოპტის უდაბნოში მოსვლისას სევდა მიმიყუჩდა, მაგრამ მალევე წინანდელზე მეტი ძალით დამეტაკა. ჩემმა თანამგზავრმა დამიყოლია და ზიარებისთვის მოვემზადე. კაეშანი მოსვენებას არ მაძლევდა და ფიზიკურადაც მტანჯავდა: მკერდზე, გულის ქვეშ რაღაც გორგალს ზოგჯერ ხელის შეხებითაც ვგრძნობდი. როცა ეს გორგალი ამოძრავდებოდა, მზად ვიყავი, ტკივილისა და მწუხარებისაგან მეყვირა. და კიდევ ერთი უბედურება - ტირილი არ შემეძლო. ცრემლებს თითქოს ეს საშინელი გორგალი აკავებდა.
ჰოი, რა საშინელება გახლდათ! მამა სერაფიონთან აღსარების თქმამდე მამა ამბროსის საფლავთან მისვლა გადავწყვიტე. შევედი ეკვდერში, მოვიდრიკე მუხლი და თავი დავადე საფლავის ქვას. ამ დროს, ჩემი თვრამეტწლიანი ტანჯვის მერე, ერთბაშად წამსკდა ცრემლთა წყარო, ცრემლის ნაკადი გულიდან დაიძრა, მოაწვა ყელს და გარეთ გადმოიღვარა სინანულის ქვითინად. ძალიან დიდხანს ვტიროდი, სანამ გულიდან მთლიანად არ ამომივიდა ჩემი ამდენი ხნის მწუხარება. ვიგრძენი, რომ დიდი სიმძიმე მომეშვა და ის გორგალიც სადღაც გაქრა.
მამა სერაპიონს აღსარებისას ჩემს წარსულსა თუ აწმყოზე ყველაფერი მოვუყევი. ისიც ვუთხარი, თუ რა ვიგრძენი მამა ამბროსის საფლავთან. მან დიდი სიყვარულით მომისმინა და მომიტევა 7 წლის ასაკიდან ჩადენილი ცოდვები, აიღო კურთხევანი და ცოდვათა მიტევების ლოცვა წამიკითხა. ამ დროს მე ვყვიროდი, ხელებს ვიქნევდი, კელიიდან თავის დაღწევას ვცდილობდი.
ზიარების შემდეგ დავწყნარდი. მამა ამბროსის საფლავთან მივედი და უეცრად ვიგრძენი, რომ სრულიად და სამუდამოდ განვიკურნე. გული კი ისეთმა დიდმა სიხარულმა მოიცვა, თითქოს მწუხარება არასოდეს განმეცადოს. ვფიქრობ, მისი ადგილი იქ არც არის, სადაც ამგვარ ნეტარებას ოდესმე მცირე ხნით მაინც დაუვანებია. ამ ნეტარების გრძნობას ოპტის უდაბნოდან დაბრუნების შემდეგ მთელი წელი არ დავუტოვებივარ. იმგვარი სულიერი სიმშვიდით და სიხარულით ვტკბებოდი, რომ სრულიად ამინაზღაურდა ჩემი თვრამეტწლიანი ტანჯვა, მკრეხელობის წილ რომ მერგო სასჯელად.
თვრამეტი წელი! ზუსტად ორი წელი სეფისკვერის თითო ნაწილზე! ვეწამე აქ და ალბათ იმ ქვეყანაში, ღვთის ნებით, აღარ დავიტანჯები.
ასევე ნახეთ: