"დახვრეტის ოქმს ხელს სტალინი აწერს... " - უკანასკნელი ინტერვიუ საქართველოს პატრიარქის შვილიშვილთან

nitsa xucishvili kalistrate cincadze

იშვიათი რესპონდენტი გახლდათ. საოცრად დახვეწილი ქალბატონი დიდ ტკივილსა და დარდს ატარებდა. ამაყობდა წინაპართა შთამომავლობით და მდიდარ წარსულს სათუთად ინახავდა. - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის უკანასკნელ შვილიშვილთან ნიცა ხუციშვილთან, ეს ინტერვიუ წლების წინ ჩავწერე. ქალბატონი ორი წლის წინ გარდაიცვალა...

ის მისი ოჯახის ისტორიის ბოლო მთხრობელი გახლდათ. ყველაფერი დეტალურად ახსოვდა. პატივი მერგო გამეცნო და მასთან რამდენიმე საათიანი ურთიერთობით ცოტა ხნით წარსულში მემოგზაურა. ბევრი ვისაუბრეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ პაპაზე. კალისტრატე ცინცაძის ოჯახის ტრაგედიაზე პირველად სწორედ ჩემთან ისაუბრა. სათქმელი კიდევ ბევრი დარჩა, მაგრამ თან წაიღო. ასე ამჯობინა და დაგვტოვა...

 

პატრიარქის დახვრეტილი ქალიშვილი

 

სანამ საქართველოს ისტორიაში საბედისწერო 1921 წელი დადგებოდა და ბოლშევიკები ჩვენს ქვეყანას გააწითლებდნენ, მანამდე იყო 1917 წლის 12 მარტი, ქართველმა სამღვდელოებამ სვეტიცხოველში საზეიმოდ გამოაცხადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. დეკანოზი კალისტრატე ცინცაძის როლი ამ მიღწევაში დიდი იყო. გასაბჭოებულ ქვეყანაში მისი სასულიერო იერარქია პატრიარქობამდე ავიდა. მას გერმანელი მეუღლე, ხუთი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავდა. მისი უფროსი შვილი ნინო ცინცაძეც კომუნისტების ნასროლ ტყვიას შეეწირა. ნინომაც საკუთარი სისხლით გადაიხადა სამშობლოს სიყვარულის ვალი და საბჭოური ტყვიის საფასური...

ნინო ცინცაძე ეროვნული სულისკვეთებით იზრდებოდა. მას დამოუკიდებელი ქვეყნის სიყვარულის მაგალითს მამა აძლევდა. მამა რომელიც სრულიად საქართველოს სულიერი მამაც იყო.  ის ქადაგებისას რუსეთის მავნებლურ გავლენას ღიად ამხელდა.

1923 წელს კალისტრატე ცინცაძე ანტისაბჭოთა განწყობის ბრალდებით დააპატიმრეს, მან მეტეხის ციხეში სამი წელი გაატარა. 14 წლის შემდეგ, იგივე გზა მისმა ქალიშვილმა, ნინომ გაიარა, იმ განსხვავებით, რომ ის ვეღარ დაბრუნდა საპატიმროდან...

ნიცა ხუციშვილი: „დეიდა 1937 წელს რეპრესირებული იყო. ნინო დაიჭირეს და დახვრიტეს. ის ბაქტერიოფაგში მუშაობა, გოგი ელიავას მდივანი იყო. ბრალს სდებდნენ შპიონაჟში და დივერსიის მოწყობის მცდელობაში, ვითომ მზადდებოდა პრეპარატები მოსახლეობის გასაწყვეტად. წლების მანძილზე ოჯახს მისი დაბრუნების იმედი ჰქონდა, არაფერი იცოდნენ. ნინო ცინცაძის დახვრეტის რეალური მიზეზი სასულიერო პირის შვილობა იყო, გიორგი ელიავას თანამშრომლობა თუ სხვა რამ დაზუსტებით არავინ იცის...

ჩემი ერთ-ერთი დეიდაშვილი სკოლიდან გამორიცხეს როგორც სასულიერო პირის შვილიშვილი. შესაძლოა ეს ყოფილიყო მიზეზი, შეიძლება მინისტრთა საბჭოში რომ მუშაობდა ბევრი რამ იცოდა, არ ვიცი... მაშინ ისეთი განუკითხაობა იყო, ვინ იკვლევდა რატომ და რისთვის. მერე გავიგეთ ჩავაწერებიდან, რომ სამშობლოს ღალატისათვის დახვრიტეს“.

სანამ ავბედითი 37 წელი დადგებოდა. ცინცაძეების ოჯახი ქაშუეთის ეკლესიის ეზოში ცხოვრობდა. ნინოს ორი ვაჟი ჰყავდა, მისი მეუღლე, შოთა ყარალაშვილი იყო, რომელიც ტუბერკულოზით გარდაიცვალა. შოთა ყარალაშვილისა და ნინო ცინცაძის სიყვარული ბავშვობიდან დაიწყო. იმ დროიდან, როცა გიმნაზისტკა ვეფხისტყაოსანს სწავლობდა.

მას შემდეგ რაც ნინო ცინცაძე დაქვრივდა, მუშაობდა მინისტრთა საბჭოში სტენოგრაფისტად. ფლობდა კომუნისტი ჩინოსნების შესახებ ბევრ ინფორმაციას. მერე მისი კარიერა ბაქტერიოფაგში გაგრძელდა, თუმცა იქვე დამთავრდა კიდეც. დამთავრდა ტრაგიკულად და უმიზეზოდ... ის მიხვდა, რომ საბჭოურ კლანჭებამდე სულ რამდენიმე საათი აშორებდა... იმ დროს, მისი უფროსიც, გიორგი ელიავაც უკვე დაპატიმრებული იყო...

ელიავა, პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე, ყარალაშვილი თუ ბერია, აქედან რომელი გახდა ახალგაზრდა ქალის სიკვდილის რეალური მიზეზი რთული სათქმელია, უფრო მარტივი და ლოგიკურია ვთქვათ, ყველა ერთად... როცა ნინო მეუღლესთან ერთად მატარებლით მგზავრობდა, მასთან არშიყი ბერიამ სცადა. სცადა და შოთა ყარალაშვილისგან საკადრისი პასუხიც მიიღო. შოთამ ცოლისა და მისი ღირსება დაიცვა, თუმცა დროებით...

ცნობილია ერთი ფაქტიც, რომელიც ისევ ბერიას უკავშირდება. გიორგი ელიავას გზად ბერია შეხვდა, რომელსაც არ მიესალმა. მას მანქანაში ნინო ცინცაძე ეჯდა... სანამ გოგი და ნინო საქართველოს ღირსებას იცავდნენ საკუთარი პროტესტით, მანამდე ბერია მათი განადგურების გეგმას ამუშავებდა...

 

ბერიას პირადი პატიმარი

 

ნიცა ხუციშვილი: „დეიდა მოდიოდა ქუჩაში, გაიარა ბერიამ, გამოყო მანქანიდან თავი და გამომაყოლა თვალიო. დედამისს უთხრა ცუდი წინათგრძნობა მაქვს, მგონი, ჩემს წასაყვანად მოვლენო. მეორე დღეს წაიყვანეს კიდეც... მანამდე დეიდას ჩემთვის ფინჯანი უჩუქებია... სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ სახლში საღამო ხანს, 1937 წლის 10 აგვისტოს მოაკითხეს. მოაკითხეს, წაიყვანეს და შინსახკომის მესამე განყოფილებაში, კომენდატურაში დატოვეს, შპიონაჟის ბრალდებით.“

კალისტრატე ცინცაძე წერილებს სწერდა მთავრობას, პირადად სტალინს. სურდა მასთან შეხვედრა, რომელიც არ შემდგარა. ითხოვდა პასუხს, გაეგებინებინათ მისი შვილის ბედი. როგორც სასულიერო პირი დელიკატურად კითხულობდა, როგორ მოეხსენიებინა ლოცვებში, როგორც ცოცხალი  თუ მკვდარი. კითხვა წლების მანძილზე უპასუხოდ დარჩა. სტალინმა არა, მაგრამ პატრიარქს შვილის ვერ დაბრუნების მიზეზი რეაბილიტაციის ცნობამ აცნობა, ნინო ცინცაძის  დახვრეტის ოქმს ხელს სტალინი აწერს... სოციალური წარმომავლობის გრაფაში, ხაზგასმით აღნიშნულია ნინოს სასულიერო პირის ოჯახი.  ის 42 წლის ასაკში, დაპატიმრებიდან ოთხ თვეში სასხლეტზე ერთი ხელის გამოკვრით დახვრიტეს.

კითხვას სად არის ნინო პასუხი გაეცა. პასუხი რომლის გაგებაც არავის სურდა. თუმცა, კალისტრატე ცინცაძე მხოლოდ მამა ვერ იქნებოდა, მისი წოდების, მოწოდებისა და თვისებების გამო. პატრიარქს არც პირადი ტრაგედიის შემდეგ დავიწყებია შესასრულებელი მისია. ცინცაძის მორალურად გატეხვა, ჯერ კიდევ მისი პატიმრობისას სცადეს, მერე სახელმწიფო უნივერსიტეტში საათები შესთავაზეს, ლექტორობას შეჰპირდნენ, ანაფორის გახდის სანაცვლოდ. ბოლოს კი, უფროსი შვილი დაუხვრიტეს.

პატრიარქი არ გატყდა, უფრო სწორად ვერ გატეხეს. ისევე ღირსეულად, უხმოდ ატარა შვილის დაკარგვის ტკივილი, როგორც რუსეთთან ბრძოლაში დაიცვა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის იდეა. კალისტრატე  წერილებს წერდა სტალინს. დაბადების დღესაც ულოცავდა იმას, ვინც ხელი მოაწერა ნინოს დახვრეტას.

„გამორიცხულია ემოციურად მძიმე არ ყოფილიყო პატრიარქისთვის წერილის მიწერა, სადაც სტალინს დიდხანს სიცოცხლეს უსურვებდა მაშინ, როცა მისი ქალიშვილი დახვრიტეს. ეს იყო დიპლომატიური გზავნილები.  ეს იყო იმის ფასი, რომ სვეტიცხოველი დგას... ქაშუეთი და სიონი დგას და იქ არაა სასადილო ან ჰიგიენის სახლი. ქართულმა ეკლესიამ მეორე მსოფლიო ომის დროს წითელი არმიისთვის მრევლში შეგროვილმა ორი ათასმა რუბლმა, სახელმწიფო ინტერესები დაიცვა. დიპლომატიურმა ნაბიჯმა შედეგი გამოიღო.“- ამბობდა ნიცა ხუციშვილი.

როგორია იყო დახვრეტილი უდანაშაულო ქალის შთამომავალი და როგორია იცნობდე მას, მხოლოდ სურათებით, რთული წარმოსადგენია, მაგრამ შესაძლებელი იმ რეალობაში, რომელიც ქართველებმა კომუნისტური რეჟიმის დამყარებით გაიარეს... მორიგი სისხლის ღვრა, მორიგი უდანაშაულო მსხვერპლი და მსხვერპლებზე აგებული ფსევდო სახელმწიფო საბჭოთა კავშირის სახელწოდებით. კიდევ ერთი შეწყვეტილი სიცოცხლე, შიშისა და ახლობლების ბედის გაფრთხილების გამო დუმილი. საუბარი მხოლოდ საკუთარ თავთან, კითხვები: რატომ? მერამდენე? როდემდე ალბათ ყველას აწუხებდა, თუმცა ყველამ კარგად იცოდა...

ნინო ცინცაძის საქმეში დანაშაულის ნიშნები ვერ მოძებნეს. მისმა ოჯახმა 1958 წლის 13 მაისს რეაბილიტაციის ცნობა მიიღო. ეს უსამართლო სამართლის აღიარებას ნიშნავდა თუ მეტ ცინიზმს კომუსნიტურ ენაზე საკითხავია...

ნინო ცინცაძის ყოფნა-არყოფნის საკითხი ადრევე დააყენეს ჩეკისტებმა. ანტისაბჭოთა განწყობის გრძელ სიაში 32-ე ადგილი სწორედ ნინოს ეკუთვნის, ვითომდა გადაბირებული საფრანგეთის დაზვერვის სასარგებლოდ.