„ბოლოს ნანახმა იმ დღის სიხარული ჩაუმწარა...“ - უცნობი ამბავი ილია მეორის ცხოვრებიდან

ილია-მეორე

45 წლის წინ, 1977 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII საეკლესიო კრებამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლად ერთხმად აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი. იმ დროს ის 44 წლის იყო.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ინტრონიზაცია კი სვეტიცხოვლის ტაძარში 25 დეკემბერს შედგა.

ამ დღესთან დაკავშირებით ილია მეორეს ნათესავის ნელი შიოლაშვილის მოგონებაზე ჟურნალი „ეპიზოდი“ წერს.

„საზეიმო აღსაყრდების გამო ბანკეტი სასტუმრო „ივერიაში“ გაიმართა. შემდეგ კი მოტოციკლეტისტების ესკორტმა სიონის გვერდით, საპატრიარქო რეზიდენციამდე მიაცილა. რამდენიმე ნათესავიც მიჰყვა. პატრიარქის მომავალ სამყოფელში ოდნავ ბჟუტავდა სინათლე. კართან სოხუმიდან ჩამოყოლილი მოხუცი მონოზონი, მატუშკა მანიფა შეეგება, მუხლებში ჩაუვარდა, პატრიარქობა მიულოცა. მოხუცი წამოაყენა, თავზე ხელი გადაუსვა, დალოცა და ცარიელ შენობაში შევიდა. დეკემბრის ბოლო იყო, გარეთაც ციოდა და შიგნითაც. საგანგებოდ მორეცხილი იატაკს შავ ლაქებად აჩნდა სისველე. ოთახის კედლებზე წინამორბედ პატრიარქთა სურათები ეკიდა, ყველასთან მივიდა, გაჩერდა, პირჯვარი გადაიწერა და ქართული ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის მადლობა მოახსენა. შემდეგ ისევ გამოვიდა, ნათესავებს დაემშვიდობა.

გულდამძიმებული წამოვიდა ნელი შიოლაშვილი, ბოლოს ნანახმა იმ დღის სიხარული ჩაუმწარა. შინდაბრუნებულმა დედას უამბო, როგორ ჩატარდა აღსაყდრება, როგორ მიაცილეს საპატრიარქომდე მათი საამაყო ბიძაშვილი და სრულიად მარტო, ერთი სუსტი, გაცრეცილი მოხუცის ანაბარად დატოვეს. – როგორ, ჯალაბობიდან არავინ დარჩა? – იკითხა დედამ. – დედა, დღეიდან მისი ჯალაბობა მთელი საქართველოა და ის უნდა იყოს ყველას პატრონი, – უპასუხა ნელიმ.

იმ საზეიმო დღეს ერთმა სასულიერო პირმა დანანებით თქვა: პატრიარქმა ჩაიბარა სუდარაგადაფარებული ეკლესიაო. ეკლესიას მრევლი არ ჰყავდა, ქრისტიანობის მაღალი იდეალები ყოფით ჩვევებს შეეცვლა. არავინ იცავდა მარხვას, არ იღებდა ზიარებას. ცხვრის შეწირვა ღვთიურ ცხოვრებად მიიჩნეოდა. მოქმედებდა მხოლოდ 34 ეკლესია, 4 მონასტერი, იყო სულ 80 სასულიერო პირი, 7 მღვდელმთავარი. ეკლესიებში მოწყობილი იყო ბიბლიოთეკა, თეატრი, საწყობი, აბანოც კი. ისტორიული საპატრიარქო შენობა მილიციის მთავარ სამმართველოს ეჭირა. არსებობდა მხოლოდ ერთი სასულიერო სემინარია, არ იბეჭდებოდა არანაირი რელიგიური ლიტერატურა. გალობას და ხატწერას არავინ აქცევდა ყურადღებას.

ახალ პატრიარქს არ ჰქონდა არავითარი დასაყრდენი, გარდა რწმენისა, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, ჩიხი, კედელი, მთავარია, რა ნაბიჯს გადადგამ.

1989 წელს თავფარავნის ტბისა და ფოკას მონახულება გადაწყვიტა. საბჭოთა კავშირს იქ სასაზღვრო პუნქტი ჰქონდა გახსნილი და საგანგებო საბუთის გარეშე არავის უშვებდნენ. პატრიარქს თან პასპორტი არ აღმოაჩნდა და მესაზღვრეებმა უარი უთხრეს, ვერ გაგატარებთო. მოხერხდა და შეუშვეს იმ ადგილების მოსანახულებლად, საიდანაც წმიდა ნინო საქართველოში შემოვიდა. დახვდა სრულიად დარღვეული ეკლესია და ხალხი, რომელთაც ქართულად ერთი სიტყვის წარმოთქმა არ შეეძლო.

გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო: – მე ვიქნები პირველი ქართველი, ვინც აქ ფუძეს გაიჩენს. – ეკლესიის ახლოს მდგარი სახლი შეისყიდა და იქ ჩაეწერა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოფიციალური მისამართი გახდა: ბოგდანოვკის რაიონი, სოფელი ფოკა…

საქართველოს ეკლესიამ ისტორიულად კუთვნილი ადგილი და აღიარება უნდა დაიბრუნოს – ეს გახდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. 10 წელი, 1979 წლის მაისიდან 1990 წლის 4 მარტამდე, განუწყვეტელი მოლაპარაკება მიმდინარეობდა, არაერთი დაძაბული შეხვედრა გაიმართა სტამბოლსა და თბილისში. მართლაც რომ, თითოეულ სიტყვაზე იყო დავა. ქართული მხარე მოითხოვდა ჩაწერილიყო არა „ვამტკიცებ“ ან „ვადასტურებ“, არამედ „ვცნობ უძველეს ავტოკეფალიას“ და მიაღწიეს ამას.

რჩებოდა მირონის დამზადების უფლება. სრული ავტოკეფალიისათვის კი ეს უფლებაც აუცილებელია. ბერძენმა მღვდელმთავარმა განაცხადა: წმიდა მირონს ჩვენი ხარჯით გამოგზავნით ხოლმეო. ილია მეორე წამოდგა, სახეზე შეუვალობა გამოესახა: – ქართველი ხალხი ასეთ აღიარებას არ მიიღებს. ვერავინ იკისრებს ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობას, რომ ავტოკეფალიურმა ეკლესიამ მირონი კონსტანტინეპოლიდან მიიღოს! – პატრიარქმა მოლაპარაკება შეწყვიტა და სტუმრებს დაემშვიდობა.

მსოფლიო საპატრიარქო იძულებული გახდა, დაეთმო და მიეღო საქართველოს ეკლესიის პირობები. მირონის შესახებ ჩაიწერა: „გადაწყდეს ტრადიციის მიხედვით“. ტრადიციულად კი, მირონი საქართველოში იხარშებოდა…

ომი 8 აგვისტოს დაიწყო. მდგომარეობა რამდენჯერმე შეიცვალა. საბოლოოდ ჯარმა უკან დაიხია, მოსახლეობა აიყარა და დახოცილი მეომრები ბრძოლის ველზე დარჩნენ. არანაირმა ხერხმა არ გაჭრა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა არავის მისცეს. კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს გორსა და ნიქოზში შესასვლელად კორიდორის გაკეთება სთხოვა. თუმცა პასუხი ვერ მიიღო, სასულიერო პირებთან ერთად 15 აგვისტოს გორში ჩაბრძანდა. შემაძრწუნებელი ტრაგედია ტრიალებდა ქართლში – იბომბებოდა გორი, იწვოდა ბორჯომის ტყეები, აღმოსავლეთსა და დასაველეთს შორის მიმოსვლა ჩაკეტილი იყო, საავტომობილო გზა დანაღმული, მონასტრები და ეპარქიები დარბეული და გაძარცული. პატრიარქის ავტორიტეტმა მტერთანაც გაჭრა, მოსახლეობას შეხვდა, დაამშვიდა, საკვები დაარიგეს. უკან დაბრუბისას 6 დაღუპული ჯარისკაცი გადმოასვენეს, შემდეგ სხვა სასულიერო პირებმა გააგრძელეს ეს უმძიმესი, მაგრამ აუცილებელი საქმე“