გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ტელეწამყვანმა თამუნა მუსერიძემ დაახლოებით ორი წლის წინ შექმნა ფეისბუქ ჯგუფი სახელით - „ვეძებ“, რომლის საშუალებითაც ადამიანებს ბიოლოგიური მშობლები და შვილები ეპოვათ.
როგორც თამუნა ამბობს, ჯგუფში არის გაწევრიანებული 162.000 ადამიანი. წელიწადნახევრის განმავლობაში დადასტურებულად იპოვეს 500 ოჯახზე მეტი.
მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე თამუნა ამტკიცებს, რომ საქართველოში ბავშვების უკანონო, მასიური გაშვილება 1960-იანი წლებიდან იწყება და 2005 წლამდე გრძელდება. მისივე თქმით, რამდენიმე დღის ამერიკაში მცხოვრებმა ქალბატონმა უამბო, რომ ის თურმე 90-იან წლებში ამერიკაში გაუყიდიათ. ტელეწამყვანმა ლაივ-ჩართვა მიუძღვნა ამ თემას.
- თითქმის ორ წელია არსებობს ფეისბუქ ჯგუფი „ვეძებ“, სადაც არაერთი გაშვილებული და მოპარული ბავშვი ვიპოვეთ. არაერთი მოპარული შვილი მივუყვანეთ დედას, რომელსაც ის გარდაცვლილი ეგონა. ბევრმა არ იცის, ამიტომ დღევანდელ ისტორიას საჯაროდ მოვყვები. ვეცდები, ოჯახური დეტალები სააშკარაოზე არ გამოვიტანო...
საქართველოდან ამერიკაში გაშვილებული გოგონა ჯერჯერობით ცდილობს, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს ანონიმურობა გარკვეული მიზეზების გამო. გეტყვით, რომ ის არ არის ერთადერთი ბავშვი, რომელიც საქართველოდან არის მოპარული და გაყიდული. 2005 წელს დაიჭირეს ოლგა გორელიკი, რამდენიმე ქართველ ექიმთან ერთად. მას სახლში ჰყავდა გასაშვილებლად ამზადებული ბავშვები. ეს ბავშვები ჰყავდა გაფორმებული თავის სახელსა და გვარზე, ვითომ ის იყო მათი დედა. ბავშვები გაჰყავდა საქართველოს ფარგლებს გარეთ. მსგავსი ფაქტი არის უამრავი. საქართველოდან ბავშვების გაყიდვა დაიწყო 1992 წელს. ზოგი მშობელი საკუთარი სურვილით ტოვებდა ბავშვს, ზოგს კი ეუბნებოდნენ, რომ ბავშვი გარდაიცვალა, ამ დროს კი ბავშვებს ყიდდნენ. წელიწა- ნახევრის განმავლობაში მე და ჩემი ჯგუფის ადამიანებმა არაერთი შეურაცხყოფა, ლანძღვა, გინება, მუქარა გადავიტანეთ ძირითადად სამედიცინო პერსონალის და მათი ახლობლების მხრიდან.
ისინი გვიმტკიცებდნენ, რომ მაშინდელი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იყვნენ გმირები, რომ ისინი ბავშვებს კეთილი მიზნებისთვის აშვილებდნენ, რათა ეს ბავშვები კარგ პირობებში გაზრდილყვნენ. ანუ, თავად წყვეტდნენ, რა აჯობებდა ამ ბავშვების და მათი მშობლებისთვის...
მე პირადად ვესაუბრე იმ ქალბატონს, რომელსაც საქართველოდან გაჰყავდა ბავშვები და შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ თვეში 20-დან 30 ბავშვამდე გადიოდა მარტო ამერიკაში და კანადაში. ეს არის დაზუსტებული, დადასტურებული, ოფიციალური ინფორმაცია. არ გეგონოთ, რომ ეს ბავშვები ქვეყნიდან არაოფიციალურად გადიოდნენ. არა, ეს ბავშვები ოფიციალურად გაჰყავდათ. მე ამ ბავშვების ყველანაირი საბუთები მაქვს, გაშვილების, შვილად აყვანის და ა.შ. ოდესმე თუ გამოფხიზლდება რამე სტრუქტურა და გადაწყვეტს ამ საქმეებს ხელი მოჰკიდონ, მე მზად ვარ, რომ მათთან ვითანამშრომლო და მივაწოდო ყველანაირი ინფორმაცია, რომელიც მაქვს.
რაც შეხება დღევანდელ ისტორიას, რომლის მსგავსი არაერთი გვაქვს და ეს მართლა საქართველოს ტრაგედიაა... ამერიკელი გოგონას მეგობარი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ამ გოგონას თავისმა გამზრდელმა მამამ უთხრა: - 1993 წელს ჩვენ ჩავედით საქართველოში, უნდა აგვეყვანა ბავშვი და ქალბატონი ლალი, რომლის გვარსაც არ ვასახელებ, გარკვეული მიზეზების გამო, დაგვეხმარა შენს შვილად აყვანაშიო. მე და დედაშენი ჩამოვედით საქართველოში და მე ვარ მოწმე, რომ შენს ბიოლოგიურ დედას უთხრეს, ბავშვი გარდაიცვალაო. როგორც ბიოლოგიურმა დედამ იცოდა, მას ხელი მოაწერინეს ბავშვის გარდაცვალების საბუთზე და სინამდვილეში ბავშვის გარდაცვალების საბუთს კი არ მოაწერა ხელი, არამედ ბავშვის გაშვილებასო, უთქვამს გამზრდელ მამას. გიმეორებთ, ამას ამბობს და ადასტურებს აღმზრდელი მამა.
ამის შემდეგ მოხდა ბავშვის ამერიკაში გაყვანა. ანუ, წარმოიდგინეთ 18 წლის დედა, რომელსაც ორსულობიდანვე ეუბნებიან, რომ ბავშვს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და ბავშვი ვერ იცოცხლებს, აჩენს შვილს, რომელსაც უყიდიან. დედას უკვე წინასწარ აგუებდნენ, რომ მშობიარობის შემდეგ ბავშვს შეექმნებოდა ჯანმრთელობის პრობლემა.
ალბათ ფიქრობდნენ, რომ ასე უფრო ნაკლებად მძიმედ გადაიტანდა ამ ამბავს. ბავშვი რომ გაჩნდა, დედას უთხრეს, რომ ახალშობილი დამძიმდა და გარდაიცვალა. ბიოლოგიურ დედას იმ დროს მოაწერინეს ხელი მოტყუებით გაშვილების საბუთზე, როცა ამ ყველაფერს ესწრებოდა აღმზრდელი მამა. ხელი მოაწერინა ქართველმა ქალმა, ქალბატონმა ლალიმ...