ამ სიყვარულის ამბავი, ყველაზე გახმაურებული სკანდალი იყო თბილისში - არქიმანდრიტი ილიას საერო ცხოვრების ისტორია

ბერი ილია

ერისკაცობაში ის სანდრო კავსაძე იყო, დღეს ბერი ილიაა. ერისკაცობაში – სახელმწიფო მოხელე, დღეს – ღვთის მსახურია. სპორტსმენი, ცეკას ინსტრუქტორი, გორის რაიკომის პირველი მდივანი, 7 წელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, წოდებით გენერალი, ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე, მთავარი სახელმწიფო არბიტრი, დეპუტატი, ვიცე-პრემიერი და პრივატიზაციის მინისტრი, ადამიანის უფლებათა და ეროვნებათა შორის ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე – ეს იმ რეგალიათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც ბერ ილიას დღეს უკვე უკან აქვს მოტოვებული, წინ მხოლოდ უფალი და სიყვარულია, რომელსაც მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა, სიყვარული, რომელიც დაკარგა მეუღლის გარდაცვალებასთან ერთად და ახლა მასთან შესახვედრადაც ემზადება.

გთავაზობთ ბერი ილიას ინტერვიუს „პრაიმთაიმის“ არქივიდან, რომელიც პირველად გამოქვეყნდა 2016 წლის 13 აპრილს დაიბეჭდა. სტატიაში არის პირველი ემოციები, მღელვარება და მომავლის განჭვრეტა, თუ რაზე თქვა უარი და რას ელოდებოდა ახლა უკვე არქიმანდრიტი სასულიერო ცხოვრებაში. აქვე ნახავთ ფოტოს, რომელიც 1992 წელს New York Time-ში დაიბეჭდა, მეორედ მხოლოდ გაზეთ „პრაიმთაიმში“. (ინტერვიუს ავტორია: თამარ გორთამაშვილი)

ვფიქრობდი, როგორ დამეწყო საუბარი ბერთან მის წარსულზე, თუმცა ეს დაბრკოლება თავადვე მომიხსნა... ბერი ილია, ხილიანზე, წმინდა ბარბარეს სახელობის მამათა მონასტერში ვნახე. ინტერვიუზე ვერ დავითანხმე, მითხრა: მხოლოდ ვისაუბროთ და ყველაფერს მოგიყვები, რა იყო, რა არის და საით მივდივარო.

რაც იყო...

დატვირთული ცხოვრება მქონდა, დადებითიც ბევრი იყო და უარყოფითიცო, – მითხრა. იქვე ბოდიში მომიხადა, ინტერვიუს ვერ გაძლევ და ეს საუბარიც ჟურნალისტთან რაღაც პერიოდის განმავლობაში ბოლო იქნებაო. მიზეზი ამიხსნა: „ბერობას ბევრი რამ მოსდევს, რომელიც აქამდე არ ვიცოდი. რაც მთავარია, ბერობას არ უხდება სიტყვამრავლობა, ადამიანებისა და მოვლენების განსჯა, საზოგადოებრივი აქტივობა.


მისი დიდი ბაბუა მღვდელი ყოფილა, თავად, ისევე როგორც მთელი მისი თაობა, რელიგიისგან შორს იყო. ვერც დღეს ხსნის ბოლომდე, რამ განაპირობა მისი დღევანდელი მდგომარეობა. ამბობს, რომ უფალი წყვეტს იმ საკითხებს, რომელსაც ადამიანის გონება ვერ სწვდება. ის კომუნისტური პარტიის წევრი, მაშინდელი რეჟიმის შვილი იყო. წარმატებულ კარიერას იკეთებდა. როგორც მითხრა, პარტიაში კორუფციასთან საბრძოლველად შევიდა. 19 წლისა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. აკადემიური ნიჩბოსნობის ნაკრების წევრი იყო. საბჭოთა კავშირის პირველობა ახლოვდებოდა და რესპუბლიკაში დატოვეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 32 წლის ასაკში გადაიყვანეს, 36 წლისა კი უკვე გენერალი იყო, ყველაზე ახალგაზრდა გენერალი მთელ საბჭოთა კავშირში, საკავშირო მინისტრმა დეპეშით აცნობა ამის შესახებ...

ამბობს, რომ ურწმუნო საზოგადოებაში გაიზარდა და თავადაც, როდესაც ახალგაზრდა იყო, ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ ბერად აღიკვეცებოდა. იარაღი არასოდეს გამოუყენებია. აფრასიძეების გახმაურებული ამბავი მომიყვა, სვანეთში გაქცეული, 20 წლის ძებნილის დაკავების ოპერაცია დაუგეგმავს 1980 წელს. ოლიმპიური თამაშები იწყებოდა და დავალება მიუღიათ: „არც ერთი ძებნილი, პირდაპირ ლიკვიდაცია მოხდესო“. პირველი ოპერაცია რომ ჩაატარეს, 60 კაცი წაუყვანიათ მთაში, ტყე-ღრე უვლიათ. ძებნილის შვილს გაუგია და მოკლე გზით გაქცევა გადაუწყვეტია. ჩასაფრება იყო გზაზე. ჯგუფს მსოფლიო ჩემპიონი გივი ყვარელაშვილი ხელმძღვანელობდა. კავსაძისთვის მოუხსენებია, შეგვიძლია, ლიკვიდაცია მოვახდინოთო, მაგრამ მცირეწლოვან შვილთან ერთად არის და როგორც გვეტყვით, ისე მოვიქცევითო. მინისტრის მოადგილემ სროლაზე უარი თქვა, ოპერაცია ჩავარდა. ამის გამო ლამის თანამდებობიდან მოხსნეს, თუმცა მეორე ჯერზე გაუმართლათ... განაგრძეთ კითხვა