„ყველა სკოლა ვალდებულია, იპოვოს დამატებითი გზები...“ - იგეგმება თუ არა სკოლებში პირველადი დახმარების ცალკე საგნად სწავლება 

სკოლა

მსოფლიოს ქვეყნებში არსებულ სკოლებში სამოქალაქო უსაფრთხოების კომპონენტის სწავლება სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. არც საქართველოა ამ მხრივ გამონაკლისი, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი ნიკო სილაგაძე „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, ყველა სკოლა ვალდებულია, იპოვოს დამატებითი გზები ამ კუთხით ცნობიერების ასამაღლებლად.

„სკოლებში პრიორიტეტული თემა არის უსაფრთხოება, რაც მხოლოდ პირველად დახმარებას არ გულისხმობს,  ყველა სკოლა ვალდებულია, რომ იპოვოს დამატებითი გზები ამ კუთხით ცნობიერების ასამაღლებლად.  სკოლებს უფლება აქვთ აღნიშნულის შესახებ, როგორც დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება, სწავლება შესთავაზონ მოსწავლეებს",- განაცხადა მან.

იგეგმება თუ არა სკოლებში პირველადი დახმარების, როგორც ცალკე საგნად, სწავლება? - როგორც სილაგაძე აცხადებს, ჯერჯერობით, ამ სტანდარტზე მუშაობა არ მიმდინარეობს.

„არჩევითი საგნის სახითაც ითქვა, მაგრამ ჯერჯერობით, ამ სტანდარტზე მუშაობა არ მიმდინარეობს. სკოლებმა უნდა ეძებონ გასაძლიერებელი გზები, რაც უსაფრთხოების კომპონენტის სწავლებას უკავშირდება. კანონი ამაში სკოლებს არ ზღუდავს“,- განაცხადა სილაგაძემ.

რას სწავლობენ ბავშვები ამჟამად უსაფრთხოების მხრივ და რომელ კლასებში?

სილაგაძის თქმით, საგანში ბუნების მეტყველება და საგანში ბიოლოგია, მეექვსე და მერვე კლასებში, ეს საკითხები სიღრმისეულად არის განხილული.

„სკოლებში პირველადი დახმარების შესახებ საგანი არ ისწავლება, თუმცა საგანში ბუნების მეტყველება და საგანში ბიოლოგია, მეექვსე და მერვე კლასებში, ეს საკითხები ჩაღრმავებით არის განხილული. სამოქალაქო უსაფრთხოების კომპონენტი, რომელ ნივთიერებებს როგორ მოვეპყროთ, რომელს რა თვისებები აქვს, გარდა ამისა, მოქალაქეობრივად პრევენციული ზომები რა მივიღოთ საგანგებო სიტუაციაში მართვის დროს,  ეს საკითხები სამოქალაქო განათლებაში ნამდვილად ისწავლება. ასევე, აღნიშნული კომპონენტი გვაქვს საზოგადოებრივ მეცნიერებებშიც“,- განაცხადა სილაგაძემ.