ექსპერტმა დაასახელა 4 „აკრძალული ფრაზა“, რომელიც მანქანის ყიდვისას არ უნდა თქვათ
1757190228
საერთაშორისო კონფერენცია ალგებრაში, ანალიზსა და გამოყენებებში - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) მათემატიკოსთა კონფერენციას მასპინძლობს. მასში, ქართველ პროფესორებთან ერთად, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მეცნიერები მონაწილეობენ. კონფერენცია გახსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ. მან საუბრისას კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრები ხელს შეუწყობს სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის სკოლის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ ბოჭორიშვილმა და ამავე სკოლის პროფესორმა ალექსანდრე მესხმა. ღონისძიებას დაესწრნენ KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, KIU-ს სკოლების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები. საერთაშორისო კონფერენციის მიზანია, მათემატიკურ მეცნიერებებში მომუშავე მკვლევრების, პროფესორების შეკრება და ახალი კავშირების დამყარების ხელშეწყობა როგორც თეორიული და გამოყენებითი მიმართულებებით, ასევე ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სფეროებში. აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XV საერთაშორისო კონფერენციის შემადგენელ ღონისძიებას, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ბათუმში მიმდინარეობდა. „კონფერენცია იძლევა უნიკალურ საშუალებას ახალგაზრდებმა გაიცნონ დარგის წამყვანი სპეციალისტები და დაამყარონ პროფესიული კავშირები. მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები წარმოადგენენ თავიანთ უახლესს შედეგებს ანალიზისა და ალგებრის მიმართულებებით. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა მოხსენებებს გამოყენებითი მათემატიკიდან. განხილული იქნება ხელოვნური ინტელექტის წინაშე არსებული გამოწვევები. ღონისძიება მნიშვნელოვანია როგორც უნივერსიტეტის სამეცნიერო ცხოვრებისათვის, ასევე დიდ სტიმულს მისცემს ახალგაზრდებს, გაეცნონ თანამედროვე გამოწვევებს მათემატიკურ მეცნიერებებში“, განაცხადა კონფერენციის ორგანიზატორმა, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრმა და KIU-ს მათემატიკის სკოლის პროფესორმა ალექსანდრე მესხმა. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საუნივერსიტეტო ქალაქის გაცნობის მიზნით, სტუმრებისთვის მოეწყობა კამპუსის ტური. უცხოელი მეცნიერები გაეცნობიან ულტრათანამედროვე კამპუსს, კეთილმოწყობილ საცხოვრებელ და სასწავლო კორპუსებს, თანამედროვე ლაბორატორიებს, ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებულ ინფრასტრუქტურას, უნიკალურ ეკოსისტემას. დაგეგმილია ვიზიტი ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში. საერთაშორისო კონფერენცია KIU-ში 10 სექტემბერს დასრულდება.