იურისტი ეკა კოკიჩაიშვილი გარდაიცვალა
1789131919
„28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოსწავლეები მალე ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ. წლის ბოლომდე კი კიდევ 25 სკოლის დასრულებას ვგეგმავთ”, — ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტებზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო არაერთ გაჭიანურებულ პროექტზე მუშაობს და არსებული პრობლემების მოგვარებასთან ერთად, სისტემური ცვლილებების განხორციელებაც მიმდინარეობს.
„ამ მიმართულებით ნამდვილად გვაქვს პრობლემები. ძალიან ბევრი სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია გაჭიანურდა, რაც საბოლოოდ პირდაპირ აისახება მოსწავლეებზე და იმ პირობებზე, რომლებშიც მათ დღეს უწევთ სწავლა. ჩვენ ამ პრობლემებზე საუბარს არ გავურბივართ. პირიქით, ჩვენი მიდგომაა, ღიად ვისაუბროთ არსებულ გამოწვევებზე, მოვახდინოთ მათი იდენტიფიცირება და თითოეულზე კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ”, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.
გასული წლის სექტემბრიდან სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიმართულება ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გადაიბარა. ამ დროისთვის დასრულებულია 28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, წლის ბოლომდე კი 25 სკოლის დასრულება იგეგმება. ამასთან, 46 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე სამშენებლო ტენდერები მიმდინარეობს, ხოლო წლის ბოლომდე დამატებით დაახლოებით 60 სკოლაზე სატენდერო პროცედურების გამოცხადება იგეგმება.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ასევე მუშაობს ტიპური სასკოლო პროექტების შექმნაზე. აღნიშნული მიდგომა შესაძლებელს გახდის, ახალი სკოლის მშენებლობის საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ მომზადებული პროექტი კონკრეტულ ადგილსა და საჭიროებებს მოერგოს, რაც დაპროექტებისა და შემდგომი პროცესების ვადებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
რევაზ სოხაძის განცხადებით, სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციასთან დაკავშირებული დაგროვილი პრობლემები სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით იყო გამოწვეული, თუმცა სამინისტრო პასუხისმგებლობის სხვა მხარეებზე გადატანას არ აპირებს.
„ჩვენ არ ვაპირებთ პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანას. ეს მიმართულება გადავიბარეთ, პროცესის მართვაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ და სწორედ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, როგორ განვითარდება ის მომავალში, როგორი იქნება მშენებლობის ტემპი და რამდენად დროულად დასრულდება თითოეული პროექტი. კარგად გვესმის, რას ნიშნავს ბავშვისთვის და მისი ოჯახისთვის სკოლის მშენებლობის ან რეაბილიტაციის თითოეული გადაცილებული დღე. ამიტომ ამ პასუხისმგებლობას სრულად ვიაზრებთ. ჩვენი ამოცანაა, არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადავჭრათ, მიმდინარე პროექტები ხარისხიანად დავასრულოთ და პროცესი ისე გავმართოთ, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები აღარ დაგროვდეს”, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
იურისტი ეკა კოკიჩაიშვილი გარდაიცვალა
1789131919
საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1789069156