განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას გულისხმობს

ქარტული ენა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მოქალაქეების ნანა მაჭავარიანისა და გიორგი გოგოლაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება განიხილეს, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას გულისხმობს.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, ქართული ენის სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში 2005 წელს შეწყდა და საუნივერსიტეტო საგანი „ქართული ენა“ გაუქმდა.

როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ აღნიშნა, სიმბოლურია, რომ სწორედ ქართული ენის დღეს კომიტეტი საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას გულისხმობს.

„20 წლის წინ მიიღეს უსამართლო გადაწყვეტილება, ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს გადაწყვეტილება უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში შევცვალოთ. ორიენტირი გვაქვს, რომ მომავალი სასწავლო წლისთვის, უკვე სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის სავალდებულო სწავლება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომიტეტმა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას მხარი ერთხმად დაუჭირა.