„2026 წლისთვის ახალი სასკოლო სახელმძღვანელოები შეიქმნება“ - განათლების მინისტრი

ალექსანდრე წულაძე

„წიგნები და სახელმძღვანელოები შეუცვლელ ინსტრუმენტად რჩება, ამიტომ განათლების სამინისტრო მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს არსებული სახელმძღვანელოების განახლებაზე“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ „ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომავალი წლისთვის სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი სახელმძღვანელოები დაიბეჭდება.

„წელს ჩვენ შევიმუშავეთ ყველა საგნის ახალი სტანდარტი და უკვე მომავალი წლიდან ვაპირებთ, რომ ამ განახლებული სტანდარტის შესაბამისად დაიბეჭდოს ახალი წიგნები.

ამასთან დაკავშირებითაც არაერთი კვლევა არის, არაერთი ინფორმაცია გვაქვს, როგორც შიგნიდან, ისე, გარედან მიღებული თუ სად რა გამოწვევებია სახელმძღვანელოების ნაწილში და ზუსტად ამის საპასუხოდ, ჩვენ გვექნება, როგორც ბეჭდვის ნაწილში გარკვეული სიახლეები, ასევე, შინაარსის თვალსაზრისითაც განახლებული იქნება.

სტანდარტი, რომელიც შემუშავდა, მოიცავს საერთაშორისო გამოცდილებასაც. წელს სტანდარტებზე დაფუძნებით კონცეფციას გავაკეთებთ და შემდეგ, 2026 წლისთვის შეიქმნება ახალი სახელმძღვანელოები,“ - აღნიშნა ალექსანდრე წულაძემ.