საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები გაიზარდა

ეროვნული ბანკი

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები გაიზარდა - ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ამჟამად ქვეყანას ოთხ-ნახევარი მილიარდი დოლარის რეზერვი აქვს და ის, ბაზრის არსებული ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, კიდევ იზრდება.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, უცვლელი დარჩა რეფინანსირების განაკვეთი და ის კვლავ 8%-ს შეადგენს.

"მიმდინარე პერიოდში ბაზრის ხელსაყრელი კონიუნქტურიდან გამომდინარე სებ-ი რეზერვების დაგროვებას განაგრძობს. მოგეხსენებათ, რომ მარტის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 101.7 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა, ტენდენცია გაგრძელდა აპრილშიც. ოქროს ფასის ზრდის გამო, მთლიანი რეზერვის მოცულობა დაახლოებით 42.9 მილიონი აშშ დოლარი შეივსო, რაც ერთმნიშვნელოვნად უსვამს ხაზს რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას", - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე.