რა ხდება, როდესაც სესხს ვეღარ იხდით? - მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროცედურების შესახებ

sesxis ageba

სესხის აღება თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. როგორც წესი, ეს პროცესი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება. მომხმარებლები სესხს იღებენ სხვადასხვა მიზნით, იქნება ეს უძრავი ქონების შეძენა, ბიზნესის დაწყება თუ პირადი ხარჯების დაფინანსება. თუმცა, ცხოვრებისეული გარემოებების ცვლილება, როგორიცაა სამსახურის დაკარგვა, ჯანმრთელობის პრობლემები თუ ფინანსური კრიზისი, ხშირად ართულებს სესხის დროულ გადახდას.

გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელს უწევს გარკვეული პროცედურების გავლა, დაწყებული ბანკთან მოლაპარაკებიდან, დამთავრებული სასამართლო დავითა და იძულებითი აღსრულებით. ამ პროცესის ცოდნა კი აუცილებელია, რათა მსესხებელმა დაიცვას თავისი უფლებები, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები და შეძლოს პრობლემის ეფექტური მართვა.

პირველი ვადაგადაცილება
სესხის პირველი გადაუხდელობა ხშირად ხდება მსესხებლის ფინანსური სიტუაციის მოულოდნელი ცვლილების გამო. ეს შეიძლება ფინანსური პრობლემების ან თარიღის გამორჩენის გამო მოხდეს. თუ აიღეთ სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე, მაგრამ დაფარვის პროცესი შეფერხდა, მიუხედავად მიზეზისა, თუნდაც ერთი დღით გადაცილებაც კი, ფორმალურად ვადაგადაცილებად ითვლება და გარკვეულ შედეგებს იწვევს.

პირველ რიგში, ბანკი გამოაგზავნის შეტყობინებას გადახდის ვადის გადაცილების შესახებ. ეს შეიძლება იყოს SMS, ელექტრონული ფოსტა ან წერილი. ზოგიერთ შემთხვევაში, თუ გადახდა მალევე არ მოხდა, ბანკი მსესხებელთან დაკავშირებას ტელეფონის საშუალებითაც ცდილობს. ეს შეტყობინება მოიცავს ინფორმაციას გადასახდელი თანხის, პირგასამტეხლოსა და გადახდის ბოლო ვადის შესახებ.

სესხის ხელშეკრულებაში ხშირად არის გაწერილი პირგასამტეხლო პირველი და მომდევნო ვადაგადაცილებებისთვის. ეს საურავი ძირითადად გამოითვლება გადაუხდელი თანხის პროცენტული მაჩვენებლით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საურავი შეიძლება იყოს ფიქსირებული ან პროგრესული, ანუ იზრდებოდეს ვადაგადაცილების პერიოდის პროპორციულად. 

მოლაპარაკება ბანკთან
თუ სესხის გადახდა ჭიანურდება და მსესხებელს უჭირს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში თანხის დაფარვა, აუცილებელია ბანკთან პროაქტიული კომუნიკაცია. პირველ რიგში, მსესხებელი უნდა დაუკავშირდეს ბანკს და დეტალურად აუხსნას, თუ რა გარემოებები აფერხებს გადახდის პროცესს. ეს შეიძლება იყოს დროებითი ფინანსური სიძნელეები, სამსახურის დაკარგვა, ჯანმრთელობის პრობლემები თუ სხვა ობიექტური მიზეზები. მნიშვნელოვანია, ბანკს ჰქონდეს ნათელი სურათი მსესხებლის მდგომარეობის შესახებ, რათა შეაფასოს მისი გადახდისუნარიანობა და მზაობა ვალდებულების შესასრულებლად.

რა თქმა უნდა, ბანკი დეტალურად შეისწავლის მსესხებლის ფინანსურ მდგომარეობას და მის მიერ წარმოდგენილ გადახდის გეგმას. გადაწყვეტილების მიღებისას, ბანკი აფასებს მსესხებლის კეთილსინდისიერებას, მის მიერ წარსულში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ისტორიას და მომავალში გადახდისუნარიანობის აღდგენის პერსპექტივას. ასევე მხედველობაში მიიღება უზრუნველყოფის საკითხი, მსესხებლის სხვა აქტივები და დამატებითი გარანტორების არსებობა.

სასამართლო დავის დაწყება
მიუხედავად იმისა, რომ ბანკები ცდილობენ მაქსიმალურად მოერიდონ სასამართლო დავებს და მსესხებელთან შეთანხმებით მოაგვარონ სადავო საკითხები, გარკვეულ შემთხვევებში მათ მაინც უწევთ იურიდიული მექანიზმების ამოქმედება საკუთარი ინტერესების დასაცავად. ბანკი უფლებამოსილია, სასამართლოს მიმართოს, თუ:

- მსესხებელი არ იხდის სესხს ხანგრძლივი პერიოდის (ჩვეულებრივ, 90 დღეზე მეტი ხნის) განმავლობაში და არ გამოთქვამს გადახდის სურვილს ან შეუძლებლობას;

- მსესხებელთან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა და ვერ მოხერხდა ურთიერთმისაღები გადახდის გეგმაზე შეთანხმება;

- მსესხებელი არღვევს სესხის ხელშეკრულების სხვა არსებით პირობებს, მაგალითად, არ წარმოადგენს ინფორმაციას ფინანსური მდგომარეობის შესახებ ან არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;

სასამართლო დავა იწყება ბანკის მიერ სარჩელის შეტანით. ასამართლო განიხილავს წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ორივე მხარის არგუმენტებს და იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. თუ სასამართლო დაადგენს, რომ მსესხებელს აქვს დავალიანება და არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, ის გამოიტანს გადაწყვეტილებას მსესხებლის წინააღმდეგ.

ბანკის სასარგებლო გადაწყვეტილების შემთხვევაში, მსესხებელს დაევალება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოს და სასამართლო ხარჯების სრულად დაფარვა. ამ გადაწყვეტილების შეუსრულებლობისას საქმე გადაეცემა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც უფლებამოსილია იძულებით აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება მსესხებლის ქონებაზე ყადაღის დადების, საბანკო ანგარიშების დაყადაღების, ხელფასიდან თანხის დაქვითვის ან სხვა კანონიერი გზებით.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო დავა არის კანონიერი და ლეგიტიმური იარაღი ბანკის ხელში, ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და სტრესულია ორივე მხარისთვის. ამიტომ, თუ ჯერ კიდევ არსებობს მოლაპარაკების გზით პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა, უმჯობესია მხარეებმა ამ გზას მიმართონ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დაელოდონ სასამართლოს ჩარევას.