ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ამერიკული იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმების ნებართვა მისცა - როიტერი

ბაიდენი-ზელენსკი

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოხსნა შეზღუდვები, რომლებიც უკრაინას უკრძალავდა აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებას.

ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც წყაროები ამბობენ, უკრაინა შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებას პირველად მომდევნო დღეებში გეგმავს, თუმცა უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე, დეტალებს არ ასაჯაროებენ.

თეთრმა სახლმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარისგან თავი შეიკავა. ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, პირველი დარტყმები შორი მანძილიდან სავარაუდოდ ATACMS-ის ტიპის რაკეტებით განხორციელდება, რომლის მოქმედების რადიუსიც 306 კილომეტრია.

უკრაინის პრეზიდენტი რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა, რომ სამხედროებს მისცემოდათ უფლება, ამერიკული იარაღით დაერტყათ რუსეთის სამხედრო ობიექტებისთვის შორი მანძილიდან.

ცნობისთვის, რუსეთმა ადრე განაცხადა, რომ ისინი უკრაინისთვის აშშ-ის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების შემსუბუქებას მნიშვნელოვან ესკალაციად აღიქვამდნენ.