რა ღირს ოქროს „ოქროს ბირჟაზე“ - ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ოქრო

მსოფლიოში ოქრო გაძვირდა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 17 ივლისის მონაცემებით, თბილისის დროით 11:00 საათზე, ძვირფასი ლითონის ფასმა უნციაზე 2 466 დოლარი შეადგინა.

Gold Price-ის მონაცემების თანახმად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, წინა თვესთან შედარებით, ოქროს ფასი 6,36%-ით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ გლობალურ ბაზრებზე ივნისში ოქროს ფასი სტაბილური იყო და თვე თითქმის უცვლელად - ერთ უნციაზე 2 327 დოლარის ღირებულებით დახურა. მიუხედავად ერთთვიანი სტაბილურობისა, 2024 წლის დასაწყისიდან ივნისის ბოლომდე ოქროს ფასი მსოფლიო ბაზრებზე 12.8%-ით არის გაზრდილი.

ფასები იზრდება საქართველოშიც, კერძოდ, თუ დაახლოებით ერთი თვის წინ ე.წ. „ოქროს ბირჟაზე“ მაგალითად, 1 გრამი ე.წ ბაჯაღლო 958 სინჯით - მაქსიმუმ 220 ლარი ღირდა, ამ დრიოისთვის ფასები 220-დან 250 ლარამდე მერყეობს, 1 გრამი ოქრო 958 სინჯით 220 ლარი ღირს, მაშინ, როცა ივნისში 200 ლარი იყო, ხოლო 1 გრამი ე.წ. იტალიური ოქროს, 585 სინჯით, ფასი 180 ლარიდან იწყება, ნაცვლად 160 ლარისა.

ცნობისათვის, საქსტატის მონაცემებით, ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი ივნისში წლიურად 20.92%-ით, ხოლო თვიურად 2.74%-ით გაძვირდა.