ეროვნული ბანკი: მარტთან შედარებით, აპრილში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტით გაიზარდა

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2026‍ წლის აპრილის ბოლოსათვის 70.03 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 559.44 მილიონი ლარით, ანუ 0.81%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 20.03% შეადგინა. აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 179.52 მილიონი ლარით, ანუ 0.53%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები – 379.92 მილიონი ლარით, ანუ 1.06%-ით.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2026 წლის აპრილის ბოლოსათვის 53.40 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია არ შეცვლილა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.05% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 8.62%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.40%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა – 78.18%, ხოლო ევროს წილმა 19.78% შეადგინა.