„ქალებო, ადამიანური თხოვნა მაქვს, თუ საკუთარი შემოსავალი არ გაქვთ, ნუ დაოჯახდებით და, მით უმეტეს, ბავშვებს ნუ გააჩენთ!“ – რას წერს ერთ-ერთი ფეისბუკგვერდის ადმინისტრატორი

თეა ფირცხალაიშვილი

სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი ფეისბუკგვერდის ადმინისტრატორი, თეა ფირცხალაიშვილი მიმართვას ავრცელებს და გოგოების ჯგუფში გამოქვეყნებულ პოსტებზე დაყრდნობით საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს.

„ქალებო, ადამიანური თხოვნა მაქვს, თუ საკუთარი შემოსავალი არ გაქვთ, ნუ დაოჯახდებით და, მით უმეტეს, ბავშვებს ნუ გააჩენთ!

მოგეხსენებათ, 127k გოგონების ჯგუფი – ის ადმინი ვარ, ლამის ყოველი მესამე-მეოთხე ანონიმური პოსტი იმაზე მოდის, თუ როგორი სიტყვიერი, ფინანსური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალ*დობის/წნეხის ქვეშ უწევთ გოგონებს ცხოვრება, მხოლოდ იმის გამო, რომ შვილების და საკუთარი თავის სარჩენი კაპიკი არ გააჩნიათ, ამათი ცოდვით აღარ ვარ!

არიან პატარებიც და ასაკოვნებიც, რომელთა თვითშეფასებაც ნულამდეა უკვე დასული, ცხოვრებაზე ხელი აქვთ ჩაქნეული და შეგუებულები არიან ბედს.

რატომ, რის, ან ვის გამო, ერთხელ ცხოვრობთ!

ადამიანების რეალური ბუნება მაშინ ვლინდება, როცა მის დაქვემდებარებაში აღმოჩნდება ვინმე. პატარა ბავშვებიან, უმუშევარ ქალზე მეტად (რომელსაც წასასვლელი არსად აქვს) დაუცველი, გეგულებათ სადმე რამე? იდეალური საკბილოა როგორც მინიმუმ, ფინანსური ძალ*დობისათვის.

დაიმახსოვრეთ, რომ ფინიასავით ხელებში შემოჩერებული ადამიანი დაფასებული ვერასდროს იქნება (სამნაირი სადილისა და საგულდაგულოდ გაუთოებული პერანგებისთვის მადლიერებას ნუ დაელოდებით), ასეთებს ანგარიშს არ აბარებენ, არ უფრთხილდებიან, არაფრად თვლიან.

საზოგადოებაში ქალები ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ, რცხვენიათ.  იდეალურად დავარცხნილი ექაუნთების შირმის მიღმა, ისეთი დრამები იმალება, მტრისას...”