"ფული რომ არ ჰქონდა, მეუბნებოდა, ნაყინი არ გეჭმევაო..." - გულწრფელი ინტერვიუ ბარბარა სამხარაძესთან

ბარბარა

ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ წლების წინ პროექტ «ნიჭიერიდან» გაიცნო. კახელმა გოგონამ ჟიურის და მაყურებლის ყურადღება პირველივე წუთიდან მიიპყრო და მას შემდეგ პოპულარობით სარგებლობს.

14 წლის იყო როცა პროექტში მოხვდა და სწორედ იმ ასაკიდან დაიწყო დამოუკიდებლად ცხოვრება დიდ ქალაქში დასთან ერთად, რომელიც, როგორც თავად ამბობს, სიბნელეში დიდი ლამპიონით დაჰყვებოდა.

დები დღეს ერთად მართავენ ბარბარა სამხარაძის მუსიკალურ სტუდიას და ოჯახს ფინანსურადაც თავად ეხმარებიან. ორი წლის წინ ბარბარამ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა და შესანიშნავ ფორმაშია.

საკუთარ ტრანსფორმაციაზე ახალგაზრდა მომღერალი და ავტორ-შემსრულებელი «პრაიმ ტაიმს» ესაუბრა.

- ბარბარა, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?

- თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. რაც შეეხება სიახლეებს მალე გამოვა ჩემი მორიგი საავტორო სიმღერა «it’s over”, რომელიც ერთი წლის წინ დაიწერა. სიმღერის სახელწოდება არის დასრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც ეტაპი დასრულდა ჩემს ცხოვრებაში და დავბრუნდი იმ მდგომარეობაში საიდანაც აქ ჩავერთე. ვერ ვიტყვი, რომ სხვა ადამიანი გავხდი. ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როცა ხვდები რომ, უბრალოდ, წერტილი უნდა დასვა და მეც ასე მოვიქეცი.

- როგორც ვხვდები პირად გამოცდილებას უკავშირდება ამ ეტაპის დასრულება?

- კი პირადს ეხება, რადგან პირადის გარეშე არაფერი ხდება და არც იწერება. ჩემი აზრით ადამიანი სტრესში უნდა ჩავარდეს, იქიდან რომ სხვა ადამიანი გამოვიდეს. სიმღერა არის ჩემი სათქმელი, ეს არის ის გზა, რომლითაც ვამბობ რაც მინდა. ეს სიმღერა თითქოს ძალიან ნათლად გადმოსცემს იმას რაც იყო. სიმღერაში არის ასეთი ტექსტი ქართულად: ახლა ამ ყველაფერზე მეცინება, შენ ხარ დიდი ბავშვი და მე აღარ ვარ დედაშენი. გადაწელილ ემოციებს და გრძნობებს როცა სახელი არ ერქმევა უნდა დასრულდეს. მეტს ამ თემაზე ვერაფერს ვიტყვი.

- ბარბარა, როცა სცენაზე გამოჩნდით საკმაოდ ჭარბი წონა გქონდათ, რაც ბარიატრიით დაამარცხეთ, რთული იყო წონასთან ჭიდილი?

- წონის ჭიდილი ბავშვობიდან არ მაქვს. მქონდა წონა, მაგრამ არ ვეჭიდებოდი. ჩემი თავი მიღებული მქონდა ისეთი, როგორიც ვიყავი. ჩემი ცხოვრება ჩემს იმ ვიზუალს მოვარგე, რაც მქონდა მაშინ. პირველად, წონის კლება 17 წლის ასაკში ვცადე და 25 კგ დავიკელი, მაგრამ როგორც ხდება სწრაფ კლებას მოსდევს სწრაფი მატება, რაც მენტალობაზეც ურტყამს და ამიტომ უნდა გაჩერდე. ჩემი დაკვირვებით, 21 წლიდან ადამიანი ხვდება, რომ ცვლილებების დროა. სხვა საკუთარი თავის დანახვა უნდა და ამას დაემთხვა ჩემი ოპერაციაც. 22 წლის ვიყავი როცა ბარიატრია გავიკეთე და 2023 წლის პირველი დეკემბრიდან 70 კგ დავიკელი. ახლა ვეგუები იმ სხეულს რომელიც არ მახსოვს და იმ ცხოვრების სტილს, რაც ამ ყველაფერმა მოიტანა. თითოეული დაკლებული კილოგრამი სიახლეა ჩემთვის. კონცერტზე რომ სხვას ამღერებდნენ, მეგონა, ვიზუალურად დიდი რომ ვიყავი, ამის გამო არ მამღერებდნენ, ეს მეგონა ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი, მაგრამ შეიძლება ეს ასე არც იყო და მაგრამ მე ვქმნიდი დრამას.

- ბარბარა, საკმაოდ პატარა ასაკში გადმოხვედი კახეთიდან საცხოვრებლად თბილისში დამოუკიდებლად, რთული იყო დიდ ქალაქში მარტო ცხოვრების დაწყება?

- ფაქტობრივად, სოფელი «ნიჭიერის» გამო 14 წლის ასაკში დავტოვე და თბილისში წამოვედი. შეიძლება ითქვას, სანთლის შუქზე სიბნელეში გავიკვლიე გზა და ბევრჯერ "ტალახშიც" ჩავდგი ფეხი. გვერდით მედგა ჩემი და, რომელიც დიდი ლამპიონით მინათებდა გზას. ჩვენს უკან არავინ დგას, საკმაოდ მიზერულ ხელფასზე მუშაობდა და ასე ვირჩენდით თავს. მატერიალურად რთული დღეებიც გამივლია

- თუმცა, შემდეგ, შენი სტუდია გახსენი, როგორ მოახერხე საკუთარი ბიზნესის წამოწყება ნულიდან?

- პანდემიის დროს, საერთოდ არანაირი შემოსავალი არ გვქონდა. კონცერტებიც არ იყო. თავიდან აბადოკების გაკეთება დავიწყე, სულ 16 ცალი გავყიდე. მერე მივხვდი,  სჯობდა, ისეთი საქმე დამეწყო, რაც კარგად გამომდიოდა და ავიყვანე 5 მოსწავლე. ეს თანხა ჩემთვის საარსებოდ საკმარისი იყო, შემდეგ კი ნასესხები ფულით გავხსენი სტუდია. თუ არ გარისკე ადამიანმა, ვერ იცხოვრებ. ვფიქრობ ბევრმა ადამიანმა უნდა თქვას რომ მე ვიცხოვრე. მე ვცხოვრობ და ვრისკავ ყოველდღიურად. დაახლოებით 18 წლიდან, ჩემი თავის პატრონი მე თვითონ ვარ. გათამამებული გოგო არ ვყოფილვარ. დედას სულ ვეუბნები, რომ შეიძლება არ მომცე მილიონი, მაგრამ მომეცი უნარი იმის, რომ ვიშოვო მილიონი.

გაჭირვებამ და სიდუხჭირემ ცხოვრება მასწავლა. უნივერსიტეტში როცა ჩავაბარე, დედამ „ჰელოუ კიტის“ პირსახოცი მიყიდა და მაჩუქა, ამ ზაფხულს კი ბატებიანი კეპი მიყიდა, მისთვის ისევ იმ ბავშვად ვრჩები, მაგრამ ესაა ფასდაუდებელი ჩემთვის. რაღაც მომენტში, როცა ვუყურებ ჩემს ტოლებს, ვფიქრობ, ეს მეც რომ მქონოდა, რა იქნებოდათქო, მაგრამ ეს არაფერი არ არის. მე მაქვს თავისუფლება მშობლებისგან. მთელი ცხოვრება მიწევს არჩევანის გაკეთება, ამიტომ ვირჩევ იმას, რაც მჭირდება.

ბოლო 20 ლარი მქონია და კაფეში ვერ წავსულვარ ჩემს კურსელებთან ერთად. იმიტომ , რომ შესაძლოა დამირეკონ გადაღებისთვის, სადაც ტაქსით დამჭირდება წასვლა. სკოლაში ბანკეტზეც არ ვიყავი, რადგან ან მართვის მოწმობა უნდა ამეღო, ან ბანკეტზე უნდა წავსულიყავი, ორივე ერთად ვერ მექნებოდა, ამიტომ მართვის მოწმობა ავირჩიე. მახსოვს, დედა ბავშვობაში მეუბნებოდა, ნაყინი არ გეჭმევაო და არქონის ტკივილს ისე გადაფარავდა სტრესულად არ განმეცადა და მგონებოდა, რომ ნაყინი მართლა არ მეჭმებოდა. ბავშვებს ოცნებებში დისკომფორტს უქმნიან, იმიტომ რომ იმ შესაძლებლობას ვერ აძლევენ, რაც სჭირდება. ქვაზე და კიბეზე დამდგარი ბავშვი მომღერლობაზე რომ ოცნებობს, სასაცილოა, მაგრამ მე მაინც ვოცნებობდი, ხელს არ მიშლიდნენ და დღეს, სრულიად უცხო ადამიანები აკითხავენ სახლში. მობლებმა, მინიმუმ, უნდა გაამხნეონ შვილები.