„ფეხბურთელი გმირი ვერ გახდება... და გმირობა ფულში არ ხურდავდება...“ - პოსტი, რომლის გამოც დათო გორგილაძეს დაუპირისპირდნენ

devi

მწერლისა და ტელეწამყვანის - დათო გორგილაძის პოსტს, რომელიც მან ფეხბურთელის არაგმირობასა და გმირისთვის ფულის ჩარიცხვით გმირობის გაუფასურებაზე დაწერა, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ფეხბურთის ქომაგებმა მაშინვე "ხვიჩა კვარაცხელიაზე მიიღეს" ნათქვამი და დათოს გამოუდგნენ, გვაცადე კაიფი, ეს ბიჭი ისტორიას წერს და ვისაც ბურთი არ გაინტერესებთ, მარტივად გადართეთო. გორგილაძეს ახსნა-განმარტებითი პოსტის დაწერა მოუხდა: "მგონი ხალხის ნაწილი იმას ვერ მიხვდა, რომ გმირობის ფულით გაუფასურებაში, დევი მეზურნიშვილისთვის თანხის ჩარიცხვა იგულისხმებოდა და არა ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი. და, სტატუსიც ამას ეძღვნებოდა."

და აი, რას წერდა დათო პოსტში.

დათო გორგილაძე: მე თუ მკითხავთ:

გმირი ვერ გახდება ფეხბურთელი მხოლოდ იმის გამო, რომ გოლები გააქვს, კარგ პასს იძლევა და ლამაზად აგორავებს ბურთს. ამაში კი ხელფასს იღებს. ის უბრალოდ კარგი ფეხბურთელია და პლუს ამას თუ კარგი ადამიანიცაა, ღმერთმა გაუმარჯოს.

აი, გმირია ადამიანი, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვას სიცოცხლეს აჩუქებს ან შეეცდება მაინც.

კიდევ სხვა ვიღაცებიც არიან გმირები. მაგალითად მარტოხელა მშობლები, მთელი დღე ქანცგაწყვეტილები რომ არიან შრომით და შინ მიბრუნებულები შვილთან თამაშის ძალას გამონახავენ. თან ისე, რომ დაღლილობას არ აგრძნობინებენ ბავშვს.

დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი.

ნუ ავკიდებთ გმირის მძიმე იარლიყს მას, ვინც უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს ანაზღაურების სანაცვლოდ და ამას აკეთებს კარგად.

და, კიდევ ერთი: გმირობა ფულში არ ხურდავდება. მით უფრო მაშინ, როცა ადამიანს ეს არ უთხოვია. არათუ არ ხურდავდება, უფასურდება კიდეც.