1779737742
სებ - დიდი ბრიტანეთის სასანქციო სიაში მითითებული სუბიექტები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
„დიდი ბრიტანეთის მიერ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 3 კომპანიის დასანქცირების შესახებ განვმარტავთ, რომ სასანქციო სიაში მითითებული სუბიექტები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს“, - ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„სანქცირებული კომპანიები მოქმედებენ რეგისტრაციის გარეშე, შესაბამისად, არც ერთი მათგანი არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას.
ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი, ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, უნებართვო საქმიანობის იდენტიფიცირების შემთხვევაში მჭიდროდ თანამშრომლობს სამართალდამცავ სტრუქტურებთან. ამ შემთხვევაშიც, რეგისტრაციის გარეშე მოქმედი სუბიექტების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთანავე, სებ-მა კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2025 წლის სექტემბერში მიაწოდა ინფორმაცია სამართალდამცავ სტრუქტურებს და განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება და ზოგიერთ შემთხვევაში დამდგარია შესაბამისი პასუხისმგებლობაც.
საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია FATF-ის სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება, რომლის თანახმადაც, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით საქართველოს რეიტინგი შეადგენს ‘largely compliant”-ს. აღნიშნულ რეკომენდაციასთან მიმართებით ანალოგიური შეფასება აქვს მაგალითად, დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს“, - ნათქვამია განცხადებაში.











