1732640576
თბილისში კიდევ ერთი ავარიული კორპუსი ჩანაცვლდება, რომელიც დავით გამრეკელის ქუჩაზე მდებარეობს
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, მესამე პროექტი საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩაზე განხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო შესყიდვა უკვე განხორციელდა და შპს „ჯორჯიანჰაუსია“ გამარჯვებული კომპანია.
„მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა. ველოდებით საბოლოო პროექტს. შემდეგ ნებართვა გაიცემა. დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება აღნიშნული პროექტის დასრულებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ფოტომასალა წარუდგინა, თუ რა მდგომარეობაშია საცხოვრებელი კორპუსი ამჟამად.
„პროექტის ფარგლებში, მესამე ხარისხის ავარიულობის მქონე ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიშლება. აღნიშნულ მისამართზე 17 ოჯახი ცხოვრობს. მათ ახალი, გარემონტებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ. სამწუხაროდ, დედაქალაქში ბევრი ასეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს. ამ პროექტით, მათ ჩანაცვლებას შევძლებთ, თუმცა, აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა. არის შემთხვევები, ჩაშლილა მოლაპარაკებები, რადგან იმაზე მეტ ფართს ითხოვენ, ვიდრე მათ აქვთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.